კარგი შესაძლებლობების გამოტოვების შიშმა, რომელიც გამოწვეულია საფონდო ბირჟაზე აქციების რეკორდული ფასებითა და კრიპტოვალუტების ბუმით, ათასობით ამერიკელი ახალგაზრდა აიძულა ვაჭრობასა და ინვესტირებაში ჩაბმულიყო. კოვიდ-19-ის პანდემიის კრიზისიდან აღდგენის პარალელურად, სულ უფრო მეტი მილენიალი ტოვებს სამსახურს და იწყებს ინვესტირებას როგორც კერძო კომპანიათა აქციებში საფონდო ბირჟებზე, ისე ციფრულ ვალუტებში.
ამის მიზეზი კი ძალიან მარტივია. 2020 წლის მარტის შემდეგ აქციათა ბაზარი დაახლოებით 100%-ით გაიზარდა. შესაბამისად, მალე გამდიდრებას ცდუნებამ ამერიკელ ახალგაზრდებს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება ზედმეტად ადრეულ ასაკში აიძულა.
თუმცა, მალე გამდიდრების სურვილს თან დიდი რისკებიც ახლავს. რეგულარულ სამსახურებში დაბალი ხელფასებით იმედგაცრუებული მილენიალები ფიქრობენ, რომ საკუთარ ცხოვრებას თავად წარმართავენ და გამდიდრებას სწრაფი ტემპებით შეძლებენ. თუმცა, ფინანსური განათლების ნაკლებობამ ახალგაზრდებს შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას იმ შემთხვევაში თუ ბაზარზე რყევები იქნება ან სულაც ჩამოიშლება.
ფინანსური ჯგუფის, RDM-ის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის განმარტებით, მილენიალების ქმედება ლას-ვეგასის ატმოსფეროს წააგავს, სადაც თამაშის დროს შეიძლება გიმართლებდეს. თუმცა, მოვლენები იმაზე სწრაფად შეიძლება შეიცვალოს და შენს წინააღმდეგ შემოტრიალდეს, ვიდრე ამას მოელი.
კოვიდ პანდემიამ 17 თვის წინ ფინანსური ბაზრები 34%-ით შეამცირა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური ჩავარდნაა დიდი დეპრესიის შემდეგ. ბაზრის ჩავარდნამ კი საერთო ჯამში 9.5 ტრილიონი აშშ დოლარის სიმდიდრე გაანადგურა. ეს შემთხვევა კი ძალიან ჰგავს მილენიალების ინვესტირებიდან მომდინარე საფრთხეებსა და რისკებს.