არარეზიდენტების კუთვნილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რაოდენობა 16%-ით შემცირდა

არარეზიდენტების კუთვნილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რაოდენობა 16%-ით შემცირდა

TBC Capital-მა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ყოველკვირეული მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აგვისტოში არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ოდენობა 106 მილიონი ლარით შემცირდა. მიმოხილვაში აღნიშნულის გამომწვევ ორ მიზეზზეა საუბარი.

პირველის თანახმად, შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი კოვიდ-19-ის ახალი შტამის, დელტას განსაკუთრებით მზარდი გავრცელებაა. მეორე ფაქტორი კი უფრო ფინანსური სახისაა და ის აგვისტოს ბოლოს ჯექსონ ჰოლის სიმპოზიუმზე ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მოსალოდნელი განცხადება უნდა ყოფილიყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ.

დღევანდელი მდგომარეობით, ოპტიმისტური წარმოდგენების გამო, ლარის ფასიან ქაღალდებზე არარეზიდენტების მოთხოვნის ზრდა არის მოსალოდნელი.

საინტერესოა, რომ განსხვავებით, ეროვნული ბანკისგან, კომერციული ბანკებისა და რეზიდენტების მფლობელობაში არსებული ლარის სახელმწიფო ქაღალდების ოდენობაც და წილიც გაზრდილია. საქართველოს ეროვნული ბანკის შემთხვევაში ფასიანი ქაღალდების რაოდენობის გაზრდა აპრიორი არ ნიშნავს ფულის მასის ზრდასაც, იქიდან გამომდინარე, რომ მეტწილად აღნიშნული ქმედება კომერციული ბანკებისაგან რეფინანსირების ფარგლებში უკვე დაგირავებული ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის შედეგს წარმოადგენს.

ყურადსაღებია ისიც, რომ ლარის მოკლევადიანი განაკვეთები გრძელვადიანზე მეტია, რაც დიდწილად მოლოდინების შედეგი უფროა. TBC Capital-ი ვარაუდობს, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2022 წლის მე-2 კვარტალში დაიწყება.