2021 წლის ყველაზე ტრანსფორმაციული აღმასრულებელი დირექტორები

2021 წლის ყველაზე ტრანსფორმაციული აღმასრულებელი დირექტორები

ბიზნესგამოცემამ Insider გამოავლინა ოთხი ყველაზე ტრანსფორმაციული აღმასრულებელი დირექტორი, რომლებიც არა მარტო წარმატებით ასრულებენ აქციების მფლობელთა მოთხოვნებს, არამედ ზრუნავენ საკუთარი თანამშრომლებისა და სხვა ადამიანების კეთილდღეობაზე.

Insider-ის წარმომადგენლებმა განიხილეს 100 აღმასრულებელი დირექტორი, რომლებიც, სულ მცირე, 2019 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობენ S&P 500-ის ინდექსში შემავალ კომპანიებს. თუმცა გამოირიცხა ის პირები, რომლებმაც ამ პერიოდში თანამდებობა დატოვეს. მაგალითად, ასეთია Merck-ის აღმასრულებელი დირექტორი კენეტ ფრეიზერი.

კანდიდატები აირჩა რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზით. ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს კომპანიების ფინანსური განვითარება, დასაქმებულთა შეფასებები, ანაზღაურება, ხელმძღვანელისა და თანამშრომლების საშუალო ხელფასების შეფარდება და  მათი სოციალური პასუხისმგებლობა. ამასთანავე, შერჩევისას ყურადღება მიექცა ხელმძღვანელთა უნარს, გამკლავებოდნენ გამოწვევებით სავსე პანდემიის პერიოდს.

გამარჯვებული აღმასრულებელი დირექტორები არიან: მერი ბარა – General Motors-ი; ალბერტ ბურლა – „ფაიზერი (Pfizer); ჯენსენ ჰუანი – Nvidia; შანტანუ ნარაიენი – Adobe.

Photo Credits: Crystal Cox/Skye Gould/Insider

ალბერტ ბურლას ხელმძღვანელობით „ფაიზერმა“, ერთ წელზე ნაკლებ დროში შეძლო განევითარებინა პირველი უსაფრთხო და ეფექტიანი  კორონავირუსის ვაქცინა. შედეგად, მსოფლიოს პანდემიის დასრულების იმედი დაუბრუნა.

რეკორდულ დროში „ფაიზერმა“, გერმანულ ბიოტექნიკურ კომპანია  BioNTech-თან თანამშრომლობით, ასობით მილიონი ვაქცინა აწარმოა. მსგავსი ეფექტიანი მუშაობით კი ათობით მილიონ ადამიანს უკვე აქვს იმუნიტეტი კორონას მიმართ.

თავად ალბერტ ბურლამ საქმიანობა, როგორც ვეტერინარმა,1993 წელს ბერძნულ კომპანიაში დაიწყო. იგი ნიუ-იორკში 2001 წელს გადავიდა, 2010 წლიდან ფარმაციის ბიზნესში ჩაერთო, 2019 წლის იანვარში კი „ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

პანდემიის პერიოდში სწორედ 59 წლის ბერძენმა ემიგრანტმა გადაწყვიტა, გაეღო უდიდესი რისკი და საკუთარი გუნდის მუშაობა რეკორდულ დროში ვაქცინის წარმოებისკენ მიემართა.

პირველ რიგში, „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა სამთავრობო დაფინანსებაზე, რათა კვლევისა და წარმოების პროცესი ბიუროკრატიისგან ეხსნა. ამასთანავე, ალბერტ ბურლამ არ მიიღო თავისივე მეცნიერების მიერ ვაქცინის შექმნისთვის დადგენილი ვადა – 18 თვე. პროცესის დასაჩქარებლად, როგორც თავად ამბობს, საკუთარ გუნდს ორ რამეს ეუბნებოდა: პირველი – გამოეთვალათ, რამდენი ადამიანი გარდაიცვლებოდა ზამთარში, თუ კოვიდის ახალი ტალღა იქნებოდა და მეორე – არ ეფიქრათ ფინანსურ ხარჯზე. შედეგად, „ფაიზერის“ ვაქცინა ნოემბერში უკვე ხელმისაწვდომი იყო.

სავარაუდოდ, „ფაიზერი“ 2021 წელს ვაქცინის 2.5 მილიარდ  დოზას აწარმოებს, რაც კომპანიის შემოსავალს $15 მილიარდით გაზრდის.

Photo Credits: Abhijit Bhatleka/Getty; Skye Gould/Insider

შანტანუ ნარაიენის დროს Adobe-ს შემოსავალი ოთხჯერ – $3,6 მილიარდიდან (2007 წლის მონაცემები) $12 მილიარდამდე (2020 წელი) გაიზარდა. ამასთანავე, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს დადებითად აფასებენ საკუთარი თანამშრომლები. თავად ნარაიენის განმარტებით, კომპანიის ინტელექტუალურ კაპიტალს სწორედ დასაქმებულები წარმოადგენენ. კოვიდ-პანდემიის პერიოდში თანამშრომლები ისვენებენ ყოველ მესამე ან მეოთხე პარასკევს და არც ერთი შეხვედრა არ იწყება დილის 9 საათზე ადრე. აგრეთვე, Adobe დიდ ყურადღებას იჩენს გარემო პრობლემებისა და სოციალური საკითხების მიმართ.

შანტანუ ნარაიენის მთავარ მახასიათებლად ითვლება სწორი კავშირების სწრაფი დანახვა, რაც Adobe-ის წარმატების გარანტად იქცა. მაგალითისთვის, 2002 წელს შანტანუ ნარაიენმა შეამჩნია, რომ გაყიდვების ჯგუფის მუშაობის გასაუმჯობესებლად საჭირო იყო Microsoft-ისა და სხვა კონკურენტების პრაქტიკის – საკომისიო გაყიდვების – დანერგვა.

შანტანუ ნარაიენმა შეძლო კომპანია, რომელიც კრეატიულ კომპიუტერულ უზრუნველყოფას ყუთით ყიდდა, 2012 წლისთვის გამოწერაზე (subscription-ზე) დაფუძნებულ სერვისად ექცია. პროგრამის წარდგენისას მან განაცხადა, რომ Adobe 30 წლის განმავლობაში წარმატებით ეხმარებოდა მომხმარებელს კრეატიული შინაარსის შექმნაში და ახლა კომპანია იმავე სერვისის ახალ თაობაზე ადაპტირებას გეგმავს. იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებიც გადიან ციფრულ ტრანსფორმაციას, Adobe მნიშვნელოვან მაგალითად იქცა. კოვიდ-პანდემიის პერიოდში, როცა ბიზნესებისთვის ერთადერთი არჩევანი ონლაინსივრცეა, გაიზარდა Adobe-ს  Experience Cloud-ის მოხმარება. შედეგად, 2020 წლის მონაცემებით, ქლაუდის შემოსავალი  $3.4 მილიარდია და მისი მომხმარებლები ისეთი კომპანიები არიან, როგორიცაა Walgreens-ი, BMW და Vodafone-ი.

Photo Credits: Nvidia; Skye Gould/Insider

ჯენსენ ჰუანმა დღეს უკვე $370 მილიარდად შეფასებული კომპანია, რომელსაც 18,000 თანამშრომელი ჰყავს, 1993 წელს ორ ინჟინერთან – კერტის პრიმთან და კრის მალაჩოვსკისთან ერთად  დააარსა. კომპიუტერული გრაფიკული კომპანია ჰუანის 30 წლის იუბილეს დროს გაიხსნა.  2017 წლის „ფორბსის“ მიხედვით, 1993 წელს ინჟინრებს ანგარიშზე მხოლოდ $40,000 ჰქონდათ. კომპანიის სახელი – Nvidia ლათინურ სიტყვა – Invidia-ს უკავშირდება, რაც შურს ნიშნავს.

ფუნქციურად დამოუკიდებელი მანქანები, სუპერკომპიუტერები და სამედიცინო კვლევები – ის თემებია, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებს ჰუანს. მისი თქმით, მათი მანქანები დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ იმოძრავებენ. ამასთანავე, მეცნიერები შეძლებენ, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, სიცოცხლის გადამრჩენელი მედიკამენტები შექმნან. Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ საჭიროა ახალი კომპიუტერული მუშაობა – მხოლოდ ძველი მეთოდებით ფიქრი პროგრესს აფერხებს.

28 წლის კომპანია ინარჩუნებს განვითარებისთვის საჭირო ამბიციურობას. Nvidia კოვიდ-19-თან საბრძოლველად დიდი ბრიტანეთის ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერის აშენებას გეგმავს, ჯენსენ ჰუანიც გამოირჩევა თანამშრომლების დადებითი შეფასებით. Glassdoor-ზე 18 000 დასაქმებულიდან 99% მის მუშაობას კარგად აფასებს. რაზეც თავად ის ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან ეს მოწმობს, რომ მისი გუნდი ამაყია კომპანიის მიღწევებითა და კონტრიბუციით.

ჰარვარდის ბიზნესის მიმოხილვამ (Harvard Business Review ) 2019 წელს ჰუანი 100 საუკეთესო აღმასრულებელი დირექტორის სიის სათავეში მოაქცია. HBR-მა გაითვალისწინა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Nvidia-ს აქციების ფასი 20-ჯერ გაიზარდა.

Photo Credits: GM; Skye Gould/Insider

2021 წლის იანვარში – მაშინ, როცა სამყარო ისევ კოვიდ-19-ს ებრძოდა, General Motor-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ GM 2035 წლისთვის სრულად ელექტრული იქნება. კომპანიამ 2020 წელს $6,4 მილიარდის მოგება ნახა და თითო აქციის ფასმა  ათწლეულის განმავლობაში პირველად $50-ს მიაღწია.

GM-ის ხელმძღვანელი 2014 წლიდან მერი ბარაა. სანამ გენერალური დირექტორი გახდებოდა, იგი კომპანიაში პროდუქციის განვითარების პროცესს აკონტროლებდა  და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

მერი ბარას, როგორც ხელმძღვანელის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ბიუროკრატიის შემცირებაა. მისი ძალისხმევით კომპანიაში მანქანების წარმოება ნაკლებად იერარქიულია, სამუშაო გარემო კი – მეგობრული და მრავალფეროვანი.

ბარამ კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღო:  $2.3 მილიარდად გაყიდა არაეფექტიანად მომუშავე Opel-Vauxhall-ი. მანქანის მწარმოებელმა, ამასთანავე, შეწყვიტა რუსეთსა და ინდოეთში წარმოება. აგრეთვე, Holden-ის საქმიანობა ავსტრალიაში. GM-ის ყოფილი ვიცე-თავმჯდომარე ბობ ლუცის განმარტებით, ბარა GM-ის საუკეთესო ხელმძღვანელია, რომელიც არ უშინდება ტრანსფორმაციებს და ეწევა მომავლის ტენდენციებს. ის ცდილობს, რომ GM უფრო პატარა, მაგრამ ბევრად მოგებიანი კომპანია გახდეს.