შვედეთის სამეფო ინსტიტუტის ნობელის ასამბლეამ ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 2021 წლის ნობელის ლაურეატები გამოავლინა. მათ შორისაა ამერიკელი ფიზიოლოგი დევიდ ჯულიუსი და ამავე ქვეყანაში მოღვაწე, სომხური წარმოშობის მეცნიერი არდემ პატაპუტიანი, რომელიც მოლეკულური და ნეორობიოლოგიის სპეციალისტია.
ნობელის პრემიის ლაურეატები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გამართულ ღონისძიებაზე ნობელის ასამბლეისა და კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, თომას პერლმანმა დაასახელა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეცნიერებმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ტემპერატურისა და შეხების რეცეპტორების აღმოჩენისთვის დაიმსახურეს.
როგორც ცნობილია, დევიდ ჯულიუსმა ნერვული რეცეპტორების გამოსავლენად, რომელთა მეშვეობითაც კანი სითბოზე რეაგირებს, წიწაკის შემადგენლობაში შემავალი და მისი სიცხარის განმსაზღვრელი ნივთიერება, კაპსაიცინი გამოიყენა. ეს უკანასკნელი კანთან ურთიერთქმედებისას წვის შეგრძნებას იწვევს. რაც შეეხება არდემ პატაპუტიანს, მან უჯრედებში წნევისადმი მგრძნობიარე რეცეპტორებს მიაკვლია, რომლებიც მექანიკურ გამღიზიანებელზე რეაგირებენ. აღსანიშნავია, რომ ამ მეცნიერებმა გასულ წელს ნეირობიოლოგიის დარგში კავლის პრემია მოიპოვეს. მათ ოქროს მედლები და ფულადი ჯილდოს სახით 1 მილიონი აშშ დოლარი გადაეცათ.
ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. ეს ჯილდო დღემდე 112-მა მეცნიერმა დაიმსახურა. გასულ წელს აღნიშნულ დარგში ნობელის პრემია მაიკლ ჰოითონმა, ჩარლზ რაისმა და ჰარვი ალტერმა მოიპოვეს. მათ ჯილდო C ჰეპატიტის ვირუსის იდენტიფიცირებისთვის გადაეცათ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ნობელის ლაურეატები სხვადასხვა დარგში 4-დან 11 ოქტომბრამდე დასახელდებიან.