ADB: კლიმატური კრიზისისთვის გამოყოფილ თანხას $100 მილიარდამდე ვზრდით

ADB: კლიმატური კრიზისისთვის გამოყოფილ თანხას $100 მილიარდამდე ვზრდით

აზიის განვითარების ბანკის (ADB) განცხადებით, წევრ განვითარებად სახელმწიფოებში კლიმატის კრიზისისთვის განკუთვნილი დაფინანსების ინიციატივა 2030 წლისთვის $100 მილიარდამდე გაიზრდება. როგორც ADB-ის პრეზიდენტი მასაცაგუ ასაკავა აღნიშნავს, კლიმატური კრიზისი ყოველდღიურად უარესდება, რის გამოც წევრმა სახელმწიფოებმა ორგანიზაციისგან დაფინანსების გაზრდა მოითხოვეს.

2018 წელს ADB-იმ, კლიმატური ქმედებების მხარდასაჭერად მისი ოპერაციების 75%-იან უზრუნველყოფაზე აიღო ვალდებულება, რაც 2030 წლამდე კლიმატური კრიზისისთვის $80 მილიარდის გამოყოფას გულისხმობდა.  დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კი, წევრი სახელმწიფოების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ADB-ი 2030 წლისთვის საკუთარი რესურსიდან $100 მილიარდამდე თანხას გამოყოფს. ბანკის ვარაუდით, $17 მილიარდის ინვესტიცია 2019-2021 წლებში უნდა განხორციელდეს.

კლიმატის კრიზისის დაფინანსების გაფართოება ორგანიზაციის განვითარებადი წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერისთვის უმნიშვნელოვანესია. როგორც კლიმატური, ასევე კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე, განვითარებადი სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა, გარემოს დაცვის მიზნით, მწვანე პოლიტიკა აირჩია.

აზიის განვითარების ბანკის ინიციატივით, 2030 წლამდე დამატებით $20-მილიარდიანი ინვესტიცია ხუთ ძირითად სფეროზე გადანაწილდება.

  1. ენერგოეფექტურობა, ნახშირბადის დაბალი შემცველობის ტრანსპორტი – ADB-ის მიერ გამოყოფილი თანხა $66 მილიარდამდე გაიზრდება.
  2. კლიმატისადმი მგრძნობიარე სექტორების (ურბანული, სასოფლო-სამეურნეო, წყალი) ტრანსფორმაციული ადაპტაციის პროექტები – $34 მილიარდი.
  3. ADB-ისა და კერძო ინვესტორებისთვის კომერციულად მომგებიანი პროექტების შექმნა, რომელიც მოიცავს საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესებას, პოსტ-პანდემიურ აღდგენასა და უახლოესი ტექნოლოგიებისთვის ინვესტიციის ზრდას – $12 მილიარდი.
  4. კორონავირუსის პანდემიისგან სახელმწიფოების მდგრადი და „მწვანე“ აღდგენა, რომელიც მოიცავს ASEAN Catalytic Green Finance Facility-ისა და Green Recovery Platform-ის ინოვაციური დაფინანსების პლატფორმებს.
  5. კლიმატის კრიზისთან გამკლავების მიზნით, განვითარებად წევრ სახელმწიფოებში საკრედიტო პოლიტიკის რეფორმების მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, რომ აზიის განვითარების ბანკი 1966 წელს დაარსდა და მსოფლიოს 49 რეგიონიდან 68 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს, მათ შორის საქართველოსაც. ADB-ის მიზანს აზიისა და წყნარი ოკეანეთის განვითარება და სიღარიბესთან ბრძოლა წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *