ფოტო: Boris Stroujko/Shutterstock
Galt & Taggart-მა ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2026 წლის მაისში საქართველომ ტურიზმიდან 380 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.5%-ით მეტია. ზრდა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც წლის პირველ თვეებში სექტორი შემცირებულ შემოსავლებს აჩვენებდა.
ტურიზმის შემოსავლების კლება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ამ რეგიონის ქვეყნებიდან ვიზიტორთა ნაკადების შემცირებამ გამოიწვია. მაისის შედეგი კი მიუთითებს, რომ ტურისტული აქტივობა ეტაპობრივად უმჯობესდება.
ჯამურად, 2026 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 2.1%-იანი შემცირებაა.
მიუხედავად ამისა, Galt & Taggart-ი წლის დარჩენილ პერიოდში სექტორის მიმართ ოპტიმისტურ მოლოდინებს ინარჩუნებს. არსებული პროგნოზის მიხედვით, 2026 წლის ბოლოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.















