ევროკავშირმა BMW-ი და Volkswagen Group-ი $1 მილიარდით დააჯარიმა

ევროკავშირმა BMW-ი და Volkswagen Group-ი $1 მილიარდით დააჯარიმა

ევროკომისიამ BMW-ი და Volkswagen Group-ი 1 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმა. ევროკავშირის განცხადებით, გერმანული ავტომწარმოებლები ვალდებულები იყვნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, შეგნებულად არ იყენებდნენ სპეციალურ შიგაწვის ძრავებს, რომლებიც გარემოსთვის ნაკლებად საშიშ ნარჩენებს გამოყოფენ.

ევროკომისიის განცხადების თანახმად, გერმანული ავტომწარმოებლების, Volkswagen-ის, Audi-ს და Porsche-ს შორის მიღწეული შეთანხმება აზოტის ოქსიდის გაწმენდასთან დაკავშირებით, არღვევს ორგანიზაციის ანტიმონოპოლიურ კანონს. აღნიშნული სასჯელის დაკისრება ეყრდნობა 2009-2014 წლებში ავტომწარმოებლების რეგულარულ ტექნიკურ შეხვედრებზე განხილულ საკითხს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დიზელის აზოტის ოქსიდისგან გაწმენდის თაობაზე.

შესაბამისად, ხუთ ავტომწარმოებელს, BMW-ს, Volkswagen-ს, Audi-ს, Porsche-ს დაDaimler-ს ბრალი ედებათ იმაში, რომ ისინი უგულებელყოფდნენ ევროკავშირის სტანდარტებს და შეგნებულად, სრულად არ მოიხმარდნენ მათ მფლობელობაში არსებულ გაწმენდის ტექნოლოგიებს, რომლებიც მავნე გამონაბოლქვის შესამცირებლად აუცილებელია.

აღნიშნული კანონდარღვევის გამო, ევროკომისიის მიერ Volkswagen-ს 595 მილიონი აშშ დოლარის, ხოლო BMW-ს 442 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. ორგანიზაციის მიერ დაწესებული ჯარიმა არ შეეხო კომპანია Daimler-ს, რადგან მან კარტელური შეთანხმება გამოაააშკარავა.

Volkswagen-ის წარმომადგენლების თქმით, ისინი  ევროკავშირის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. მათი განცხადებით, ევროკომისია შედის ახალ იურისდიქციაში, რადგან პირველად განიხილავს ტექნიკურ კოოპერაციას, როგორც ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევას. გარდა ამისა, ევროპის ყველაზე დიდი ავტომწარმოებლის თქმით, ისინი არ უნდა დაჯარიმდნენ, რადგან მათ მიერ მიღწეული შეთანხმება არ შესრულებულა და, შესაბამისად, არც ერთი მომხმარებელი არ დაზარალებულა. Volkswagen-ი აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ მიღწეული შეთანხმება ტექნიკურ კოოპერაციაზე განახლებას საჭიროებს და არ ერგება თანამედროვე ავტოინდუსტრიის მოთხოვნებს.

შეგახსენებთ, რომ Volkswagen-ში დიზელის ძრავის რეგულაციების დარღვევის გამო გამოძიება ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. გასულ თვეს Volkswagen-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მარტინ ვინტერკორნმა განაცხადა, რომ 14 მილიონი აშშ დოლარის გადახდას აპირებდა, რადგან მისი მმართველობის პერიოდში სათანადოდ ვერ გააკონტროლა დიზელის ტექნოლოგიის არალეგალური გამოყენება.