დღეში ერთი მილიარდერი

დღეში ერთი მილიარდერი

წელს FORBES-მა რეკორდული რაოდენობის – 493 – ახალი მილიარდერი აღმოაჩინა, რაც, უხეშად რომ ვთქვათ, ყოველ 17 საათში ერთ მილიარდერს ნიშნავს. 40%-ზე ოდნავ მეტი ჩინეთიდანაა, 20% – აშშ-დან. ამ ახალ სიმდიდრეებამდე მისასვლელ გზებს შორის ყურადღებას იქცევს პირველადი საჯარო შეთავაზებები, სპეციალური დანიშნულების შესყიდვათა კომპანიები (SPAC-ები), კრიპტოვალუტები და კოვიდთან დაკავშირებული ჯანდაცვა.

პირველადი საჯარო შეთავაზებები

2020-ის მარტის შუა პერიოდიდან, პირველადი საჯარო შეთავაზებებით (მათ შორის, SPAC-ებით) მოზიდული კაპიტალი გლობალური მასშტაბით $134 მილიარდს შეადგენს. ნახევარზე მეტი აშშ-ში გავიდა საჯარო ბაზარზე, სადაც მათ $277 მილიარდი მოიზიდეს. სწორედ ამგვარი საჯარო შეთავაზებების შედეგად მოიპოვა ამ ათმა მილიარდერმა ჩვენს რეიტინგში ადგილი.

31 წლის უოლფ ჰერდმა თავისი ქალებზე ფოკუსირებული პაემნების აპლიკაცია Bumble-ი საჯარო ბაზარზე თებერვალში გაიყვანა და მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა თვითნაბად მილიარდერ ქალადაც იქცა. ამ $582-მილიონიან (შემოსავლებით) კომპანიას 42 მილიონი მომხმარებელი ჰყავს 150 ქვეყანაში. 2012 წელს უოლფ ჰერდმა პაემნების აპლიკაცია Tinder-ი დააფუძნა, თუმცა ეს ამბავი არცთუ რომანტიკულად განვითარდა: 2014 წელს მას Tinder-ის გამო სასამართლო დავაში მოუხდა ჩაბმა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით. პაემნების საიტ Badoo-ს რუსმა დამფუძნებელმა, ანდრეი ანდრეევმა მას $10-მილიონიანი ინვესტიცია და Badoo-ს ინფრასტრუქტურა შესთავაზა, ჰოდა, 2014-ში დუეტმა Bumble-ი ჩაუშვა. 2019-ის მიწურულს ანდრეევმა თავისი საკონტროლო წილი საინვესტიციო ფირმა Blackstone-ს მიჰყიდა; ეს ოთხი თვის შემდეგ მოხდა იქიდან, რაც Forbes-ის გამოძიებამ კომპანიის ლონდონურ ოფისში ტოქსიკურ სამუშაო კულტურას ახადა ფარდა. Badoo-მ ბრალდებები უარყო.
უიტნი ვოლფ ჰერდი
$1.3 მილიარდი • პაემნების აპლიკაცია • აშშ

წლევანდელი რეიტინგის უმდიდრესი ქალი სარეცხის დეტერგენტის მწარმოებელ Blue Moon Group Holdings-ს თავმჯდომარეობს, რომელიც ჰონგ­-­კონგის ბირჟაზე დეკემბერში გავიდა. მისი ქმარი, ლუო ციუპინგი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. 

აღმასრულებელმა დირექტორმა ლომთაძემ და თავმჯდომარე კიმმა Kaspi – გადახდების, ელ­-­ვაჭრობისა და მობილური ბანკის აპლიკაცია, რომელსაც ყაზახეთში იყენებენ – უმნიშვნელო სავაჭრო ბანკიდან პირდაპირ ლონდონის საჯარო ბაზარზე გაიყვანეს. ამ სერვისს ყაზახეთის 18-მილიონიანი მოსახლეობის ნახევარი იყენებს. 

ყოფილმა საინვესტიციო ბანკირმა კერძო სააქციო კაპიტალის ფირმა Royalty Pharma 1996 წელს დააფუძნა, რათა ფარმაცევტულ კომპანიათა მომავალი შემოსავლების ნაკადები ეყიდა. ფირმამ Nasdaq-ზე ივნისში დაიწყო ბრუნვა. 

მისი ელ­-­ვაჭრობის იმპერია, The Hut Group-ი, ლონდონის საჯარო ბაზარზე სექტემბერში გავიდა. ორი თვის შემდეგ მოლდინგმა $1 მილიარდის ტოლფასი სააქციო ბონუსი მიიღო, რასაც საბჭომ მწვანე შუქი აუნთო. 

ქსიუ საკვების ადგილზე მიტანის კომპანია DoorDashის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც ნიუ­-იორკის საფონდო ბირჟაზე დეკემბერში გავიდა. DoorDash-ს შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში 390,000 რესტორნიდან მიაქვს ადგილზე საკვები. 

38 წლის აიზეკმენმა გადახდების დამუშავების ფირმა Shift4 Payments-ი 19 წლისამ, მშობლების სარდაფში დააფუძნა, ივნისში კი ის ნიუ­-იორკის საფონდო ბირჟაზე გაიტანა. გასართობად, აიზეკმენი რეაქტიული თვითმფრინავებით, მათ შორის, საბჭოთა ეპოქის MiG-29-ით, დაფრინავს. 

საოცრად პოპულარული კორეული პოპჯგუფი BTS-ის წარმდგენი მუსიკალური ლეიბლისა და სააგენტოს, Big Hit Entertainment-ის დამფუძნებელმა კომპანია კორეის საფონდო ბირჟაზე ოქტომბერში გაიყვანა. 

ის არის აღმასრულებელი დირექტორი, თავმჯდომარე და დამფუძნებელი ჯანდაცვის ანალიტიკური ფირმა Yidu Tech-ისა, რომლის აქციებმა ჰონგ­­­-­­­კონგის საჯარო ბაზარზე იანვარში დაიწყეს ბრუნვა. 

ჰელგასონი Unity Software-ის ერთ­-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია (2014 წლამდე) – ვიდეოთამაშების პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერისა, რომელიც დანიაში 2004 წელს ჩაეშვა. კომპანია ნიუ­-იორკის საფონდო ბირჟაზე სექტემბერში გავიდა. 

SPAC-ები

სპეციალური დანიშნულების შესყიდვათა კომპანიები, იგივე SPAC-ები, ნამდვილი ციებცხელების საგნადაა ქცეული. ეს ე.წ. „ცარიელი ჩეკის“ 500-ზე მეტი კომპანია გასულ წელს საჯარო ბაზარზე გავიდა აშშ-ში, რაც თითქმის შვიდჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. მაგრამ მხოლოდ რამდენიმემ თუ შეძლო ახალი მილიარდერების გამოდნობა.

26 წლის რასელმა თინეიჯერობის პერიოდი ირვინში, University of California-ს Beckman Laser Institute-ში კვლევაში გაატარა. ამ აყლაყუდა, 193 სმ-ის სიმაღლის ანტრეპრენიორმა 2012 წელს Stanford-ი მიატოვა, რათა ლაზერული ლიდარის (ეს სიტყვა სინათლის – light, დეტექციისა – detection და მანძილზომვის – ranging აკრონიმია) სტარტაპი Luminar Technologies-ი ჩაეშვა იმ $100,000-ის ტოლფასი სტიპენდიით, ტექნოლოგიური ინვესტორის, მილიარდერ პიტერ ტილისგან რომ მიეღო. მის მომხმარებელთა შორის არიან Volvo, Toyota და Intel-ის Mobileye, ხოლო მისი სენსორები დღეს თვითმავალ მანქანებს ეხმარება, 3D-ში დაინახონ, ამისათვის კი ლაზერული სხივების ასხლეტა ხდება ახლომდებარე, მანქანის გარშემო არსებული ობიექტებიდან. 2020-ის დეკემბერში კომპანიამ Gores Metropoulos-თან SPAC-გაერთიანების მეშვეობით დაიწყო Nasdaq-ზე ბრუნვა. რასელი, რომელიც კომპანიის ერთ მესამედს ფლობს, ერთ ღამეში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა თვითნაბად მილიარდერად იქცა.
ოსტინ რასელი
$2.4 მილიარდი • სენსორები • აშშ

იშბიების მამამ, ჯეფმა, იპოთეკის ფირმა 1986-ში ჩაუშვა. მეტი ამ საოჯახო ბიზნესს 2003-ში შეუერთდა. მან და მისმა ძმა ჯასტინმა, რომელიც კერძო სააქციო კაპიტალის ინვესტორია, რაღაც მომენტში, მამის United Wholesale Mortgage-ის წილის უმეტესი ნაწილი შეისყიდეს. აწ უკვე ქვეყნის მეორე უმსხვილესი იპოთეკის გამსესხებელი UWM-ი იანვარში Gores Holdings IV SPAC-თან გაერთიანდა. მეტი აღმასრულებელი დირექტორია, ჯასტინი კი საბჭოს წევრი. 

პარადაიზის მიერ 2012-ში თანადაფუძნებული ელ­-სპორტის კომპანია Skillz-ი დეველოპერებს მობილური პლატფორმით უზრუნველყოფს, რათა ისეთი თამაშების ასპარეზობებს უმასპინძლონ, როგორიც Solitaire-ი და Bingo-ა. მის $230-მილიონიან შემოსავალზე მომხმარებელთა რეგისტრაციის გადასახადებიდან აღებული პროცენტია პასუხისმგებელი.

ყოფილმა სადაზღვევო მაგნატმა არ დააყოვნა SPAC-ების ბუმზე კაპიტალიზება და ცარიელი ჩეკის“ ექვსი კომპანია დააფინანსა. ორმა მათგანმა ამას წინათ გაერთიანების შესახებ გააკეთა განცხადება – cloud-ზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერ Alight Solutions-თან და ციფრული გადახდების პლატფორმა Paysafe-თან. პირველი გარიგების ღირებულება დაახლოებით $7 მილიარდს შეადგენს, მეორისა კი $9 მილიარდს. 

მაქკენზის აზარტული თამაშების ტექნოლოგიის პროვაიდერი SBTech-ი სპორტული ფსონების საიტ DraftKings-თან გაერთიანდა და SPAC-ის მეშვეობით საჯარო ბაზარზე გავიდა 2020-ის აპრილში. მაქკენზი საბჭოში მსახურობს და DraftKings-ის ერთ­-ერთი უმსხვილესი, 6%-ის მფლობელი მეწილეა. 

განთქმულმა მანქანების დიზაინერმა ჰენრიკ ფისკერმა და მისმა ცოლმა, გიტამ, რომელსაც დოქტორის ხარისხი აქვს ბიოტექნოლოგიაში, ელ­-­მანქანების მწარმოებელი სეხნია კომპანია საჯარო ბაზარზე ოქტომბერში გაიყვანეს. კომპანიის პირველი მანქანის, საშუალო ზომის SUV-ის წარმოება, გეგმის მიხედვით, 2022-ის მიწურულს უნდა დაიწყოს. 

მისი წყალბად­ელექტრონული სატვირთო მანქანების სტარტაპი Nikola საჯარო ბაზარზე SPAC-ის მეშვეობით 2020-ის ივნისში გავიდა. მილტონმა თავმჯდომარის თანამდებობა სექტემბერში დატოვა, ეს კი ე.წ. შორტ­-­სელერის ბრალდებათა შემდეგ მოხდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ Nikola-ს ტექნოლოგიასთან დაკავშირებით მილტონს ინვესტორების­ თვის ტყუილი ეთქვა, რამაც აშშ­-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC-ის) გამოძიებას დაუდო საფუძველი.

მან SPAC-ების კარიბჭეთა გახსნას 2019-ში შეუწყო ხელი, როცა რიჩარდ ბრენსონის კოსმოსური ტურიზმის კომპანია Virgin Galactic-ი საჯარო ბაზარზე გაიყვანა. ხოლო გასულ წელს ამ SPAC-ების სპონსორმა და ვენჩურულმა კაპიტალისტმა კიდევ ორი ფირმა შეისყიდა SPAC-ების მეშვეობით: სახლების ყიდვის ბაზრობა Opendoor-ი და სადაზღვევო კომპანია Clover Health-ი. 

ჩინეთი

მსოფლიოს ყველაზე უხვად დასახლებული ქვეყანა რეკორდული რაოდენობის, 626 მილიარდერით იწონებს თავს (ჰონგ-კონგისა და მაკაოს გამოკლებით). მისმა ცხელ-ცხელმა სააქციო ბაზარმა 205 ახალი ათნიშნა ქონების გამოძერწვას შეუწყო ხელი. ამ ახალწვეულთა ნახევარი წარმოების ან ტექნოლოგიური სფეროდანაა. ორის გარდა, ყველა თვითნაბადია. აქ 11 გამორჩეულ მილიარდერს წარმოგიდგენთ. 

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თვითნაბადი მილიარდერი ქალი, 39 წლის ვანგი, ელ-მოწევის ჩინური კომპანიის, RLX Technology-ს აღმასრულებელი დირექტორია. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულს კომპანიის იდეა 2017-ში დაებადა, როცა ცდილობდა, მამამისი სიგარეტისთვის თავის დანებებაში დაერწმუნებინა. „ყველა [ელ-მოწევის] პროდუქტი ვცადე. უმეტესობა საზიზღრობა იყო“, – უყვება ის Forbes-ს. 2020-ის პირველ ცხრა თვეში, RLX-ის გაყიდვებმა $324 მილიონი შეადგინა, იანვარში კი კომპანია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გავიდა. ვანგი 20%-იან წილს ფლობს. მარტის მიწურულს (მას მერე, რაც Forbes-მა რეიტინგისთვის მილიარდერთა ქონებები გაზომა), სამი დღის განმავლობაში, აქციათა ფასი 54%-ით დაეცა; ეს რეაქცია იყო ჩინური ოფიციოზის მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტზე, რომელიც ელ--სიგარეტების, როგორც თამბაქოს პროდუქტების, რეგულირებას ისახავდა მიზნად.
კეიტ ვანგი
$5 მილიარდი • ელ-სიგარეტები

ელ­-­მოწევის ხელსაწყოთა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მწარმოებლის, Smoore International-ის დამფუძნებელმა ჩენმა ფირმა ჰონგ­-­კონგის საფონდო ბირჟაზე გასულ ივლისს გაიყვანა.

Tencent-ის ერთ­-ერთმა პირველმა თანამშრომელმა ლიმ Nasdaq-ზე მბრუნავი ონლაინსაბროკერო Futu Holdings-ი 2007 წელს დააფუძნა. Robinhood-ის სტილში გადაწყვეტილი ეს ფინანსური ტექნოლოგიის კომპანია თითქმის 12 მილიონი მომხმარებლით იწონებს თავს.

ამ წარმატების ოსტატმა ახალი სიცოცხლე შთაბერა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ ორ კომპანიას, სანამ 2001-ში პრობლემებში ჩაძირულ ალკოჰოლის მწარმოებელ Sichuan Langjiu-ს შეუერთდებოდა. ეს კომპანია ახლა 40,000 ტონაზე მეტ ალკოჰოლს აწარმოებს ყოველწლიურად.

დეკემბერში ვანგმა თავისი Pop Mart-ი საჯარო ბაზარზე გაიყვანა. ეს სათამაშოების მწარმოებელი იმითაა ცნობილი, რომ „ბრმა ყუთებში“ მოთავსებულ ფიგურათა იდენტობას მალავს.

მისი შენჯენის ბაზარზე მბრუნავი Imeik Technology Development-ი ისეთ სამედიცინო კოსმეტიკურ პროდუქტებს ამზადებს, როგორიც კანის ფილერები და სახის იმპლანტი-­ბოჭკოებია. ამზადებს, ასევე, სახისა და კისრის ნიღბებს.

უნივერსიტეტის პროფესორმა კაომ Sungrow Power Supply 1997 წელს დააფუძნა. მისი 150 ქვეყანაში გამოყენებული პროდუქტები მზის პანელებიდან მუდმივი დენის ელექტროენერგიას ე.წ. მონაცვლე დენად გარდაქმნის ელექტროქსელისთვის.

Google-ის ყოფილმა ინჟინერმა Amazon-ის პოპულარული გამყიდველი Anker Innovations Technology-ი დააფუძნა, რომელიც ბატარეათა ნაკრებით, ტელეფონის დამტენებითა და სხვა ელექტრონული აქსესუარებით არის ცნობილი. 

მისი Intco Medical Technology ერთჯერად სამედიცინო პროდუქტებს, მაგალითად, პირბადეებსა და ხელთათმანებს, ამზადებს, გასულ წელს კი, პანდემიის დროს, ამ კომპანიის აქციათა ფასი მთელი 650%-ით გაიზარდა. 

39 წლისამ ნიუ­-იორკის საფონდო ბირჟაზე მბრუნავი ონლაინდილერი Autohome-ი მანამ ჩაუშვა, სანამ ელ­-­მანქანების სტარტაპ Li Auto-ს დააფუძნებდა, რომელსაც Nasdaq-ზე გასულ ივლისს ჰქონდა დებიუტი.

ჯინი JA Solar-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. მზის პანელების ეს პეკინური მწარმოებელი 135 ქვეყანასა და რეგიონში 33,000 კლიენტით იწონებს თავს.

კრიპტო

კრიპტოვალუტას ბუმის პერიოდი უდგას (ისევ): 2020-ის მარტის შუა რიცხვებიდან, Bitcoin-ი 800%-ითაა ცაში ავარდნილი, Ripple-ის XRP კი 200%-იან ზრდას აჩვენებს. შედეგად, ჩვენს რეიტინგს ეს ცხრა ახალი სახე შეემატა.

MIT-ის კურსდამთავრებული და Wall Street-ის ყოფილი მოვაჭრე, 29 წლის ბენკმენ-ფრაიდი Alameda-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ეს ე.წ. რაოდენობრივი კრიპტოვაჭრობის ფირმა $32 მილიარდს განკარგავს როგორც Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების, ისევე მათი დერივატივების სახით. 2019 წლის მაისში ჰონგ-კონგში მან კრიპტობირჟა FTX-იც დააფუძნა; ერთი წელიც არ იყო გასული, რომ 2020-ის იანვარში, FTX-მა ე.წ. ზღაპრული მარტორქის სტატუსი მოიპოვა. ეს ბირჟა, როგორც NBA-ს Miami Heat-ის მშობლიური სტადიონის სახელთა უფლების სპონსორი, მალე American Airlines-ს ჩაანაცვლებს. ბენკმენ-ფრაიდის ქონების უდიდეს ნაწილზე FTX-ის სააქციო კაპიტალი და FTX-ის ადგილობრივი კრიპტოვალუტა FTT-ის მონეტებია პასუხისმგებელი. 2020-ში მან $5 მილიონი გადასცა ბაიდენის მხარდამჭერ სუპერ-PAC-ს, რითაც პრეზიდენტის უდიდეს დონორად იქცა.
სემ ბენკმენ-ფრაიდი
$8.7 მილიარდი • აშშ

ტყუპი ძმები, გათვლების თანახმად, 70,000 Bitcoin-ს ფლობენ, პლუს კრიპტობირჟა Gemini-ს, რომელიც დღეში დაახლოებით $200 მილიონს ამუშავებს ვაჭრობათა სახით.

პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა MicroStrategy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დიდი ფული პირველი დოტ­-­კომ-ბუშტის გასკლეცისას იშოვა (და დაკარგა). მან Bitcoin-ი ბუმამდე ჩაიგდო ხელში (როგორც თავისთვის, ისე თავისი კომპანიისთვის), რამაც მის აქციათა ფასის ზრდას შეუწყო ხელი, თავად კი, ამ ყველაფრის შედეგად, დებიუტი აქვს ჩვენს რეიტინგში.

მანამ 2012-ში Ripple-ის თანადამფუძნებლად მოგვევლინებოდა, მან Mt. Gox-ი შექმნა – Bitcoin-ის პირველი მსხვილი ბირჟა. თანადამფუძნებლებთან უთანხმოების გამო, Ripple-იდან მალევე წამოვიდა, მაგრამ, გათვლების თანახმად, 3.4 მილიარდ XRP-ს – Ripple-ის მონეტას – ფლობს. 

Goldman Sachs-ის ყოფილი მოვაჭრე კრიპტობირჟა Coinbase-ში 6%-ს ფლობს, რომელიც მის მიერვე იქნა თანადაფუძნებული 2012 წელს და რომელიც ისეა პოზიციონირებული, რომ Nasdaq-ზე უნდა დაიწყოს ბრუნვა. ერსამი Coinbase-ის საბჭოს წევრად რჩება. 

მისი Digital Currency Group-ი – ბლოკჩეინზე ფოკუსირებული ხუთი კომპანიისგან შემდგარი კონგლომერატი – მოიცავს კრიპტოაქტივების განმკარგავ Grayscale-ს, რომელიც დაახლოებით $44 მილიარდის ტოლფას Bitcoin-ს, ether-სა და სხვა აქტივებს ზედამხედველობს. 

სილიკონ­-­ველიში მოღვაწე ვენჩურ­-­კაპიტალისტმა $18.7 მილიონის Bitcoin-ი იყიდა, რომელიც 2014 წელს აშშ­-ის მარშალთა სამსახურის მიერ გაუქმებული შავი ბაზრიდან, Silk Road-იდან იქნა კონფისკებული. ამ Bitcoin-ების ღირებულება დღეს $1.5 მილიარდს შეადგენს. 

ეს სტაჟიანი კრიპტოევანგელისტი ვენჩურული კაპიტალის სფეროში და ანტრეპრენიორად მუშაობდა, მანამ 2012-დან მოყოლებული, Bitcoin-ით, ether-ითა და სხვა კრიპტოვალუტებით დაიწყებდა პორტფოლიოს გაბერვას.

კოვიდ-19

სულ მცირე, 40 მილიარდერი წლევანდელ რეიტინგს კოვიდ-19-ის პანდემიასთან საბრძოლველ გლობალურ ინიციატივებში ჩართულობის წყალობით შემოუერთდა. ზოგმა ქონება ახალი ვაქცინებისა და ანტისხეულთა პერსპექტიული სამკურნალო საშუალებების შექმნით დააგროვა, ზოგმა კი ესოდენ საჭირო დიაგნოსტიკური ტესტებისა და დამცავი აღჭურვილობების გაყიდვით. 

კოვიდ-19-ის ვაქცინები პაწაწინა მინის სინჯარებშია მოთავსებული, რომელთაგან მრავალს ოჯახური ბიზნესი, Stevanato Group-ი ამზადებს. მისი თავმჯდომარე და საბჭოს ემერიტუსი წევრი 79 წლის სტევანატოა. Stevanato Group-ი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მეთვალყურეობის ქვეშ არსებულ კოვიდ-19-ის ვაქცინათა დაახლოებით 15%-ს ამარაგებს სინჯარებით. ეს 100 მილიონ სინჯარას გულისხმობს, რომლებიც Gates Foundation-ის მიერ დაფინანსებულ ჯგუფში იგზავნება – ჯგუფში, რომელსაც 10 სხვადასხვა ვაქცინის, მათ შორის, Moderna-სა და AstraZeneca-ს, შეფასებაში შეაქვს წვლილი. 1949 წელს, ვენეციის გარეუბანში, სერჯოს მამის, ჯოვანის, მიერ დაფუძნებულმა Stevanato Group-მა მოღვაწეობა ღვინის ბოთლების წარმოებით დაიწყო, მერე კი, 1960-იანებში გეზი ფარმაცევტული ინდუსტრიისკენ იცვალა. 2010-ში, სერჯომ დატოვა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა, მაგრამ კვლავაც 68%-ს ფლობს კომპანიაში. აღმასრულებელ თავმჯდომარედ მისი ვაჟი, ფრანკო, მსახურობს.
სერჯო სტევანატო
$1.9 მილიარდი • სამედიცინო დაფასოება • იტალია

2011 წლიდან ბანსელი Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორია, რომლის კოვიდ­-­19­-ის ვაქცინას აშშ­-­მა დეკემბერში მისცა ნებართვა. რა გასაკვირია, Moderna-ს აქციათა ფასი გასულ წელს 319%-ით გაიზარდა. 

ეს თურქეთში დაბადებული ექიმი BioNTech-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია – კომპანიისა, რომელმაც, Pfizer-თან თანამშრომლობით, კოვიდ­-19­-ის ვაქცინა შექმნა. შაჰინის ცოლი, ოზლემ ტურეცი სამედიცინო დირექტორად მსახურობს. 2020-ის მარტის შუა რიცხვებიდან, აქციათა ფასი გაორმაგებულია. 

გასულ წელს, ვაქცინის ჩინური მწარმოებლის Shenzhen Kangtai Biological Products-ის თავმჯდომარესთან, მილიარდერ დუ ვეიმინთან გაყრის შემდეგ, იუანმა კომპანიაში 24%-იანი წილი მოიპოვა. 

ის საჯარო ბაზარზე ახლად გასული Contec Medical Systems -ის თავმჯდომარეა – კომპანიისა, რომელიც პულსის ოქსიმეტრებსა და ფილტვების შესამოწმებელ ხელსაწყოებს ამზადებს. 

სიცოცხლის მეცნიერებათა ვენჩურ­-­კაპიტალის ფირმა Flagship Pioneering-ის დამფუძნებელი, რომლის მეშვეობითაც ის საჯარო ბაზარზე მბრუნავ თორმეტ ბიოტექნოლოგიურ კომპანიას ფლობს, Moderna-ს თავმჯდომარეც გახლავთ. 

კოლეჯის ყოფილი პროფესორი AbCellera Biologics-ის თანადამფუძნებელია, რომელიც ანტისხეულების მედიკამენტთა იდენტიფიცირებას ახდენს. ამ კომპანიისა და Eli Lilly-ს თანამშრომლობამ FDA -ს მიერ ავტორიზებული  კოვიდ­-19­-ის სამკურნალო საშუალება გამოიღო შედეგად. 

Moderna-ს ოთხი ახალი მილიარდერიდან ერთ­-ერთი, MIT-ის პროფესორი ლენგერი, რომელსაც „მედიცინის ედისონი“ შეარქვეს, 3%-ს ფლობს ამ 2010 წელს შექმნილ კომპანიაში, რომლის დაფუძნებაში თავადაც აქვს წვლილი შეტანილი. 

მისი საჯარო ბაზარზე მბრუნავი სადიაგნოსტიკო ქსელის, Dr. Lal PathLabs-ის აქციათა ფასი 57%-ით გაიზარდა პანდემიის დროს, რაც, თავის მხრივ, მისი ლაბორატორიების მხრიდან კოვიდ­-19­-ის ტესტირების დონის მკვეთრ ზრდას უკავშირდება. 

რედი ექიმია, რომელიც საჯარო ბაზარზე მბრუნავ საავადმყოფოთა ქსელს, Apollo Hospitals Enterprise-ს თაოსნობს. გასულ წელს, როცა საავადმყოფოები კოვიდ­-19­-ის მკურნალობასა და დიაგნოსტირებაზე იყვნენ ფოკუსირებულნი, აქციების ფასი გაორმაგდა. 

Abbott Labs-ის ყოფილი პრეზიდენტი და დღეს ბიოტექნოლოგიური ინვესტორი, შულერი, 7%-ს ფლობს დიაგნოსტიკურ ფირმა Quidel Corp.-ში, რომელიც კოვიდ­-19­-ის ტესტებს ამზადებს. 

ავტორები

რედაქტორი: კერი ა. დოლანი.

რედაქტორის თანაშემწეები: ჩეიზ პიტერსონ-უითორნი, ჯენიფერ ვანგი.

რედაქტორები ქვეყნების მიხედვით: გრეემ ბატონი, გრეის ჩანგი, რასელ ფლანერი, ნააზნინ კარმალი, ნეითან ვარდი.

სიმდიდრის გუნდი: ენჯელ ო-იეუნი, კენრიკ კაი, დენის ჩამი, მეგი ჩენი, დევიდ დოუკინსი, ანასტასია გლიადკოვსკაია, ჯონ ჰაიატი, მაქს ჯედერ-პალმგრენი, მომინა ხანი, სერგეი კლებნიკოვი, ელეინ მაო, ანდრეა მერფი, კრიშტიან სანდორი, არიელ შაპირო, ჟაკომო ტონინი, ჰენკ ტაკერი, ლიზეტ ვიოტკო და რეპორტიორები Forbes-ის ლიცენზირებული გამოცემებიდან ავსტრიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთში, ყაზახეთში, მექსიკაში, პოლონეთში, რუმინეთში, რუსეთში, სლოვაკეთსა და უკრაინაში. 

რეპორტიორები: სიუზან ადამსი, დენ ალექსანდერი, ანდერსონ ანტიუნსი, მეგა ბაჰრი, ნინა ბამბიშევა, მარგერიტა ბილი, მედელინ ბერგი, ჯასტინ ბერნბაუმი, ტიმ ბორეჰამი, იგორ ბოსილკოვსკი, თომას ბრიუსტერი, ნილგუნ კავდარი, შუ-ჩინგ ჯან ჩენი, მუჰამად კოენი, ლაქლან კოლქუჰუნი, ლორენ დებტერი, მაიკლ დელ კასტილო, ჯეიმს დანი, სტივენ ერლიქი, ემი ფელდმენი, ანტუან გარა, ელიზა ჰავერსტოკი, კრისტოფერ ჰელმანი, ავლარო ერნანდეს ზორილა, ჯეინ ჰო, კეიტი ჯენინგსი, ჯეფ კოფლინი, შონ კილაქანდი, ნოა კირში, ალექს ნეპი, ალექს ნორადი, ნიკოლ ლინდსი, კეთერინ ლავი, იან მარტინი, ანის შარიკაჰ მოჰდ მუსლიმინი, სიუზმი ნემი, ლან ან ნგუიენი, ალან ონსმენი, რობერტ ოლსენი, ფისანუ პრომჩანია, ჯონათან პონსიანო, ანუ რაგჰუნათანი, ნატალი რობემედი, ლეა როზენბაუმი, მეტ შიფრინი, ლუსინდა შმიდტი, ლეონარდ შოენბერგერი, ჯეიმს სიმსი, ქლოი სორვინო, დებორა სტეინბორნი, ჯესიკა ტენი, მიჩელა ტინდერა, ოზერ ტიურანი, ელისა ვალენტა, იუ ვანგი, ჯენიფერ უელსი, უილ იაკოვიცი, იტაი ზეჰორაი.

კვლევა: სიუ რადლაუერი. ფოტოკვლევა: მერილი ბერტონი, Gail Toivanen Database: დმიტრი სლავინსკი.

მადლობა: განსაკუთრებული მადლობა სარა ბ. პოტერს, FactSet Research Systems-ს, Orbis by Bureau Van Dijk-ს, PitchBook Data-ს, Real Capital Analytics-ს, Reonomy-ს, S&P Capital IQ-ს, VesselsValue-სა და სხვა ექსპერტებს, რომლებიც რეპორტაჟსა და ღირებულებათა შეფასებაში დაგვეხმარნენ.