ფოტო: skysports.com
Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ინვესტორთა კონსორციუმის შემადგენლობაშია, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ დაახლოებით 30%-იანი წილის შეძენასთან ახლოსაა. ამის შესახებ Sky News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
კონსორციუმს ამიტ ბჰატია ხელმძღვანელობს, რომელიც ინდოელი მილიარდერისა და ArcelorMittal-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის, ლაქშმი მიტალის, სიძეა. ინვესტორთა ჯგუფში ასევე შედის Facebook-ის თანადამფუძნებელი ედუარდო სავერინი.
თუ გარიგება შედგა, ინვესტორთა კონსორციუმის მიერ განხორციელებული ინვესტიცია „ლივერპულს“ დაახლოებით $6 მილიარდად შეაფასებს. Sky News-ის ცნობით, გარიგების შესახებ ოფიციალური განცხადება შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირაში გაკეთდეს.
„ლივერპულს“ ამერიკული საინვესტიციო ჯგუფი Fenway Sports Group-ი (FSG) ფლობს. კლუბი Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო გუნდების რეიტინგში მეოთხე ადგილზეა, მისი ღირებულება კი გამოცემას $6.2 მილიარდად აქვს შეფასებული.
რეიტინგში „ლივერპულს“ უსწრებენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ $7.2 მილიარდის, „ბარსელონა“ $7.5 მილიარდისა და „რეალ მადრიდი“ $9.5 მილიარდის ღირებულებით.
„ლივერპულს“ და Fenway Sports Group-ს გარიგებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
ამ დროისთვის ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ის შეფასებით, ორშაბათის მდგომარეობით, მისი ქონება $280.6 მილიარდს შეადგენს. ედუარდო სავერინი, რომელმაც Facebook-ი 2004 წელს მარკ ცუკერბერგთან და სხვა თანაკურსელებთან ერთად დააარსა, მსოფლიოს 67-ე უმდიდრესი ადამიანია $33 მილიარდის ქონებით. ლაქშმი მიტალის ქონება კი $33.6 მილიარდად არის შეფასებული.
ბეზოსი სპორტულ კლუბში ინვესტირებით აქამდეც იყო დაინტერესებული. 2019 წლიდან ის NFL-ის კლუბ Seattle Seahawks-ის შესაძლო შეძენასთან იყო დაკავშირებული. გასულ თვეში „სიჰოუქსი“ მილიარდერ ვინოდ ხოსლას ხელმძღვანელობით შექმნილ საინვესტიციო ჯგუფზე $9.6 მილიარდად გაიყიდა. ეს NFL-ის კლუბისთვის რეკორდული გარიგებაა.











