ფოტო: Getty Images
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით შემცირდა. მათ შორის, თვიურ ჭრილში ფასების 0.5%-იანი კლება აღინიშნა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.
რაც შეეხება ინდექსის წლიურ ცვლილებას, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით თებერვალში ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4.0%-ით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 4.9%-ით გაიზარდა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 0.3%-იანი, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე ფასების 3.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
წლიურ ჭრილში ფასები შემცირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე – კლებამ 3.3% შეადგინა.











