გასულ კვირას, პალო ალტოში, Tesla-მ წლის მთავარი ღონისძიება – ხელოვნური ინტელექტის დღე – გამართა, რომელზეც სუპერკომპიუტერ „დოჯოს“ ახალი ჩიპი, მათი მანქანების სრულად თვითმართვადი რეჟიმი და, ჰუმანოიდი რობოტი წარმოადგინა. თუმცა, ამაზე მოგვიანებით.
ერთ-ერთი სიახლე, რომელიც Tesla-ს ამ ღონისძიებაზე გამოჩნდა – D1 ჩიპია, რომელიც კომპანიის სუპერკომპიუტერ „დოჯოს“ ასაზრდოებს. „დოჯო“ უზარმაზარი ნეირონული ქსელია, რომელიც დიდი რაოდენობით მონაცემებს, ფოტო და ვიდეო მასალას ამუშავებს – მეტიც, Tesla-ს მთლიან არქიტექტურას ფაქტობრივად „დოჯო“ მართავს. D1 ჩიპი 7 ნანომეტრიანია და 362 ტერაფლოპის სიმძლავრეს ავითარებს, რაც კომპანიის ხელმძღვანელების თქმით, მათ პროდუქტს ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მძლავრ სუპერკომპიუტერად აქცევს. მსგავსი ტიპის ჩიპებს აწარმოებენ კომპიუტერული გიგანტები Intel და Nvidia და სტარტაპი Graphcore.
ფოტო: Tesla
ჩიპის წარდგენის გარდა, Tesla-ს ხელმძღვანელებმა სუპერკომპიუტერ „დოჯოს“ არქიტექტურაზეც ისაუბრეს: რამდენიმე ასეთი ჩიპი ერთ ფილად ერთიანდება, ხოლო რამდენიმე ფილა – სერვერის კაბინეტად, რაც საბოლოო ჯამში, 9 პეტაფლოპის სიმძლავრეს წარმოშობს. აი, ეს ყველაფერი, მთლიანობაში, სუპერკომპიუტერ „დოჯოს“ ქმნის.
ახალი D1 ჩიპის გარდა, Tesla-მ მათი მანქანების სრულად თვითმართვადი რეჟიმი წარმოადგინა: პრეზენტაციის დასაწყისში, ათი წუთის განმავლობაში ნაჩვენებია ვიდეო, თუ როგორ მოძრაობს Tesla-ს ერთ-ერთი ავტომობილი ქუჩაში – ის ზოლიდან ზოლში გადადის, შუქნიშნის წითელ ნიშანზე ჩერდება, საფეხმავლო გადასასვლელებთან ჩერდება და ფეხით მოსიარულეებს ატარებს. ეს თვისებებიც, სუპერკომპიუტერ „დოჯოს“ დამსახურებაა. „თუმცა, ეს ტექნოლოგია მხოლოდ Tesla-ს მანქანებში როდი გამოიყენება, – აღნიშნა Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა. „თქვენ, ვინც სრულად თვითმართვადი ტექნოლოგიის ბეტა-ვერსიის შესაძლებლობები ნახეთ, ხედავთ, თუ რა ჩქარა სწავლობს ტარებას Tesla-ს ნეირონული ქსელი. ეს ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი კონკრეტული გამოყენებაა, თუმცა, ჩემი აზრით, მისი გამოყენება კიდევ ბევრნაირად შეიძლება და ამ ყველაფერს მალე გავიგებთ“.
პრეზენტაციის ბოლოს, რომელიც პირდაპირ ეთერში იმართებოდა, სცენაზე რობოტის თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი ამოვიდა და ელექტრონული მუსიკის თანხლებით ცეკვა დაიწყო. „დოჯოსგან განსხვავებით, ეს ნამდვილი სულაც არ იყო. თუმცა, Tesla Bot ნამდვილი იქნება. „Tesla რობოტიკის ინდუსტრიაში მსოფლიოს უდიდესი კომპანიაა, რადგან ჩვენი მანქანები, ნახევრად სულიერი ბორბლებიანი რობოტები არიან“, – თქვა მასკმა და დასძინა, რომ „ამ ყველაფრისათვის ადამიანის მსგავსი ფორმის მიცემა – ბუნებრივად შემდეგი ნაბიჯია“. აღსანიშნავია, რომ Tesla Bot-ი მეგობრული იქნება და ძირითადად იმ საქმეებით დაკავდება, რომლებიც განმეორებითი და მოსაბეზრებელია – საყიდლებზე სიარული, ჭურჭლის რეცხვა და ა.შ.
ფოტო: Tesla
აღსანიშნავია, რომ Tesla სულაც არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ადამიანის მსგავს რობოტებს აწარმოებს. ასეთია Honda-ს Asimo, რომელიც წლების განმავლობაში საგრძნობლად დაიხვეწა. მსგავსი რობოტები Toyota-ს და GM-საც ყავთ. თუმცა, არც ერთი მათგანის უკან „დოჯოს“ მსგავსი სუპერკომპიუტერი არ დგას.