აბრამოვიჩი „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული თანხის ჩამორთმევას გაასაჩივრებს

აბრამოვიჩი „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული თანხის ჩამორთმევას გაასაჩივრებს

ფოტო: Alexander Hassenstein/UEFA/Getty Images

 

რომან აბრამოვიჩი ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ($3.34 მილიარდი) ჩამორთმევას აპროტესტებს და სასამართლოში ჩივილით იმუქრება. რუსი ოლიგარქის ადვოკატების განცხადებით, აბრამოვიჩი მიიჩნევს, რომ თანხა სრულად მას ეკუთვნის, გაერთიანებული სამეფოს ქმედება კი „პოლიტიკურად მოტივირებულია“.

უფლებადამცველთა ინფორმაციით, აბრამოვიჩი კვლავ ერთგულია „ჩელსის“ გაყიდვისას აღებული ვალდებულებისა, რომ მიღებული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდეს, თუმცა ტრანზაქციის პროცესს თავად გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება აფერხებს. რუსი მილიარდერის ადვოკატების განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, შექმნილი ვითარება აბრამოვიჩის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიების ფორმად გამოიყენოს.

გაერთიანებული სამეფოს გეგმით, „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული თანხა, რომელიც ამჟამად გაყინულია და ქვეყნის საბანკო ანგარიშებზე ინახება, მხოლოდ უკრაინის დასახმარებლად უნდა გადაირიცხოს. თუმცა აბრამოვიჩი, ადვოკატთა თქმით, თანხის ჰუმანიტარული მიზნებისთვის გამოყენების პროცესში მეტ მოქნილობას ითხოვს. კონფისკაციის პროცედურის ოფიციალურად დაწყების შემთხვევაში კი აბრამოვიჩის ადვოკატები სასამართლოში ჩივილით იმუქრებიან.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო კავშირების გამო, გაერთიანებულმა სამეფომ აბრამოვიჩს სანქციები 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაუწესა. რუსმა ოლიგარქმა „პრემიერლიგის“ საფეხბურთო კლუბი დაჩქარებული წესით გაყიდა, თუმცა მას შემდეგ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, რაც თანხის უკრაინისთვის გადარიცხვას გულისხმობს, უარს აცხადებს.

შედეგად, „ჩელსის“ გაყიდვიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგაც, 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი გაყინულია და გაერთიანებული სამეფოს საბანკო ანგარიშზე ინახება. გასული წლის დეკემბერში ქვეყანამ გაყინული თანხების უკრაინის ფონდში გადარიცხვაზე ლიცენზიაც გასცა, თუმცა ტრანზაქციები ამ დრომდე არ განხორციელებულა.