Forbes/Getty Images
ამერიკულმა Forbes-მა 2025 წლის 20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის სია გამოაქვეყნა. რეიტინგში შემავალი მსახიობების საერთო შემოსავალი დაახლოებით 590 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის 730 მილიონ აშშ დოლართან შედარებით დაახლოებით 20%-ით ნაკლებია.
გამოცემა შემოსავლების კლების მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, მათ შორის კონივარსკვლავების მონაწილეობით გადაღებული ფილმების რაოდენობის შემცირებას. Forbes-ის დაკვირვებით, ჰოლივუდში ბოლო წლებში მზარდი დისკუსიაა იმაზე, კარგავს თუ არა კინოვარსკვლავის სტატუსი იმ გავლენას, რომელიც ადრე ჰქონდა. ინდუსტრიის წარმომადგენლები საუბრობენ რამდენიმე ტენდენციაზე: სტუდიების კონსოლიდაცია, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება, კინოთეატრებში ბილეთების გაყიდვების შემცირება და კონკურენცია სხვა სფეროების ვარსკვლავებთან – მუსიკოსებთან, სპორტსმენებთან, კრეატორებთან და პოდკასტერებთან, რომლებიც ხშირად მათზე უფრო დიდ შემოსავალსაც კი იღებენ. თუმცა, ამის მიუხედავადაც, მსახიობების მიერ ყოველწლიურად გამომუშავებული თანხა მაინც შთამბეჭდავია.

2025 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ადამ სენდლერია, რომელმაც აგენტისა და მენეჯერის საკომისიოების გადახდის შემდეგ დაახლოებით 48 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ დიდი თანხაა, ის მაინც ბევრად ჩამოუვარდება გასული წლის რეიტინგის ლიდერის, დუეინ ჯონსონის, მიერ მიღებულ შემოსავალს, რომელიც 88 მილიონ დოლარს აღწევდა.
როგორც Forbes-ი შენიშნავს, ანაზღაურების ზრდა შესაძლოა აღარ იყოს ისეთი სწრაფი, როგორც ადრე, თუმცა ჰოლივუდის სტუდიები კვლავაც მზად არიან გადაიხადონ რვაციფრიანი ჰონორარები იმ მსახიობებისთვის, რომლებიც პროექტის მიმართ ინტერესს ზრდიან და მას კომერციულ პოტენციალს მატებენ. მაგალითად, გასულ წელს Universal-მა სკარლეტ იოჰანსონი „Jurassic“-ის ფრენჩაიზის ახალ ნაწილში მიიწვია და 43 მილიონი დოლარის ჰონორარი შესთავაზა, ხოლო Apple-მა ბრედ პიტი ფილმში „F1“ ჩართო და ამისთვის 41 მილიონი დოლარის ჰონორარი გაიღო. ორივე პროექტი წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან 10 ფილმს შორის აღმოჩნდა.

გამოცემის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ლეონარდო დიკაპრიოსთვის ფილმი „One Battle After Another“ ბოლო თითქმის 15 წლის განმავლობაში ყველაზე სუსტი შედეგის მქონე პროექტი იყო, რთული წარმოსადგენია, რომ ეს ფილმი 210 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებდა მისი მონაწილეობის გარეშე. ამით Forbes-ს სურს ხაზი გაუსვას იმას, რომ კინოვარსკვლავების გავლენა პროექტების წარმატებაზე ჯერ კიდევ დიდია.
მსახიობებისთვის ფინანსური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი წყარო დღეს სტრიმინგ-პლატფორმებია. ასეთ სერვისებზე კონტრაქტები ხშირად ფიქსირებულ ჰონორარს და მომავალი მოგების წილის ერთჯერად გამოსყიდვას მოიცავს. ამ მხრივ ყველაზე წარმატებული კვლავ ადამ სენდლერია, რომლის მრავალწლიანი კონტრაქტი Netflix-თან ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ შეთანხმებად მიიჩნევა.

სტრიმინგის კუთხით წარმატებული პროექტები ჰქონდათ სხვა ვარსკვლავებსაც: დენზელ ვაშინგტონმა (38 მილიონი აშშ დოლარი) და დენიელ კრეიგმა (27 მილიონი აშშ დოლარი) მსხვილი კონტრაქტები მიიღეს, ხოლო მარკ უოლბერგი (44 მილიონი აშშ დოლარი) გახდა „სტრიმინგის ეპოქის“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი, Amazon-ისა და Apple-ის პროექტებში მონაწილეობის შემდეგ.
ახალი თაობიდან ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაში გამორჩეული ადგილი უკავია მილი ბობი ბრაუნს. 22 წლის მსახიობი რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა წევრია და ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავია, რომლის კარიერა თითქმის მთლიანად სტრიმინგზე, განსაკუთრებით Netflix-ის მეშვეობით, ჩამოყალიბდა.

„ოსკარის“ წლევანდელი ფავორიტები, ტიმოთი შალამე და მაიკლ ბ. ჯორდანი, Forbes-ის 2025 წლის სიაში ვერ მოხვდნენ, თუმცა მათ მომდევნო პროექტებში დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარის ჰონორარები ელოდებათ. დიდი ალბათობით, მომავალ წელს მათ შეუერთდება ზენდეიაც, რომელსაც 2026 წლისთვის ოთხი ფილმი და HBO-ის სერიალი „Euphoria“ აქვს დაგეგმილი.
2025 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები:
ადამ სენდლერი — 48 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 60 მილიონი დოლარი)
ტომ კრუზი — 46 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 54 მილიონი დოლარი)
მარკ უოლბერგი — 44 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 58 მილიონი დოლარი)
სკარლეტ იოჰანსონი — 43 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 50 მილიონი დოლარი)
ბრედ პიტი — 41 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 54 მილიონი დოლარი)
დენზელ ვაშინგტონი — 38 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 42 მილიონი დოლარი)
ჯეკ ბლექი — 28 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 33 მილიონი დოლარი)
ჯეისონ მომოა — 28 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 33 მილიონი დოლარი)
დენიელ კრეიგი — 27 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 32 მილიონი დოლარი)
მილი ბობი ბრაუნი — 26 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 35 მილიონი დოლარი)
ჯონ სინა — 26 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 35 მილიონი დოლარი)
რიზ უიზერსპუნი — 26 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 34 მილიონი დოლარი)
ჯორჯ კლუნი — 25 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 30 მილიონი დოლარი)
ლეონარდო დიკაპრიო — 25 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 29 მილიონი დოლარი)
რობ მაკელჰენი — 23 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 30 მილიონი დოლარი)
კრის პრატი — 22 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 29 მილიონი დოლარი)
ტომ ჰარდი — 21 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 28 მილიონი დოლარი)
ჯენიფერ ენისტონი — 20 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 26 მილიონი დოლარი)
კამერონ დიასი — 20 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 23 მილიონი დოლარი)
ჯეისონ ბეიტმანი — 19 მილიონი დოლარი (გადასახადებამდე: 25 მილიონი დოლარი)
გამოცემის განცხადებით, შეფასებები გამოთვლილია აგენტებთან, იურისტებთან, მენეჯერებთან, აღმასრულებლებთან და ინდუსტრიის ექსპერტებთან გასაუბრებებზე, ასევე მონაცემთა წყაროებზე დაყრდნობით, როგორიცაა IMDBPro და Box Office Mojo.
Forbes-ის განმარტებით, ციფრები ასახავს 2025 კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავალს, რომლისთვისაც გამოკლებულია წარმომადგენლობითი საკომისიოები – ინდუსტრიის სტანდარტის მიხედვით: დაახლოებით 10% აგენტისთვის, 10% მენეჯერისთვის და 5% იურისტისთვის (თუმცა ყველა მსახიობს სამივე წარმომადგენელი არ ჰყავს).
მსახიობებს შემოსავალი ჩაეთვალათ იმ წელს, როდესაც პროექტი გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში წინასწარი ჰონორარი ხშირად ფილმის გადაღების დროს ანაზღაურდება, რაც შესაძლოა რამდენიმე წლით ადრე მომხდარიყო, ხოლო მოგებაში მონაწილეობიდან მიღებული თანხა ან მისი გამოსყიდვა ზოგჯერ რამდენიმე წლის შემდეგ ხდება.














