ფოტო: VCG via Getty Images
ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Meta-სთან შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჩინეთმა Manus-ის თანადამფუძნებლებს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. მიზეზად ჩინეთის მარეგულირებლების მიერ Meta-ს ინვესტიციის ქვეყნის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება დასახელდა.
გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, Mamus-ის აღმასრულებელი დირექტორი სიაო ჰონგი და მთავარი მეცნიერი ძი იჩაო ამ თვეში პეკინში, ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან (NDRC) შეხვედრაზე დაიბარეს. გამოძიება დაახლოებით $2 მილიარდის ღირებულების შეთანხმებას შეეხება, რომლის ფარგლებშიც Meta-მ ჩინეთში დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი შეიძინა.
პეკინში შეხვედრის შემდეგ Manus-ის აღმასრულებლებს განუცხადეს, რომ ქვეყანას ვერ დატოვებდნენ მანამ, სანამ ჩინეთის მარეგულირებლები ადგილობრივ კანონმდებლობასთან შეთანხმების შესაბამისობას არ დაადგენდნენ. თუმცა ქვეყნის შიგნით თავისუფლად გადაადგილების უფლება მათ არ შეზღუდვიათ.
გამოცემის თანახმად, Manus-ი აქტიურად ეძებს იურიდიულ და საკონსულტაციო დახმარებას საკითხის მოსაგვარებლად. Reuters-სთან კომენტარი გააკეთეს Meta-ს წარმომადგენლებმაც, რომელთა განცხადებით, ტრანზაქცია სრულად შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას და ახლა ისინი გამოძიების დასრულებას ელოდებიან.
ხელოვნური ინტელექტის, მათ შორის ე.წ AI-აგენტების განსავითარებლად, Meta-მ Manus-ის შეძენის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში განაცხადა. გარიგების ფინანსური პირობები არ გასაჯაროებულა, თუმცა, Reuters-ის ინფორმაციით, ხელშეკრულების პირობებით Manus-ი $2-$3 მილიარდად შეფასდა.









