ევროკომისიამ Temu-ს 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა

ევროკომისიამ Temu-ს 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა

ფოტო: Dado Ruvic / Reuters

 

ევროკავშირმა ჩინური ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა. როგორც ევროკომისიამ განაცხადა, კომპანიამ საკუთარ პლატფორმაზე უკანონო პროდუქტების გაყიდვის შესაჩერებლად საკმარისი ზომები არ მიიღო.

Temu-ს ჯარიმა ევროკომისიამ თითქმის ორწლიანი გამოძიების შემდეგ დააკისრა, რომელიც ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის (Digital Services Act) ფარგლებში მიმდინარეობდა. აღნიშნული რეგულაცია მსხვილ ონლაინ-პლატფორმებს ავალდებულებს, უკანონო და საზიანო კონტენტს ეფექტიანად ებრძოლონ.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მომხმარებელთა ევროპულმა ორგანიზაცია BEUC-მა და მისმა 17-მა წევრმა Temu-ს წინააღმდეგ საჩივრები შეიტანეს. ევროკომისიის განცხადებით, კომპანიამ ვერ შეძლო სათანადოდ შეეფასებინა პლატფორმაზე გაყიდული უკანონო პროდუქტების სისტემური რისკები და მათი ევროკავშირის მომხმარებლებზე გავლენა.

მარეგულირებლებმა Temu იმის გამოც გააკრიტიკეს, რომ კომპანიამ სათანადოდ არ შეაფასა, როგორ შეიძლება მისი რეკომენდაციის ალგორითმებსა და ინფლუენსერების მეშვეობით განხორციელებულ პროდუქტის პოპულარიზაციას უკანონო საქონლის გავრცელების რისკები გაეზარდა.

Temu-მ გადაწყვეტილებას „არაპროპორციული“ უწოდა. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი იზიარებენ ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის მიზნებს და ციფრულ ეკონომიკაში მკაფიო წესების აუცილებლობას, თუმცა ევროკომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.

კომპანიის განმარტებით, საქმე ეხება 2024 წელს ჩატარებულ პირველ შეფასებას და არ ასახავს პლატფორმის ამჟამინდელ მდგომარეობას. Temu აცხადებს, რომ მას შემდეგ კომპანიამ რისკების შეფასების, პლატფორმის მართვისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით დამატებითი ნაბიჯები გადადგა.

ევროკომისიამ Temu-ს სამოქმედო გეგმის წარსადგენად ვადა 28 აგვისტომდე მისცა. ამის შემდეგ მარეგულირებლები გადაწყვეტენ, შეასრულა თუ არა კომპანიამ ციფრული სერვისების აქტის მოთხოვნები.

აღსანიშნავია, რომ Temu-სთვის დაკისრებული სანქცია ამავე აქტის ფარგლებში მეორე მსხვილი ჯარიმაა. პირველი შემთხვევა გასული წლის დეკემბერში მოხდა, როდესაც ილონ მასკის X-ი 120 მილიონი ევროთი დაჯარიმდა.