Kongo Gumi, იაპონიაში დაფუძნებული სამშენებლო კომპანია, რომელიც ტაძრების აგებაშია სპეციალიზებული, უკვე 1443 წელია არსებობს. 2006 წლამდე ის საოჯახო საკუთრებაში იყო და დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა. აღნიშნულ პერიოდამდე Kongo Gumi მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივად და უწყვეტად მოქმედი დამოუკიდებელი კომპანიის სტატუსს ინარჩუნებდა. მოცემული დროისთვის კი ის უძველეს კომპანიად არის მიჩნეული.
Kongo Gumi სათავეს მე-6 საუკუნიდან იღებს. 578 წელს იაპონიის პრინცმა შოტოკუმ ქვეყანაში ბუდისტური ტაძრის ასაგებად ცნობილი კორეელი მშენებელი, შიგემიცუ კონგო მიიწვია. ეს უკანასკნელი მეზობელ სახელმწიფოში ოჯახთან ერთად გადასახლდა. ვინაიდან ამ პერიოდისთვის იაპონიაში ბუდიზმი ახალი რელიგია იყო, ქვეყანას არ ჰყავდა მშენებლები, რომლებიც რელიგიური ნაგებობის დაგეგმარებას შეძლებდნენ. აქედან გამომდინარე, პრინცმა შოტოკუმ აღნიშნული საქმე შიგემიცუ კონგოს დაავალა. მან „ოთხი ზეციური მეფის“ ტაძარი ააგო, რომელიც იაპონიის ქალაქ ოსაკაში დღემდე დგას.
ამავე წელს შიგემიცუს ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა სამშენებლო ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა, რომელიც მოგვიანებით Kongo Gumi-დ იქცა. მას შემდეგ კომპანიას კონგოს შთამომავლები მართავდნენ. აღსანიშნავია, რომ მე-17 საუკუნისდროინდელ, 3 მეტრი სიგრძის გრაგნილზე Kongo Gumi-ის ხელმძღვანელებია აღნუსხული. კომპანიის არსებობის ხანგრძლივ ისტორიას იაპონიაში ბუდისტების სიმრავლეს უკავშირებენ. სწორედ ბუდისტური ტაძრების მშენებლობის ბიზნესი წარმოადგენდა Kongo Gumi-ის შემოსავლის 80%-ს. აღსანიშნავია, რომ კომპანია ასევე აგებს სალოცავებს, რომლებიც გონების დასამშვიდებლად არის განკუთვნილი.
14-საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში კომპანიას არაერთი ცნობილი ნაგებობის მშენებლობაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორისაა ოსაკის ციხესიმაგრე, რომელიც მე-16 საუკუნეში აშენდა. ასევე აღსანიშნავია, რომ Kongo Gumi თავისი არსებობის განმავლობაში მრავალი ბუნებრივი კატასტროფის, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის მომსწრე გახდა. ის მეორე მსოფლიო ომის დროს ორ ატომურ ბომბს გადაურჩა და ფუნქციონირება შეუფერხებლად განაგრძო. 2006 წლის იანვარში მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო Kongo Gumi გაკოტრდა და დაიხურა. ამ დროს კომპანიის პრეზიდენტი მასაკაცუ კონგო იყო.
Kongo Gumi-ის ფინანსური კრიზისი აზიურ ქვეყანაში 1980-იან წლებში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. იაპონიის ბანკმა (BoJ) კომპანიებს დაბალი საპროცენტო განაკვეთი შესთავაზა, რამაც მათ დიდი რაოდენობით ვალის აღება გადააწყვეტინა. ამან ე.წ. „აქტივების ბუშტის“ წარმოქმნა განაპირობა. ეს უკანასკნელი მაშინ ყალიბდება, როდესაც აქციების, ობლიგაციების, უძრავი ქონებისა თუ საქონლის ფასი ძირითადი ფუნდამენტური საფუძვლების გარეშე იზრდება. 1989 წელს „ბუშტი გასკდა“, აქტივები გაუფასურდა და კომპანიებს მხოლოდ ვალები დარჩათ.
2006 წლის დეკემბერში გაკოტრებული Kongo Gumi კორპორაცია Takamatsu Construction Group-მა შეიძინა და ის აღნიშნული პერიოდიდან დღემდე მისი შვილობილი კომპანიის სტატუსს ატარებს. ცნობისთვის, აქტივების ლიკვიდაციამდე Kongo Gumi-ში 100-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. 2005 წლის მონაცემებით მისმა წლიურმა შემოსავალმა 70 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.