ლოგისტიკის სექტორში ორი ათწლეულის განმავლობაში „გიანთი ლოჯისტიკსი“ ერთ-ერთ გამორჩეულ კომპანიად ჩამოყალიბდა. მცირე გუნდით დაწყებული ბიზნესი, დღეს მრავალპროფილური კომპანიაა, რომელიც როგორც სტანდარტული, ისე რთული და არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით პროექტებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონული მასშტაბით ახორციელებს. მისი თანადამფუძნებელი დავით ტუღუში იმ გზაზე გვიყვება, რომელმაც „გიანთი“ ლოგისტიკის სექტორში ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ აქცია – პირველი თამამი ნაბიჯებით დაწყებული, იმ გამოწვევებითა და გამოცდილებით დამთავრებული, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა.
ავტორი: იზა გვარამაძე
როგორ დაიწყო „გიანთი ლოჯისტიკსის“ ისტორია და რა გამოწვევების გადალახვა მოგიწიათ საწყის ეტაპზე? დღეს რომ თავიდან იწყებდეთ, რას გააკეთებდით სხვანაირად?
დღეს უკვე ჩამოყალიბებული და წარმატებული კომპანიის პოზიციიდან ვსაუბრობ და ბუნებრივია, წლების განმავლობაში ბევრ საკითხზე ჩემი ხედვაც შეიცვალა. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ „გიანთის“ შექმნა იმდროინდელ რეალობაში იმდენად თამამი გამოწვევა იყო, რომ ამას მხოლოდ თავზეხელაღებული და მეოცნებე დათო და გოგი შეძლებდნენ [იცინის]. მაშინ ლამის პატარა ბიჭები ვიყავით, არც ვფიქრობდით იმ სირთულეებზე, რაც წინ გველოდა. უბრალოდ გვჯეროდა, რომ შეგვეძლო გაგვეკეთებინა.
ალბათ სწორედ ამ დამოკიდებულებამ განაპირობა ის გზაც, რომელიც კომპანიამ გაიარა. ამიტომ დღეს უკან რომ გავიხედო, ვერ ვიტყვი, რომ რაიმეს შეცვლას შევძლებდი. ეს იყო გზა, რომელიც უნდა გაგვევლო, აქამდე რომ მოვსულიყავით.
კონკრეტული მიზანი გვქონდა დასახული: უცხოური ლოგისტიკური კომპანიების ტექნიკა და მომსახურება ქართული კომპანიის რესურსებით უნდა ჩანაცვლებულიყო. იმ წლებში მნიშვნელოვან პროექტებზე, ძირითადად, უცხოელი გადამზიდავები მუშაობდნენ და არსებობდა წარმოდგენა, რომ ადგილობრივ კომპანიებს ასეთი მასშტაბის ამოცანების შესრულება არ შეეძლოთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს წარმოდგენა შეგვეცვალა. ჩვენ თავიდანვე რთულ პროექტებს მოვკიდეთ ხელი. ეს გადაწყვეტილება გარდამტეხი აღმოჩნდა კომპანიის განვითარებისთვის.
სწორედ ამ პროექტებმა დაგვიგროვა ის გამოცდილება და რეპუტაცია, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, ეტაპობრივად გაგვეფართოებინა ოპერაციული არეალი, გაგვეზარდა გუნდი და ჩამოგვეყალიბებინა სრულფასოვანი, რეგიონულ დონეზე კონკურენტუნარიანი ქართული ლოგისტიკური კომპანია.
როგორც აღნიშნეთ, „გიანთის“ დაფუძნება საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება იყო. რა დაგეხმარათ ყველაზე მეტად წარმატების მიღწევაში?
მე და გოგი იდუკაშვილი ყოველთვის კარგი ტანდემი ვიყავით. ლოგისტიკის სფეროში თითქმის ყველა რგოლის ფუნქცია თავად გვაქვს გავლილი და კარგად გვესმის, როგორ მუშაობს ეს სისტემა.
ჩვენი წარმატების საიდუმლო კი ალბათ ჩვენი ხასიათიც იყო, ერთმანეთს ვაბალანსებდით, ვიყავით აზარტულები, რისკიანები.
დღეს იმავე ინტენსივობით აღარ, თუმცა კვლავ აქტიურად ვართ ჩართული პროცესებში. ხშირად ვიმყოფებით პორტში, ვამოწმებთ ინჟინრების მიერ მომზადებულ ნახაზებსა და მოდულაციებს, ვმონაწილეობთ რთული შემთხვევების გადაწყვეტაში და მუდმივად ვაკვირდებით იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენს სექტორში არსებობს.
სწორედ ამ პრაქტიკული გამოცდილების წყალობით ვიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს და ოპერატიულად ვრეაგირებთ პრობლემებზე. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც დღემდე გვეხმარება განვითარებაში.
რას ნიშნავს „გიანთი“ კომპანიის სახელწოდებაში?
სახელი „გიანთი“ ბევრისთვის „გიგანტურთან“ ასოცირდება, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რა მასშტაბის პროექტებსაც ვახორციელებთ. თუმცა, სინამდვილეში, ჩვენი სახელის მიღმა ჩვენი გარდაცვლილი მეგობრის, გიორგი ანთიძის ისტორია დგას, რომლის სახელის ინიციალებსაც დღემდე ატარებს ჩვენი კომპანია. და ვინც ამ სახელის რეალური ისტორია იცის, ის წარმოთქვამს ჩვენს სახელს სწორად.
რას სთავაზობთ დღეს ბაზარს? რას მოიცავს „გიანთის“ ძირითადი სერვისები?
დღეს „გიანთი ლოჯისტიკსი“ წარმოადგენს მრავალპროფილურ ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც აერთიანებს ყველა იმ მიმართულებას, რაც ტვირთის გადაადგილებას უკავშირდება, დაწყებული სტანდარტული და არაგაბარიტული გადაზიდვებით, დასრულებული სასაწყობე, ტერმინალისა და საბროკერო მომსახურებით.
მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ყველა პროცესი იმართება ერთიანი გუნდით, რაც ზრდის სისწრაფეს, მოქნილობას და ამცირებს ოპერაციულ რისკებს.
შედეგად, „გიანთი“ არ არის უბრალოდ გადამზიდავი კომპანია. ეს არის სრული ლოგისტიკური სისტემა, რომელიც მართავს პროცესს საწყისი წერტილიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.

რა გამოარჩევს „გიანთი ლოჯისტიკსს“ სხვა კომპანიებისგან?
ამაზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი: ეს არის ჩვენი მუშაობის სტილი – საქმისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება, დისციპლინა, პროცესების ეფექტიანი მართვა, მაღალი კომპეტენცია და გარკვეულწილად რისკებისთვის მზადყოფნაც.
ლოგისტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი – პროცესების სწორად ორგანიზების უნარია. ჩვენი მთავარი პრინციპი ის არის, რომ მომხმარებელმა ლოგისტიკასთან დაკავშირებული ყველა მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოს.
ამასთან, მნიშვნელოვანი უპირატესობაა ჩვენი ტექნიკური რესურსი: ფოთის ტერმინალი, სასაწყობო ინფრასტრუქტურა თბილისში, „გიანთი ლოჯისტიკსის“ მრავალპროფილური ავტოპარკი და წარმომადგენლობითი ოფისები ქვეყნის გარეთ. საქმის უმეტეს ნაწილს საკუთარი ადამიანური რესურსებით ვაკეთებთ, მათ შორის ისეთ საპასუხისმგებლო პროცესებს, როგორიცაა: გაანგარიშებები, გზის გამტარუნარიანობის შესწავლა, საინჟინრო ნახაზების მომზადება, ტვირთის მაკეტის შექმნა და სატესტო გადაზიდვის განხორციელება. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, ყველა ტიპის ტრანსპორტირება ერთნაირად ეფექტიანად ვმართოთ.
უკვე ორი ათწლეულია, ამ ინდუსტრიაში ვართ. დღეს პროექტებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც ვახორციელებთ და ხშირად სხვა ქვეყნებიც მოგვმართავენ დახმარებისთვის.
რა არის თქვენი სუსტი მხარე, რომელიც დროთა განმავლობაში ძლიერ მხარედ აქციეთ? ასევე, როგორ რეაგირებთ წარუმატებლობაზე?
ალბათ საუბარი [იცინის]. წლების წინ, როდესაც ოპერაციულ პროცესებში ბევრად უფრო აქტიურად ვიყავი ჩართული, ნაკლებს ვსაუბრობდი. დღეს უფრო მეტად ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებს და ვცდილობ, კონკრეტული მაგალითებით დავეხმარო მათ გადაწყვეტილებების მიღებაში.
რაც შეეხება წარუმატებლობას – რთულად, თუმცა ვცდილობ, ეს გამოცდილება როგორც გაკვეთილი, ისე მივიღო. ამასთან, ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად გადავერთო ახალ მიზნებსა და პროექტებზე და მინიმალურად დავხარჯო დრო ამაზე ფიქრში.
როგორ უმკლავდებით კომპანიაში წამოჭრილ პრობლემებს? უფრო ხშირად რა სახის გამოწვევებთან გიწევთ გამკლავება?
ძირითადად იუმორით ვცდილობ სიტუაციის განმუხტვას. კრიზისულ მომენტებში მნიშვნელოვანია შოკიდან სწრაფად გამოსვლა და რეაგირება. წლების განმავლობაში იმდენ რთულ პროექტზე მოგვიწია მუშაობა, რომ უკვე ვიცით: როცა გუნდი კონცენტრირებულია საქმეზე და პასუხისმგებლობას არ გაურბის, გამოსავალი ყოველთვის ჩნდება.
ჩვენი ბოლო პროექტის, კასპისა და რუისის ქარის ტურბინების ტრანსპორტირების მაგალითზე ვისაუბრებ: 84-მეტრიანი ტვირთის გადაადგილება თავისთავად რთული პროცესია, თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა მოსამზადებელი სამუშაოები აღმოჩნდა.
ზოგიერთ მონაკვეთში ელექტრობოძების გადატანა გახდა საჭირო, ზოგ მონაკვეთზე გზის შეკეთება, ერთ შემთხვევაში კი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟიც დაგვჭირდა. მსგავსი პროცესების ორგანიზება და სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმება საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო ეტაპია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ისეთ არაგაბარიტულ ტვირთს ეხება, რომელიც საქართველოში მანამდე არ გადაადგილებულა.
თუმცა სწორედ ასეთი პროექტები გვაძლევს გამოცდილებას. თუ პროექტის საწყის ეტაპზე ერთი არაგაბარიტული კომპონენტის დატვირთვას დღეებს ვანდომებდით და თითქმის მთელი გუნდი იყო ჩართული, დღეს უკვე შეგვიძლია დღეში რამდენიმე ერთეულის წარმატებით გადაზიდვა.
მოდი, ვისაუბროთ გუნდზე, რომელიც „გიანთის“ უკან დგას. რით არის ის გამორჩეული? როგორ ზრუნავთ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ ზრდაზე?
დღეს უკვე 300-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს, რაც ჩვენი პროფილის კომპანიისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობაა. „გიანთის“ ძირითადი ბირთვი იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებიც კომპანიასთან ერთად გაიზარდნენ. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ მათი დიდი ნაწილი თითქმის კომპანიის დაარსებიდან მოგვყვება. „თითქმის“, რადგან თავიდან სულ სამნი ვიყავით [იცინის].
თუმცა აუცილებლად უნდა გამოვყო გუნდის ახალი წევრები, რომლებიც თავიანთი ენერგიით, მუხტით, მოტივაციითა და პროფესიონალიზმით მნიშვნელოვნად ამდიდრებენ და აძლიერებენ „გიანთის“ ღირებულებებს.
კომპანიის დაფუძნების პირველივე დღიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორად დანერგილი პროცესები — ეს არის ის საფუძველი, რაზეც მთლიანად დგას ჩვენი ოპერაციები. რომ კომპანია უბრალოდ კი არ ფუნქციონირებდეს, არამედ მუშაობდეს გამართულად და სტაბილურად.
ამასთან ერთად, დიდი ყურადღება ეთმობა ჩვენი თანამშრომლების განვითარებას. გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი ნიშნავს ძლიერ კომპანიას, ამიტომ მუდმივად ვზრუნავთ მათ კვალიფიკაციაზე და პროფესიულ ზრდაზე.
რადგან „გიანთი“ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროცესი იყოს მკაფიო, სტანდარტები — განსაზღვრული, და შესრულება — ზუსტი. საბოლოოდ, სწორედ ადამიანების ცოდნა, გამოცდილება და პასუხისმგებლობა განსაზღვრავს, რამდენად გამართულად მუშაობს მთელი ოპერაციული ჯაჭვი.
ბოლოს, როგორი გინდათ, რომ აღიქმებოდეს „გიანთი“ მომავალში?
20 წლის წინ ამ რეალობაზე ხშირად ვოცნებობდი. დღეს კი უფრო დიდი ამბიციები მაქვს. მინდა, „გიანთიმ“ მომავალშიც შეინარჩუნოს საკუთარი ხასიათი და ნიში: იყოს სტაბილურად მზარდი კომპანია და რეგიონში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებში წამყვანი როლი ითამაშოს, როგორც აქამდე. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „გიანთი“ აღიქმებოდეს როგორც ქართული კომპანია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სექტორის განვითარებაში და საკუთარი ისტორია დაწერა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
S









