სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში თითქმის 104.6 მილიარდ ლარს გაუტოლდა. როგორც საქსტატი აღნიშნავს, ეს 2024 წლის მაჩვენებელს 12.4%-ით აღემატება.
ანგარიშის თანახმად, ამავე პერიოდში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ, წინა წელთან შედარებით 7.5% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება კი 2025 წელს 4.6%-ით განისაზღვრა.
დარგებიდან ყველაზე დიდი, 14.8%-იანი წილით საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი გამოირჩევა. მას მოსდევს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 9.3%-იანი წილით, შემდგომ კი მოდის დამამუშავებელი მრეწველობა, რომლის წილი 9.1%-ს უტოლდება. რაც შეეხება სხვა დარგებს, მათ შორისაა ინფორმაცია და კომუნიკაცია (8%), მშენებლობა (8%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.7%), განათლება (6.4%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1%), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (5.9%).
დიდი ზრდა აღინიშნა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.7%), განათლება (24.5%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (9.3%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (12.9%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (3.8%), ტრანსპორტი და დასაწყობება (8.9%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (5.0%).
შესამჩნევი კლება კი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-5.7%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-4.5%).











