ყველაზე პოპულარული შვედური პოპჯგუფი ABBA სტოკჰოლმში, 1972 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან, ჯგუფმა მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 400 მილიონი ალბომი გაყიდა. ABBA-ს წევრები კი, აგნეტა ფელტსკოგი, ბენი ანდერსონი, ბიორნ ულვეუსი და ანი-ფრიდ ლიუნგსტადი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ შემსრულებლებს შორის არიან. ანდერსონი და ულვეუსი ისეთი წარმატებული მიუზიკლების ავტორები არიან, როგორიცაა: Chess-ი, Christina of Duvemola და Mamma Mia, ასევე ისინი არიან ფილმ Mamma Mia-ს პროდიუსერებიც. მხოლოდ Mamma Mia-ს მიუზიკლმა ჯამში $4-მილიარდიანი მოგება ნახა, ხოლო 2016 წლის ფილმმა ანდერსონსა და ულვეუსს $60 მილიონი მოუტანა. რაც შეეხება ანი-ფრიდს, მისი ქონება $300 მილიონადაა შეფასებული, თუმცა საკუთრების დიდი ნაწილი მეუღლის მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას უკავშირდება.
ხუთ ნოემბერს შვედურმა კვარტეტმა ABBA-მ რიგით მეხუთე, თუმცა, როგორც მუსიკოსები განმარტავენ, მათ დისკოგრაფიაში ბოლო ალბომი გამოუშვა. საინტერესოა, თუ რა ფაქტორებმა მიაღებინა ერთ-ერთ უმდიდრეს პოპჯგუფს 39 წლის შემდგომ ხელახლა გაერთიანების გადაწყვეტილება და როგორ დაეხმარა თანამედროვე ტექნოლოგიები ABBA-ს დამატებით უფრო დიდი მოცულობის თანხის გამომუშავებაში.
პოპჯგუფის სოლისტმა ანი-ფრიდმა ირლანდიურ RTE-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერანაირი თანხა ვერ მოახდენდა გავლენას ABBA-ს გადაწყვეტილებაზე გაერთიანებასთან დაკავშირებით. თუმცა დასძინა, რომ შესაძლოა ჯგუფში ზოგჯერ ახალი სიმღერის ჩაწერასაც განიხილავენ, მაგრამ მხოლოდ ჩაწერას და სხვა არაფერს. მედიაში რეგულარულად გაერთიანების შესახებ ჭორების გავრცელების მიუხედავად, 2000 წელს ჯგუფმა უარი თქვა ბრიტანულ-ამერიკული კონგლომერატის $1-მილიარდიან შემოთავაზებაზე, რომელიც მხოლოდ 250 შოუზე გამოსვლას ითვალისწინებდა. ჯგუფი 2014 წელს შეიკრიბა ევროვიზიაზე Waterloo-ს გამარჯვების მეორმოცე წლისთავის დასაგეგმად, ამის შემდგომ კი, 2016-ში, შვედურმა კვარტეტმა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, იმავე სცენაზე, Super Trouper ალბომიდან სიმღერა Me and I შეასრულა.
შვედური კვარტეტის მომავალი ტური, რომლის წარმატებაც ეჭვგარეშეა, შემდეგ წელს გაიმართება. ეს არ იქნება კლასიკური ტური და არც მსგავსი ABBA-ს იმ კონცერტებისა, რომლებსაც მიჩვეულები ვართ. თითოეული კონცერტი ლონდონში სპეციალურად აშენებულ ადგილას გაიმართება და ცოცხალი მუსიკოსების ნაცვლად, სცენაზე მათ ციფრულ ასლებს – „აბბატარებს“ ვიხილავთ. ვირტუალურ ABBA-ს კი აკომპანირებას ათი მუსიკოსისგან შემდგარი ცოცხალი ანსამბლი გაუწევს. The Guardian-თან ინტერვიუში ანდერსონმა და ულვეუსმა განმარტეს, რომ „აბბატარები“ ჩაფიქრებული იყო, როგორც ორგანზომილებიანი პროექცია ეკრანზე, თუმცა ეს ჰოლოგრამებს არ ეხებოდა. რაც შეეხება ABBA-ს ხმებს, ის სპეციალურად შოუსთვის ჩაიწერა, თუმცა „აბბატარების“ ხმების ჟღერადობა მხოლოდ 2022 წლის მაისში, პირველი კონცერტების დაწყებისთვის გახდება ცნობილი.
ვირტუალური ABBA-ს შექმნის იდეა ხუთი წლის წინ გაჩნდა – მაშინ როდესაც Spice Girls-ის პროდიუსერმა საიმონ ფულერმა, რომელიც თანხებს ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებში დებს, მუსიკოსებთან კონტრაქტი გააფორმა. ფულერმა შესთავაზა ჯგუფის წევრებს, შეექმნათ კონცერტების ახალი კონცეფცია, სადაც მათ პირადად სცენაზე გამოსვლა არ მოუწევდათ. საბოლოოდ კი, ამჟამად Disney-ის საკუთრებაში არსებული Industrial light & Magic-ის საშუალებით „აბბატარების“ შეიქმნა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საინტერესო საკითხი „აბბატარების“ რეპერტუარია. როგორც გაირკვა, ახალი სიმღერებიდან დიგიტალიზაციის ხანგრძლივი პროცესის გამო, ABBA-მ მხოლოდ ორი სიმღერის – I Still Have Faith in You-ისა და Don’t Shut Me Down-ის ვერსიები მოამზადა. კიდევ რას წარადგენენ ვირტუალური მუსიკოსები კონცერტზე, ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა ცნობილია, რომ ჰიტების გარდა მომღერლები თავიანთ ნაკლებად პოპულარულ სიმღერებსაც გაიხსენებენ.
აღსანიშნავია, რომ ABBA თავდაპირველად მხოლოდ ორი სიმღერის ჩაწერას გეგმავდა, თუმცა ახალი ალბომისთვის საკმარისი მასალა დაგროვდა. Voyage-ი ცხრა ახალ ნამუშევართან ერთად კომპოზიცია Just a Nation-ს აერთიანებს, რომლის ვოკალიც მუსიკოსებმა ჯერ კიდევ 1978 წელს ჩაწერეს, ახლა კი თანამედროვე არანჟირებაც დაურთეს.
Voyage-მა კი პოპჯგუფის ფანები ორ ბანაკად უკვე დაყო: თუ ერთი ნაწილი მოხარულია ჯგუფის დაბრუნებით და გათანამედროვებით, მეორე ნაწილს საფირმო ხმის მოსმენა სურს. მიუხედავად ამისა, Voyage-ი ერთ კვირაზე მეტხანს დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში და, რა თქმა უნდა, შვედეთში, ჩარტების სათავეში იყო წარმოდგენილი. გაერთიანებულ სამეფოში ჯგუფმა რეკორდი დაამყარა წინასწარი შეკვეთების რაოდენობით (111,000 წინასწარი შეკვეთა), გერმანიაში 200,000 ეგზემპლარი გაიყიდა, ამერიკის შეერთებული შტატების რეიტინგში კი მე-14 ადგილი დაიკავა. ალბომმა კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა და, Metacritic-ის მონაცემებით, 100-დან 72 ქულა დააგროვა.
ფაქტია, რომ ABBA-ს ახალი ნამუშევრის და გაციფრულების შესახებ როგორც ფანების, ასევე კრიტიკოსების აზრი ორადაა გაყოფილი. ამის მიუხედავად, ჩანაწერების გაყიდვები აჩვენებს, რომ მსოფლიო ლეგენდარული ჯგუფის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა. Voyage-ით კი, როგორც მუსიკოსები აცხადებენ, მათი უკანასკნელი ერთობლივი ნამუშევრით, დასრულდება ლეგენდარული შვედური პოპჯგუფის „ცოცხალი“ სახით არსებობა და მომავალი წლიდან მხოლოდ და მხოლოდ „აბბატარები“ იარსებებს.