ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ატლანტაში დაფუძნებულმა სტარტაპმა Hermeus-მა რეაქტიული ძრავა წარადგინა, რომლითაც თავის ჰიპერბგერითი თვითმფრინავის პროტოტიპი Quarterhorse-ი აამუშავა. აღნიშნული მოვლენის ამსახველი ვიდეო კომპანიის იუთუბის არხზე გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, Hermeus-ი 2018 წელს დაარსდა. სტარტაპის მიზანი კომერციულ ფრენებში ჰიპერბგერითი ტრანსპორტის შემოტანაა. Hermeus-ს სურს, მისი თვითმფრინავებით ადამიანები ჩვეულებრივზე 5-ჯერ უფრო ნაკლებ დროში გადაადგილდნენ. ეს არა მხოლოდ სწრაფი ტრანსპორტირების თვალსაზრისით იქნება მოგებიანი, არამედ ამ გზით კომპანია გლობალურ ეკონომიკურ ზრდაში საკუთარი წვლილის შეტანას შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში Hermeus-მა აშშ-ის საჰაერო ძალებისგან $60-მილიონიანი გრანტი მიიღო. როგორც კომპანიის მთავარი საოპერაციო დირექტორი, სკაილერ შაფორდი აცხადებს, ჰიპერბგერითი თვითმფრინავის კონცეფციის პროტოტიპამდე გადაქცევისთვის Hermeus-ს სულ რაღაც ოთხი თვე დასჭირდა.
პროტოტიპი Quarterhorse-ი ტურბორეაქტიულ ძრავა GE J85-ს იყენებს. მსგავს ტექნოლოგიას ჰიპერბგერით რაკეტებში უკვე ვხვდებით, თუმცა კომპანიის მიზანი მისი სამგზავრო თვითმფრინავებში გადატანაა. იქიდან გამომდინარე, რომ Hermeus-ი აშშ-ის საჰაერო ძალებთან თანამშრომლობს, არ არის გამორიცხული, მან აღნიშნულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სამხედრო თვითმფრინავებიც აწარმოოს.
წინასწარი ინფორმაციით, Hermeus-ის ჰიპერბგერითი თვითმფრინავი სადებიუტო საცდელ ფრენას მომავალი წლის დასაწყისში შეასრულებს. როგორც ცნობილია, აპარატის საბოლოო ვერსია 4,800 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილებას შეძლებს. შედარებისთვის, მსგავსი სიჩქარით მოძრავი თვითმფრინავით ნიუ-იორკიდან ლონდონში 90 წუთში ჩახვალთ. ამჟამად ამისთვის 7 საათია საჭირო.