თუკი პოსტსაბჭოთა საქართველოს წარმატებული ბიზნესსექტორების ჩამოყალიბების ისტორიას გადავავლებთ თვალს, ადვილად აღმოვაჩენთ სამშენებლო ინდუსტრიის განსაკუთრებულ ადგილს. 2020 წლის მონაცემებით: წილი ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში – 12,9%, 100 000-მდე დასაქმებული, მშპ-ის 8,9%, ბრუნვა – 8,3 მლრდ ლარი, ათასობით წარმატებული პროექტი და მხოლოდ ერთ წელიწადში შექმნილი 3,5 მლრდ ლარის დამატებითი ღირებულება! იმავდროულად – მუდმივი, თანამდევი ბუნდოვანება სამშენებლო ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით… მოქმედი სტანდარტები წარმოადგენს გასული საუკუნის 80-იანი წლების მემკვიდრეობისა და თანამედროვე მოთხოვნების „უნიკალურ“ სინთეზს – არასრულად და ქაოსურად ინტეგრირებულ ევროპულ თუ მსოფლიო ნორმებს.
მართალია, არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, პროექტების შემსრულებლებს მინიჭებული აქვთ თავისუფლება – გამოიყენონ ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებიდან სასურველი, თუმცა დანერგილი პრაქტიკა არ შეცვლილა და პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა ხორციელდება ე.წ. „სნიპების“ გამოყენებით – რაც თავშივე გამორიცხავს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მასალების გამოყენების ადაპტირების შესაძლებლობას. იმავდროულად, მთავრობის დადგენილებით სამოქმედოდ დაშვებული, ერთდროულად 37 ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტი ქმნის ფაქტობრივად უკონტროლო, მნიშვნელოვანი რისკების შემცველ ქაოსურ გარემოს.
არსებული გამოწვევები მხოლოდ ზემოთქმულით არ შემოიფარგლება: დღეისათვის სფეროში არ არსებობს ინდუსტრიის შემადგენელი საქმიანობისა და პროფესიების სერტიფიცირებისა და ლიცენზირების განსაზღვრული წესი, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ – თუნდაც ელემენტარული გამოცდილების არმქონე კომპანიას – შეუძლია, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს მშენებლობის რთული და საპასუხისმგებლო პროცესი.
კვალიფიციური კადრების დეფიციტის ფაქტორი მნიშვნელოვან რისკებს წარმოშობს მშენებლობის პროცესის დაპროექტებისა თუ სამუშაოების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. სუსტი ადმინისტრირების პირობებში, არ ხდება სამშენებლო მასალების ხარისხის ფაქტობრივი შემოწმება იმპორტამდე.
სახელმწიფო შესყიდვები და სხვადასხვა მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები
სამშენებლო ინდუსტრია წარმოადგენს, ფაქტობრივად, ერთადერთ სექტორს, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილებით განსაზღვრული აქვს სახელმწიფო შესყიდვისას სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯების ზღვრული პროცენტული ოდენობა – 10%. პარადოქსია, მაგრამ, უკანასკნელ პერიოდში, შრომის უსაფრთხოების კუთხით ამოქმედებული და საგრძნობლად გამკაცრებული რეგულაციებით გათვალისწინებული საკმაოდ სოლიდური ხარჯების დაფარვა კომპანიებს სწორედ ზღვრული ზედნადები ხარჯების ფარგლებში უწევთ (ხარჯთაღრიცხვებში სათანადო ხარჯის გრაფის არარსებობის გამო). სახელმწიფო შესყიდვების პირობებში, მნიშვნელოვან გამოწვევად გვევლინება „ფასი-ხარისხის“ მკაფიო შუალედის მექანიზმის არქონა, რაც, საბოლოოდ, დამკვეთის მიერ ხარისხიანი მომსახურების შესაბამის ფასად მიღების შესაძლებლობაში აისახება. ინფრასტრუქტურული პროექტები – უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და მათ განხორციელებაში დახარჯული მილიარდობით ლარი მთლიანი სექტორისთვის უნდა წარმოადგენდეს გრძელვადიანი ეფექტის გარანტს.
დღეს სამშენებლო და დეველოპერული ინდუსტრია გზაგასაყარზეა – ერთ მხარეს არის წლების მანძილზე გადმოყოლილი ინერცია – დერეგულაციის ეგიდით, „გოსტების“, „სნიპებისა“ და 37 ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტების აღიარებით შექმნილი ქაოსი და განვითარების ბუნდოვანი პერსპექტივა; მეორე მხარე ჯერ შესაქმნელი და ჩამოსაყალიბებელია – ინდუსტრიისათვის მკაფიო და ერთიანი სტანდარტით, ეფექტიანი ადმინისტრირებით, განვითარების თანამიმდევრული პოლიტიკითა და რეგულაციებით. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძალისხმევა და ცვლილებები აუცილებლად მოიტანს შედეგს!