სს „ნიკორა“ განვითარებას ახალი ვიზუალური იდენტობითა და სახელით – „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი“ (NMG) – განაგრძობს. ჯგუფი, რომელსაც 27 წლის წინ, ხორცპროდუქტების კომპანიით ჩაეყარა საფუძველი, დღეს 1.3 მილიარდ ლარად არის შეფასებული და წარმოებას, საცალო ვაჭრობას, ლოგისტიკასა და აგრობიზნესს ერთ სტრატეგიულ არქიტექტურაში აერთიანებს. განვითარების ამ ეტაპს სიმბოლურად დაემთხვა შპს „ნიკორას“ ახალი საწარმოს გახსნა, რომელშიც 45 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. რებრენდინგის სტრატეგიულ ლოგიკასა და სამომავლო გეგმებზე NMG-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, დავით ურუშაძე გვესაუბრა.
ავტორი: იზა გვარამაძე
დავიწყოთ რებრენდინგით – ცოტა ხნის წინ სააქციო საზოგადოება „ნიკორამ“ სახელი შეიცვალა და „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფად“ (NMG) იქცა. რას გამოხატავს ეს ცვლილება და რა სტრატეგიული აზრი დევს რებრენდინგის უკან?
სს „ნიკორას“ „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფად“ (NMG) გარდაქმნა მხოლოდ სახელის ცვლილება არ არის – ეს კომპანიის განვითარების ლოგიკური ეტაპი და მისი მმართველობითი როლის მკაფიო დეკლარაციაა.
„ნიკორა“ 27 წლის წინ ჩამოყალიბდა როგორც ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია და წლების განმავლობაში მისი სახელი და ვიზუალური იდენტობა სწორედ ამ საქმიანობასთან ასოცირდებოდა. ბიზნესის ზრდამ და გაფართოებამ საჭირო გახადა ერთიანი, კორპორაციული მართვის მოდელზე დაფუძნებული სტრუქტურის შექმნა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოების ფორმატში მოქმედი მმართველი კომპანია – სს „ნიკორა“, რომლის ქოლგის ქვეშ დღეისთვის გაერთიანებულია ხორცპროდუქტების (შპს „ნიკორა“ და შპს „კორიდა“), თევზისა და ზღვის პროდუქტების (შპს „ოკეანე“), რძის პროდუქტებისა და ნაყინის (შპს „ჩვენი ფერმერი“), საკონდიტრო და პურპროდუქტების (შპს „მზარეული 1“) მწარმოებელი კომპანიები, ასევე საკალმახე მეურნეობა (შპს „ვაკიჯვრის კალმახი“), ვენახები (შპს „ნაფარეულის ძველი მარანი“), ნედლეულისა და მზა პროდუქტების იმპორტიორი (შპს „მულტიტრეიდი“ და შპს „ინტრეიდი“), სადისტრიბუციო-ლოგისტიკური (შპს „პარტნიორი“), უძრავი ქონების მართვის (შპს „ნიკორა ბაკურიანი“, შპს „რეფ ელი“, შპს „რეფ ბი“) კომპანიები და, რასაკვირველია, სუპერმარკეტების ქსელი (სს „ნიკორა ტრეიდი“).
მიუხედავად იმისა, რომ სს „ნიკორა“ შინაარსობრივად უკვე სტრატეგიული მართვის, განვითარებისა და კოორდინაციის პლატფორმას წარმოადგენდა, იგი კვლავ ფუნქციონირებდა იმავე სახელითა და ვიზუალური იდენტობით, რომელიც საზოგადოებრივ აღქმაში ერთ კონკრეტულ საქმიანობას – ხორცპროდუქტების წარმოებას ან საცალო ქსელს – უკავშირდებოდა. რებრენდინგის მიზანი სწორედ ამ გამოწვევის გადაწყვეტაა – ფუნქციების მკაფიო გამიჯვნა და სწორი დეფინიციების ჩამოყალიბება.
როგორია რებრენდინგის შემდეგ NMG-ის ძირითადი მისია და ღირებულებები, რომლებიც მის საინვესტიციო და მენეჯმენტის კუთხით გადაწყვეტილებებს განსაზღვრავს?
რებრენდინგის შემდეგ NMG-ის მისია მკაფიოდ ასახავს მის ახალ როლს, ვიყოთ მმართველობითი, საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც ქმნის ღია, სანდო და გრძელვადიან პარტნიორობაზე დაფუძნებულ ბიზნესგარემოს.
ჩვენი მთავარი მიზანია ისეთი ეკოსისტემის განვითარება, სადაც ჯგუფის წევრი კომპანიები იღებენ არა მხოლოდ ფინანსურ რესურსს, არამედ სტრატეგიულ ხედვას, მართვის თანამედროვე სტანდარტებს და განვითარების რეალურ შესაძლებლობებს. NMG ეფუძნება პასუხისმგებლობიან მართვას და თითოეული ბიზნესის გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობას.
ამ მიდგომას განსაზღვრავს ჩვენი ძირითადი ღირებულებები: გამჭვირვალობა, სანდოობა, ზრუნვა, სტაბილურობა, პარტნიორული აზროვნება. გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა მოკლევადიანი შედეგების, არამედ სტაბილური განვითარების, ეკონომიკური, პარტნიორული, საზოგადოებრივი ღირებულებების შექმნის ლოგიკით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური წარმატება თანხვდენილი იყოს სოციალური პასუხისმგებლობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასთან.
სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით, NMG აყალიბებს გარემოს, რომელიც ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს, ქმნის დამატებით ღირებულებებს არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც.

როგორ მართავს NMG საინვესტიციო პორტფელს ისე, რომ თითოეულმა მიმართულებამ შეინარჩუნოს საკუთარი იდენტობა, თუმცა ერთი სტრატეგიის ფარგლებში იმოქმედოს?
NMG მრავალი კომპანიისგან შემდგარ პორტფელს მართავს „სტრატეგიული ჰოლდინგის“ პრინციპით, სადაც თითოეულ კომპანიას აქვს საკუთარი დამოუკიდებელი სტრატეგია, პოზიციონირება და ოპერაციული პასუხისმგებლობა, ხოლო ჯგუფის როლი ამ სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება და ერთიან ჩარჩოში მოქცევაა.
NMG არ ცვლის და არ ანაცვლებს შვილობილი კომპანიების ინდივიდუალურ იდენტობას. პირიქით, მისი მიზანია ამ იდენტობის გაძლიერება მათივე კომპეტენციების ფარგლებში. მმართველობით დონეზე ჯგუფი უზრუნველყოფს საერთო ხედვას, სტრატეგიულ კოორდინაციასა და რესურსების ეფექტიან განაწილებას, რათა სხვადასხვა მიმართულებამ ერთიანი გუნდის ფარგლებში მაქსიმალური ბიზნესსინერგია შექმნას.
ამ მიდგომის შედეგად, კომპანიები ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას საკუთარ ბაზრებზე, პროდუქტებსა და მომხმარებელთან კომუნიკაციაში, ხოლო ამავე დროს ინტეგრირდებიან საერთო მიწოდების ჯაჭვში, მართვის სტანდარტებსა და განვითარების ლოგიკაში. სწორედ ეს ბალანსი ავტონომიასა და ინტეგრაციას შორის აძლევს NMG-ს საშუალებას, ეფექტიანად მართოს მრავალფეროვანი პორტფელი და უზრუნველყოს ჯგუფის სტაბილური და გრძელვადიანი ზრდა.
ბოლო წლებში აქტიურად უშვებდით ობლიგაციებს, მათ შორის აღსანიშნავია 2025 წელს „ნიკორა ტრეიდის“ ჯამურად 120 მილიონი ლარის ემისია. რა კრიტერიუმებით იღებს NMG საინვესტიციო გადაწყვეტილებებს? რას ენიჭება განსაკუთრებული უპირატესობა ამ კუთხით?
NMG-ის საინვესტიციო გადაწყვეტილებები ეფუძნება გრძელვადიანი ღირებულებების შექმნის პრინციპს, სადაც პრიორიტეტი ენიჭება ინოვაციას, ოპერაციულ ეფექტიანობასა და მდგრად განვითარებას.
ჯგუფში შემავალი კომპანიები დინამიკურად იზრდება, რის გამოც ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სასაწყობე, საწარმოო და ლოგისტიკური სიმძლავრეების გაფართოებაზე, ასევე მათი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვაზე.
NMG ინვესტიციებს აფასებს არა მოკლევადიანი შედეგების, არამედ სტაბილური ზრდის, ტექნოლოგიური პროგრესისა და მდგრადი განვითარების პერსპექტივიდან, რათა თითოეული გადაწყვეტილება ემსახურებოდეს როგორც ჯგუფის წევრი კომპანიების გაძლიერებას, ისე საერთო ეკონომიკური ღირებულებების შექმნას.

როგორ აერთიანებს NMG საცალო ვაჭრობას, წარმოებასა და ლოგისტიკას ერთ სტრატეგიულ არქიტექტურაში? როგორ ფიქრობთ, რატომ არის ეს მიდგომა მნიშვნელოვანი თანამედროვე ბაზარზე?
NMG საცალო ვაჭრობას, წარმოებასა და ლოგისტიკას ერთიან სტრატეგიულ არქიტექტურაში ინტეგრირებული მიწოდების ჯაჭვის პრინციპით აერთიანებს. თანამედროვე ბაზარი უკიდურესად დინამიკურია და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება უკვე შეუძლებელია ფრაგმენტული ან იზოლირებული ბიზნესმოდელებით. საჭირო ხდება პროცესების სიღრმისეული კოორდინაცია და სისტემური მართვა.
ჯგუფში შემავალი კომპანიები ქმნიან სრულ ციკლს, რომელიც იწყება ნედლეულის წარმოებით და სრულდება მზა პროდუქციის საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდებით. ამ ჯაჭვის ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა კომპანიებს შორის ინტენსიური თანამშრომლობა, საქონლისა და ინფორმაციის სწრაფი და ზუსტი მიმოცვლა.
სწორედ ასეთი ინტეგრირებული არქიტექტურა წარმოადგენს NMG-ის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტულ უპირატესობას. იგი ზრდის ოპერაციულ მოქნილობას, ამცირებს ხარჯებსა და რისკებს, აჩქარებს ბაზარზე რეაგირებას და საშუალებას გვაძლევს მომხმარებლის საჭიროებებს უფრო ეფექტიანად ვუპასუხოთ.
როგორ დაახასიათებთ NMG-ს კომპანიების ჯგუფის მიღმა? რა განასხვავებს მას ტრადიციული ჰოლდინგური მოდელისგან?
კომპანიების ჯგუფის მიღმა NMG პოზიციონირებულია არა როგორც ფორმალური ჯგუფი, არამედ როგორც აქტიური მმართველობითი და სტრატეგიული პლატფორმა. იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ საკუთრების ფლობით, არამედ მონაწილეობს ბიზნესების გრძელვადიანი ხედვის ფორმირებაში, მართვის სტანდარტების განვითარებასა და ზრდის სისტემურ დაგეგმვაში.
სწორედ ეს განსხვავება განსაზღვრავს NMG-ის იდენტობას ბაზარზე: ის კომპანიებისთვის პარტნიორია და არა მხოლოდ მფლობელი, მაკონტროლებელი. ასეთი მოდელი ზრდის ბიზნესების მდგრადობას, აჩქარებს მათ განვითარებას და ქმნის უპირატესობას, რაც NMG-ის თანამედროვე, მოქნილ და პროგრესულ მმართველობით პლატფორმად აქცევს.
უკვე ვახსენეთ ობლიგაციების გამოშვება, რის შედეგად მოზიდული ფინანსური რესურსის ნაწილი შპს „ნიკორას“ ხორცპროდუქტების წარმოების მიმართულებით ახალი ქარხნის გახსნისთვის იყო გამიზნული. რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა ახალ საწარმოში? როგორია მისი ტექნოლოგიური უპირატესობები და როგორ აისახება ეს პროდუქტის ხარისხზე, ასევე წარმოების მასშტაბსა და სტაბილურობაზე?
ახალი ხორცპროდუქტების საწარმოს ინფრასტრუქტურაში 45 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. ის შპს „ნიკორასთვის“ წარმოადგენს არა მხოლოდ სიმძლავრის ზრდას, არამედ ტექნოლოგიურ ნახტომს, ახალ ეტაპს, რომელიც პირდაპირ აისახება როგორც პროდუქტის მრავალფეროვნებაზე, ისე წარმოების სტაბილურობასა და მასშტაბზე.
თანამედროვე საწარმოო ინფრასტრუქტურა გვაძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად გავაფართოოთ ხორცპროდუქტების ასორტიმენტი, პარალელურად კი გავზარდოთ წარმადობა და ფოკუსი გადავიტანოთ ახალი პროდუქტების განვითარებაზე. ეს ნიშნავს უფრო მოქნილ წარმოებას, სწრაფ რეაგირებას ბაზრის მოთხოვნებზე და სტაბილურ მიწოდებას.
ტექნოლოგიური უპირატესობების მთავარი საფუძველი არის უახლესი დანადგარების ინტეგრაცია ციფრულ მართვის სისტემებთან. საწარმო სრულად აღჭურვილია RFID- და SAP-სისტემებით, რაც უზრუნველყოფს ნედლეულის, წარმოების თითოეული ეტაპისა და მზა პროდუქციის სრულ კონტროლს რეალურ დროში. შედეგად, ხარისხის კონტროლი გადადის პრევენციულ და პროგნოზირებად რეჟიმში, მცირდება ადამიანური შეცდომის რისკი და იზრდება პროცესების გამჭვირვალობა.
ამგვარი ტექნოლოგიური არქიტექტურა ქმნის წარმოების მაღალ სტაბილურობას, უზრუნველყოფს პროდუქციის უცვლელ ხარისხს დიდი მოცულობის პირობებშიც და აძლიერებს შპს „ნიკორას“ შესაძლებლობას, კონკურენტული უპირატესობით უპასუხოს ბაზრის მოთხოვნებს.

როგორ აფასებთ ახალი საწარმოს პოტეციალს შპს „ნიკორასთვის“ და მთლიანად ჯგუფისთვის გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობის მოპოვების კუთხით? ამასთან, როგორც ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, 2025 წელს, 120 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების გამოშვებით ფინანსური რესურსის მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ორი ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაცაა.
ახალი საწარმო არის სტრატეგიული აქტივი, რომელიც გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობის საფუძველია. ჩვენი მიდგომა ცალსახაა, მდგრადი განვითარება შეუძლებელია ძლიერი ინფრასტრუქტურული ბაზის გარეშე, სწორედ ამიტომ ინფრასტრუქტურაში ინვესტირება წარმოადგენს NMG-ის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.
ახალი საწარმო ამ სტრატეგიის ლოგიკური გაგრძელებაა. იგი არა მხოლოდ ზრდის წარმოების მასშტაბსა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, არამედ ქმნის სტაბილურობის, პროგნოზირებისა და ხარისხის მაღალ სტანდარტს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონკურენტულ გარემოში.
პარალელურად, ჯგუფი ახორციელებს რამდენიმე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რაც მომავალში საგრძნობლად გააძლიერებს შვილობილი კომპანიების პოზიციებს. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საწარმოო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც გახდება არა მხოლოდ ჯგუფის განვითარების მყარი საყრდენი, არამედ „სავიზიტო ბარათი”, მაგალითი ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და თანამედროვე მართვის.
დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მიღმა NMG-სთვის იხსნება ახალი შესაძლებლობები. ინფრასტრუქტურული განახლება ქმნის საფუძველს უფრო მოქნილი, სტაბილური და ინტეგრირებული ბიზნესპროცესებისთვის, რაც ჯგუფს საშუალებას აძლევს, სწრაფად მოერგოს ბაზრის ცვლილებებს და ეფექტიანად მართოს მზარდი პორტფელი.
მათ შორის, ახალი საწარმო უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას, პროცესების უკეთ კოორდინაციას და ასორტიმენტის გაფართოების რეალურ შესაძლებლობას.
საბოლოოდ, ეს პროექტი აძლიერებს NMG-ის უნარს, შექმნას სისტემური ღირებულება: ეფექტიანობა, რომელიც აისახება არა მხოლოდ ოპერაციულ მაჩვენებლებში, არამედ მომხმარებლის ყოველდღიურ გამოცდილებაში. სწორედ ეს გარდაქმნის ინფრასტრუქტურულ ინვესტიციას გრძელვადიან კონკურენტულ უპირატესობად მთელი ჯგუფისთვის.

დაბოლოს, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ NMG-სგან მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში?
მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში NMG-სგან უნდა ველოდოთ უწყვეტ განვითარებას, ტექნოლოგიურ პროგრესსა და როგორც ეკონომიკური, ისე სამომხმარებლო და საზოგადოებრივი ღირებულებების ზრდას. ჩვენი სტრატეგია ეფუძნება მუდმივ ინოვაციას წარმოების, მართვისა და ლოგისტიკის მიმართულებით, რათა მაქსიმალურად ვუპასუხოთ მომხმარებლის საჭიროებებს არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც.
ჯგუფი პერმანენტულად მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, პროცესების გაუმჯობესებასა და ახალი პროდუქტების განვითარებაზე. ამ ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქმნიან მყარ საფუძველს გრძელვადიანი ზრდისა და სტაბილურობისთვის.
შედეგად, NMG განაგრძობს განვითარებას როგორც მოქნილი, პროგრესული ჯგუფი. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ წინ ბევრი სიახლეა, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელშესახები როგორც ბაზრისთვის, ისე საზოგადოებისთვის.
S











