Facebook-მა გუშინდელი 6-საათიანი გათიშვა კონფიგურაციის გაუმართავ ცვლილებას დააბრალა. მთელი ამ დროის განმავლობაში Facebook-სა და მის მფლობელობაში არსებულ პლატფორმებზე, Messenger-ზე, Instagram-სა და Whatsapp-ზე წვდომა 3.5 მილიარდ ადამიანს ჰქონდა შეზღუდული. კომპანიას ინციდენტთან დაკავშირებულ განცხადებაში არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ მოახდინა კონფიგურაციის ცვლილება ან დაგეგმილი ქმედება იყო ეს თუ შემთხვევითობა.
Facebook-ის თანამშრომლების ინფორმაციით, შიდა საკომუნიკაციო საშუალებებისა და სხვა რესურსების გაუმართაობამ არსებული ხარვეზი კიდევ უფრო გაამძაფრა და პრობლემის აღმოფხვრა გააჭიანურა. სფეროს ექსპერტების ვარაუდით, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც ინსაიდერული შეცდომა, ისე საბოტაჟის მცდელობაც.
საინტერესოა, რომ ხარვეზი, რომლითაც პლატფორმაზე წვდომა მილიარდობით ადამიანს ჰქონდა შეზღუდული მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ფეისბუკის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი იყო.
უცნაურია, რომ ინციდენტი დაემთხვა ფეისბუკის ირგვლივ გუშინ აგორებულ სკანდალს. სკანდალი Whistleblower-ის განცხადებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც კომპანიის პრიორიტეტი ფინანსური სარგებლის მიღება იყო, რის გამოც სიძულვილის ენასა და დეზინფორმაციაზე ხშირად თვალს ხუჭავდა.
ბუნებრივია, რომ ტექნიკური ხარვეზი ფინანსურ ზარალშიც ითარგმნა. ფეისბუკის აქციათა ფასები გუშინ 4.9%-ით შემცირდა, რაც გასული წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური კლებაა. ხარვეზის გამო ფეისბუკის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა თითქმის 7 მილიარდი აშშ დოლარი იზარალა.