საკვებისა და სასმელი პროდქუტების სექტორი მხოლოდ მომხმარებლების ყოველდღიურ არჩევანს არ განსაზღვრავს. ეს არის სფერო, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას, დასაქმებასა და კეთილდღეობას პირდაპირ უკავშირდება. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ნინო გერგედავა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის ხელმძღვანელი, რომელიც წლებია, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებასა და ბიზნესების ზრდაზეა ორიენტირებული.
ნინო გერგედავა საქართველოს ბანკის გუნდს რვა წლის წინ შეუერთდა. კარიერული გზა სწორედ საკვებისა და სასმელი პროდუქტების სექტორში დაიწყო, რამაც ამ მიმართულების სპეციფიკის სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობა მისცა. შემდგომში სხვა მნიშვნელოვან სექტორსაც ხელმძღვანელობდა, დღეს კი F&B სექტორის ხელმძღვანელის როლი მას სტრატეგიულ დონეზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ეს კი ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს, რომლებიც ერთდროულად ბიზნეს მომხმარებლებისა და ბანკის გრძელვადიან წარმატებას ემსახურება.
ამ ინტერვიუში ნინო გერგედავა საუბრობს, თუ როგორ გარდაიქმნება ბანკის სტრატეგია კონკრეტულ გადაწყვეტილებებად, რა გამოწვევების წინაშე დგას F&B სექტორი და რატომ არის ძლიერი ფინანსური პარტნიორობა კრიტიკული ამ სფეროს გრძელვადიანი განვითარებისთვის.
„საქართველოს ბანკი – ბიზნესის მთავარი მხარდამჭერი“ – როგორ აისახება ბანკის ეს გზავნილი თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში?
საქართველოს ბანკის მიზანი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და მდგრადობის მხარდაჭერაა. საკვებისა და სასმელი პროდუქტების სექტორში კი ეს ხედვა განსაკუთრებულ, პრაქტიკულ მნიშვნელობას იძენს, რადგან სწორედ ეს მიმართულება განსაზღვრავს საზოგადოებრივ კეთილდღეობასა და სასურსათო ბაზრის მდგრადობას.
ამ ხედვის რეალიზებაში მხოლოდ საბანკო პროდუქტები არ მონაწილეობს. ჩვენი გუნდის მუშაობა იწყება ბაზრის სიღრმისეული ანალიზით და ბიზნესის რეალური საჭიროებების გააზრებით. ჩვენ პარტნიორებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ: ყოველდღიური ოპერაციების დაფინანსებიდან დაწყებული, გრძელვადიანი ინვესტიციებისა და სტრატეგიული კონსულტაციებით დასრულებული. საბოლოო მიზანი კი ადგილობრივი ბიზნესის ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდაა, ეს არის შესაძლებლობა კომპანიებმა წარმატების ახალ ეტაპზე გადაიყვანონ საკუთარი საწარმოები, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების უპირობო შესაძლებლობაა.
რა ტიპის პროექტებს უჭერთ მხარს თქვენი მიმართულების ფარგლებში და როგორია მათი მასშტაბი?
განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება იმ პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას და იმპორტის შემცირებას ემსახურება.
ჩვენი მხარდაჭერა კი ღირებულებათა ჯაჭვის სრულ სპექტრს მოიცავს, პირველადი წარმოებიდან - გადამამუშავებელ მრეწველობამდე. საუბარია მეფრინველეობისა და მერძევეობის ფერმებზე, ხორცპროდუქტების, პურ-ფუნთუშეულის, უალკოჰოლო სასმელების საწარმოებზე. პროექტები კი ხშირად უკავშირდება არსებული საწარმოების მოდერნიზაციას, სიმძლავრეების ზრდას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. აქტიურად ვართ ჩართული პროგრამებში, რომლებიც, იაფი და ხელმისაწვდომი რესურსით, იმპორტის ჩამნაცვლებელ სექტორებში ინვესტიციებს ასტიმულირებს. რაც მთავარია, ასეთი ინვესტიციები არა მხოლოდ წარმოების ზრდაში, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაშიც ითარგმნება.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ზრდის პოტენციალის მქონე ნიშებს, მათ შორის საკუთარი ბრენდების (Private Label) განვითარებას. 2024 წელს ამ სეგმენტის წილი საცალო ქსელებში მხოლოდ 4.3% იყო, რაც ზრდის სერიოზულ შესაძლებლობას აჩენს. ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ბიზნესებს რეგულარულად ვაწვდით ბაზრის კვლევებსა და ანალიტიკური მასალას, რაც მათ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას უმარტივებს.
როგორ შეაფასებდით საკვებისა და სასმელი პროდუქტების სექტორის მიმდინარე მდგომარეობას – რა არის მთავარი ტენდენციები და გამოწვევები?
ამჟამად სექტორი სტაბილურად მზარდია. 2024 წელს FMCG ბაზრის მოცულობამ 22.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 6.8%-იან წლიურ ზრდას გულისხმობს, ხოლო 2025 წლის პირველ ცხრა თვეში ზრდის ტემპი 10%-მდე დაჩქარდა. არსებული პროგნოზით, 2028 წლისთვის ბაზარი 30.8 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამ სტრუქტურაში F&B სეგმენტი უმსხვილესია და იგი 6.6 მილიარდი ლარის ბრუნვით სამომხმარებლო კალათის 34.5%-ს იკავებს.
ზრდის პარალელურად, მთავარ გამოწვევად კვლავ იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება რჩება. გაზრდილი მოხმარების ფონზე, იკლებს ჯამურად ქვესექტორებში ადგილობრივი წარმოების წილი.
სწორედ ამიტომ, კრიტიკულია ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობა – საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის, მოდერნიზაციის თუ საბრუნავი კაპიტალის ეფექტიანი მართვის გზით.
გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით საინტერესოა ევროკავშირის პრაქტიკის გათვალისწინება, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე დღგ-ის დიფერენცირებული განაკვეთის მიზანშეწონილობის ანალიზი, რაც პროდუქციის ხელმისაწვდომობასა და სექტორის უფრო ჯანსაღ ზრდას შეუწყობს ხელს.
რა არის თქვენთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა და სამუშაოს ყველაზე საინტერესო ნაწილი?
მთავარი მოტივაცია პარტნიორების წარმატებაა, ის ხელშესახები შედეგი, რომელსაც პროექტების განხორციელების შემდეგ ვიღებთ. როდესაც ხედავ, რომ შენი მონაწილეობით ახალი საწარმო იქმნება, ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და ძლიერდება შენი ქვეყანა, ეს ძალიან საინტერესო პროცესი და უდიდესი მოტივაციაა.
ჩვენი საქმიანობის ყველაზე საინტერესო ნაწილი კი მისი მრავალფეროვნებაა. ეს სფერო ფინანსური ანალიზის ფარგლებს სცდება, რადგან იგი სამომხმარებლო ქცევის, საერთაშორისო ბაზრების ტენდენციებისა და რეგულაციური გარემოს სიღრმისეულ გააზრებას მოითხოვს. ყოველი ახალი პროექტი კი ჩემთვის ახალ გამოწვევას და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას წარმოადგენს.
საგულისხმოა, რომ F&B სექტორი მრავალ ქვე-სექტორს აერთიანებს, თითოეულს საკუთარი სპეციფიკა და გამოწვევა აქვს. მთავარი ამოცანა კი ცოდნის მუდმივი განახლება, ბაზრის ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება და ადაპტაციაა. სწორედ ეს მოქნილობა და ოპერატიულობაა ჩვენი გუნდის მთავარი სიძლიერე.
როგორ ზრუნავთ პირად პროფესიულ განვითარებაზე და რა გაძლევთ ამის მოტივაციას?
ჩემს მოტივაციას ძირითადად ორი ძირითადი წყარო აქვს: პირველი, როგორც აღვნიშნე, ჩვენი საქმიანობის რეალური შედეგი და მეორე – ბანკის კულტურა, რომელიც მუდმივი განვითარებისკენაა მიმართული. თითოეული პროექტი, რომელთანაც შეხება მაქვს, უნიკალური და ერთმანეთსგან განსხვავებულია.
ამასთან, პროფესიული განვითარება სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია. იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებს თანამედროვე და ეფექტიანი გადაწყვეტები შევთავაზოთ, თავად უნდა ვიყოთ მუდმივი განვითარების რეჟიმში. ამ პროცესში საქართველოს ბანკი, როგორც დამსაქმებელი, ყოველთვის ჩემი მთავარი მხარდამჭერია.
განსაკუთრებით საამაყოა ჩემთვის, რომ წელს, სწორედ ბანკის განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მომეცა შესაძლებლობა, სწავლა ევროპის ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს სკოლაში Executive MBA-ის პროგრამაზე გამეგრძელებინა. ეს საშუალებას მაძლევს, სექტორში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ახალი, საერთაშორისო პერსპექტივით შევხედო. საბოლოო ჯამში კი პირადი განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა და ამით საკუთარი წვლილის შეტანა ქვეყნის წარმატებაში, მაძლევს მოტივაციას, არასოდეს გავჩერდე.
S










