მსოფლიოში კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა

გასული ორი წლის განმავლობაში Covid-19-ის გამო 5 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის დელტა ვარიანტი კვლავ განაგრძობს ადამიანების აქტიურად დაინფიცირებას, მეცნიერები კი ახალი შტამების მუტაციასაც არ გამორიცხავენ. ორშაბათის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა ზუსტმა რიცხვმა 5,000,425 შეადგინა, რაც აღნიშნულ პანდემიას მსოფლიო პანდემიათა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებლად აქცევს.

ვირუსმა ყველაზე მეტად შეერთებული შტატები დააზარალა, სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 745,836 ადამიანია. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჩინეთში პირველად 2019 წლის ბოლოს გამოჩნდა და ის დღემდე მძვინვარებს მთელ  მსოფლიოში.

გარდაცვლილთა რიცხვის კლებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო Covid-19-ის საწინააღმდეგო იმ ვაქცინებმა, რომელთაც შესაბამისი ორგანოები ფართოდ აღიარებენ. იმისდა მიუხედავად, რომ ვაქცინაცია ძირეულად არ ცვლის ვირუსით დაინფიცირების რისკსა და ახალი შემთხვევების რაოდენობებს, ის ერთიორად ამცირებს კოვიდდადასტურებული პაციენტის ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას და ფატალობის შესაძლებლობას.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინაციის ტემპები მნიშვნელოვნადაა შემცირებული 2021 წლის დასაწყისთან შედარებით. განვითარებულ ქვეყნებსა და განვითარებადი სახელმწიფოების მცირე რაოდენობაში ამჟამად მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 70%-ია აცრილი.  თუმცა, განვითარებადი სამყაროს უმეტესობაში, აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და თითქმის მთელ აფრიკაში ვაქცინაციის ტემპები დიდი შეფერხებით მიმდინარეობს, რაც ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს დიდ ბრიტანეთში კოვიდის სამკურნალო პირველი აბი დამტკიცდა, რაც დიდი ალბათობით სიკვდილიანობის მაჩვენებელს კიდევ უფრო შეამცირებს.

რაც შეეხება საქართველოს, აქ ამჟამად ჩატარებული აცრების რაოდენობა 1 995 150-ს შეადგენს. სრულად ვაქცინირებული კი 948 507 ადამიანია. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ვაქცინაციის ტემპები საკმაოდ დიდი იყო, თუმცა დღესდღეობით ის საკმაოდ შენელებულია. აქტიურად ისმის მოწოდებები სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, თუმცა საკოორდინაციო საბჭო ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავს. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 35%.