ადგილობრივი წარმოების ზრდის პოტენციალი - ინტერვიუ სანდრო ძაგნიძესთან

ადგილობრივი წარმოების ზრდის პოტენციალი - ინტერვიუ სანდრო ძაგნიძესთან

2020 წელი ბიზნესისთვის რთული იყო, პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგების დაძლევას კერძო და სახელმწიფო სექტორი სხვადასხვა მექანიზმით ცდილობს. გამოწვევას წარმოადგენს საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და ადგილობრივი წარმოების გაფართოება, რაც პანდემიის საწყისმა პერიოდმა კიდევ უფრო კარგად გამოაჩინა.

თვის დასაწყისში სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის მხარდასაჭერად ახალი კომპონენტი აამოქმედა, რომლის მიზანი იმპორტული საქონლის ადგილობრივით ჩანაცვლებაცაა, თუმცა როგორ იმუშავებს ეს პროგრამა, ამას დრო გვიჩვენებს.

რა ვითარებაა ახლა, როგორ უნდა დავძლიოთ არსებული გამოწვევები, ამის შესახებ Forbes Georgia „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილეს სანდრო ძაგნიძეს ესაუბრა.

ჩვენი ქვეყნისთვის გამოწვევას წარმოადგენს ადგილობრივი წარმოების იმგვარად განვითარება, რომ მან ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. როგორ ფიქრობთ, რა არის დაბალი ეფექტიანობის მიზეზი და როგორია მისი გაზრდის გზები?

Covid-19-ის პანდემიამ  ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობა და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირების აუცილებლობა ცხადყო. მომდევნო წლების განმავლობაში, საშუალოვადიან პერიოდში, ქვეყნები ეცდებიან, იყვნენ მეტად ავტონომიურები და მეტად მოახდინონ მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია, რითაც  ადგილობრივ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ბევრია ისეთი ტიპის პირველადი მოხმარების პროდუქტი, რასაც სრულად ან დიდწილად იმპორტით ვიღებთ, მაგალითად: ხორბალი, ზეთი, სხვადასხვა ხორცპროდუქტი, წიწიბურა, ბრინჯი, მაკარონი… ვფიქრობ, ამ მიმართულებით   განვითარების შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა ამისათვის საჭიროა ეფექტიანობის გაზრდა, რათა სხვა მწარმოებელ ქვეყნებთან შედარებით მეტ-ნაკლებად კონკურენტუნარიანები ვიყოთ. ჩვენი ქვეყნის წარმოების პოტენციალის ასამაღლებლად აუცილებელია როგორც ადგილობრივი კომპანიების სტიმულირება, ისე უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. სოფლის მეურნეობაში ზრდის პოტენციალი იკვეთება ხორცისა და ხორცპროდუქტების, მარცვლეულის, საკვების გადამუშავებაში, ბოსტნეულისა და ხილის წარმოებაში. ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანას აქვს დაახლოებით 400მლნ აშშ დოლარის იმპორტის ჩანაცვლების და ასევე ექსპორტის დივერსიფიცირების შესაძლებლობა, რაც ჩვენი სავაჭრო ბალანსის 6-7%-ს შეადგენს. ამისათვის აუცილებლია ეფექტიანობის გაზრდა. ეფექტიანობის გაზრდისათვის კი აუცილებელია მიწების კონსოლიდაცია და განათლების ამაღლება სპეციფიკური მიმართულებებით. მაგალითისთვის, საქართველოში მეურნეობების 70%-ზე მეტი მოდის 1-ჰა და ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთებზე, როდესაც ეს მაჩვენებელი ევროკავშირში 2%-ზე ნაკლებს შეადგენს. სწორედ ეს შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ მიზეზად, თუ რატომ არის ჩვენთან მარცვლოვან კულტურებზე 2-ჯერ და მეტჯერ ნაკლები მოსავლიანობა 1ჰა მიწის ფართობზე გადაანგარიშებით ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით.

ადგილობრივი წარმოების დაბალ ეფექტიანობასთან ერთად, ცხადია, პრობლემას წარმოადგენს იმპორტდამოკიდებულება. როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე რა სექტორებშია შესაძლებელი იმპორტდამოკიდებულების შემცირება და როგორ?

COVID-19-ის პანდემიის მიერ გამოწვეული ლოგისტიკური პრობლემებიდან, შეფერხებებიდან თუ სხვა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საექსპორტო ქვეყნებმა დაიწყეს დამატებითი გადასახადების ან საერთოდ კვოტების შემოღება, რითაც თავიანთი მოსახლეობის დაცვას  ცდილობდნენ შექმნილი ზოგადი გაურკვევლობის ფონზე. თუმცა ეს დამაზიანებელი იყო იმპორტდამოკიდებული ქვეყნებისთვის და მათ შორის, ჩვენთვისაც.  მაგალითისთვის, მარცვლოვანი პროდუქტების ფასმა და მათ შორის  ხორბლის ფასმა ამ პერიოდში  ბოლო ათწლეულის განმავლობაში მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია და ერთი ტონის ღირებულება $300-მდეც კი გაიზარდა. ჩვენს ქვეყანას სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხორცისა და თევზის წარმოების განვითარებისა და  რძის პროდუქტების იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლების პოტენციალი აქვს. ასევე შესაძლებელია სიმინდის იმპორტის სრულად, და ხორბლის შემთხვევაში ნაწილობრივ ჩანაცვლებაც. ბოსტნეულისა და ხილის წარმოების ზრდისთვის კი საჭიროა შეიქმნას მეტი სამაცივრე და შესაბამისი შესანახი მეურნეობები, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს იმპორტის შემცირებას და შესაძლოა, ექსპორტის ზრდასაც. აღნიშნული მიმართულებით არსებობს სახელმწიფოს ხელშემწყობი  არაერთი პროექტი, რაც ითვალისწინებს როგორც საგრანტო, ისე სასესხო პროდუქტების საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებისა და უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის კომპონენტს.  აღნიშნული მიმართულებების დაფინანსებაში აქტიურად ვართ ჩართული და ვხედავთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობები ამ მიმართულებით ინვესტიციის განხორციელების  სტიმულს იძლევა.

რა პროგნოზები გაქვთ საქართველოში ადგილობრივი წარმოების განვითარებასთან დაკავშირებით და რომელი სფეროა ამ მხრივ უფრო პერსპექტიული? რა შეიძლება იყოს საქართველოს პოტენციალი?

სამშენებლო მასალების სექტორიც ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელსაც ადგილობრივი წარმოების განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს. მომდევნო 5 წლის განმალობაში ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 20-25 მლრდ აშშ დოლარის სამშენებლო პროექტებია დაგეგმილი. სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის დაახლოებით 25%-ს აკმაყოფილებს, დანარჩენი 75% იმპორტია, შესაბამისად, ამ მიმართულებით პოტენციალი საკმაოდ დიდია.  საინტერესოა და სოფლის მეურნეობასთან მჭიდრო კავშირშია ქიმიკატების წარმოებაც, რომელიც დღეს უმეტესად იმპორტირებულია. ვფიქრობ, არანაკლებ საინტერესოა საყოფაცხოვრებო ავეჯისა და ტანსაცმლის წარმოება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ძალა მეტ-ნაკლებად იაფია, გეოგრაფიულად გვაქვს საკმაოდ კარგი მდებარეობა და ასევე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები სხვადასხვა ქვეყანასთან (DCFTA და სხვა ორმხრივი შეთანხმებები).

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი მოწინავე ადგილს იკავებს საქართველოს იმპორტით მომმარაგებელ სახელმწიფოებს შორის. ბევრი ადგილობრივი წარმოება ძირითადად რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული. რას ურჩევდით მათ? როგორ უნდა მოახდინონ ბაზრების დივერსიფიცირება?

რუსეთის ბაზარზე ჩვენი ძალიან ბევრი მწარმოებელია დამოკიდებული. მინდა განსაკუთრებით  გავუსვა ხაზი ალკოჰოლური სასმელების წარმოებას, რომლის ექსპორტის დაახლოებით 60%  რუსეთზე მოდის. ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის არხების დივერსიფიცირება და სხვა ბაზრების ათვისება. ამ მიმართულებითაც სახელმწიფოს მხრიდან დაანონსდა საკმაოდ საინტერესო ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც  ითვალისწინებს ალკოჰოლური სასმელების კომპანიებისთვის მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებას (დსთ-ის ქვეყნების გარდა), რაც მათ ჩვენი ქვეყნის პროდუქციის ცნობადობის ამაღლებასა და, შესაბამისად, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაში დაეხმარება. ამ მიმართულებით ძალისხმევა საჭიროა როგორც სახელმწიფოსგან, ისე მწარმოებლებისგან. ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციაში განხორცილებული ინვესტიცია მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება.

აქვე უნდა აღინიშნოს რუსეთიდან საქართველოში კონკრეტულად ხორბლის იმპორტის საკითხი. მან ექსპორტირებისას განსაზღვრული საბაჟო გადასახადი, რომელიც 1 ტონაზე 25 ევროს შეადგენდა, 50 ევრომდე გაზარდა. ასევე, როგორ ფიქრობთ, რა ზეგავლენას მოახდენს ხორბლის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დასრულება პროდუქტის ფასზე? უნდა ველოდოთ თუ არა პურის გაძვირებას?

რუსეთის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ძირითადად შიდა ფასების სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობით იყო განპირობებული.  ახალი სეზონიდან აღნიშნული ექსპორტის გადასახადი შეიცვალა და გახდა ე.წ. მცოცავი, რომელიც ყოველკვირეულად იცვლება გარკვეული ფორმულის შესაბამისად. ახალი სეზონის დაწყებიდან დღემდე ხორბლის ფასი დაახლოებით 20-25 აშშ დოლარით გაიზარდა, რაც  ფქვილის გაზრდილ  ფასში ითარგმნება. თუ ხორბლის ფასმა მომავალშიც განაგრძო მატება, შესაძლოა  პურის ფასიც გაიზარდოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების პროგრამების საშუალებით პურის ფასის შენარჩუნება მოხერხდა.

რუსეთმა საექსპორტო გადასახადი არა მხოლოდ ხორბალზე, არამედ სიმინდსა და ქერზეც დააწესა. რა შედეგებს უნდა ველოდოთ ამ რეგულაციისგან და საინტერესოა, რა ზეგავლენას მოახდენს ის ქართულ ბიზნესზე?

სიმინდისა და ქერის შემთხვევაში თვითდაკმაყოფილების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. შესაბამისად, ნაკლებად ვართ დამოკიდებული იმპორტზე, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თუ გლობალურად ამ საქონელზე ფასები გაიზრდება, ეს ჩვენს ქვეყანაში მოყვანილ პროდუქტზეც აისახება. აღნიშნული თავისთავად იწვევს სხვა პროდუქტების გაძვირებას, იქნება ეს  ქათმის ხორცი,  კვერცხი თუ სხვა. რაც შეეხება რუსეთის მიერ დაწესებულ გადასახადებს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ, ვფიქრობ, ეს გაკეთებული იყო შიდა ბაზრის დასაცავად და ფასის მნიშვნელოვანი ზრდის განმაპირობები ფაქტორი  არ ყოფილა.

სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობას შორის, რაზეც COVID-19-მა მოახდინა ზეგავლენა, ერთ-ერთი არის ტვირთის გადაზიდვა. ზამთრის პერიოდში ტვირთის გადატანა მნიშვნელოვნად იყო შეფერხებული და კომპანიებმა გამოსავლის ძიება დაიწყეს. რა ვითარება გვაქვს დღეს ამ მიმართულებით, როგორია გადამზიდავი კომპანიების მდგომარეობა?

Covid-19-ის პანდემიამ გადაზიდვების ბიზნესზე საკმაოდ უცნაური ზეგავლენა მოახდინა. თითქოს მოსალოდნელი იყო, რომ ბევრი ბიზნესის გაჩერების შედეგად ტვირთბრუნვა და მოთხოვნა გადაზიდვებზე შემცირდებოდა. შესაბამისად,   დაიკლებდა ტარიფი, თუმცა პირიქით მოხდა. ექსპერტების აზრით, საკონტეინერო განაკვეთების ზრდა არის მომარაგების ქსელების დარღვევის შედეგი, რამაც პორტებსა და შიდა სადისტრიბუციო ქსელებში შეფერხებები გამოიწვია, რადგან მწარმოებლები ჩქარობენ იმ მარაგების აღდგენას, რომლებიც Covid-19-ის პანდემიის დროს ამოწურული იყო. ამ ყველაფერმა გამოიწვია საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასების ზრდა და დღეს, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ფასი 4-5-ჯერ არის გაზრდილი. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ბიზნესი არ გაჩერებულა და პანდემიურ პერიოდში აქტიურად მუშაობდა. რაც შეეხება ჩვენს რეგიონში გადაზიდვებს, საკონტეინერო ტარიფები შავი ზღვის აკვატორიაშიც საგრძნობლად გაზრდილია. უშუალოდ ზამთრის პერიოდში კი არსებული საავტომობილო გადაზიდვების შეფერხებები არ უკავშირდება პანდემიას, სავარაუდოდ, ეს უფრო უამინდობითა და დიდთოვლობით იყო გამოწვეული. ვგულისხმობ რუსეთის მიმართულებით გადაზიდვებს, რა დროსაც ხდება კობი-გუდაურის უღელტეხილის გადავლა. მიმდინარეობს კობი-ქვეშეთის გზის მშენებლობა, რაც აღნიშნულ პრობლემას დიდწილად აღმოფხვრის.

გარკვეულწილად, გადაზიდვები საზღვაოდან სახმელეთო ტრანსპორტზე გადალაგდა. რა გავლენას ახდენს ეს ბიზნესზე და პროდუქტების ფასზე?

რამდენიმე წლის წინ მარცვლეულის იმპორტირება საქართველოში ძირითადად ზღვით ხდებოდა. დაახლოებით 5-6 წლის წინ ხორბლის 80-85% შემოდიოდა გემით, დანარჩენი გადანაწილებული იყო რკინიგზასა და მანქანებზე. დღეს ეს სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა და ხორბლის იმპორტი ძირითადად სწორედ მანქანებით ხდება. აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი ისევ და ისევ ფასია. დღეს მანქანით შემოტანილი ხორბალი ლოგისტიკური მიზეზებიდან გამომდინარე,  1 ტონაზე გადაანგარიშებით,   დაახლოებით 15-20 დოლარით უფრო იაფია.  გასულ წლებთან შედარებით, დაახლოებით ორჯერ არის საზღვაო ფრახტი გაზრდილი, რამაც ასევე დამატებითი ბიძგი მისცა სახმელეთო გადაზიდვებს.

როგორ ეხმარება ბანკი მომხმარებელს საბანკო პროდუქტებით იმ პრობლემის მოგვარებაში, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ?

ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს და შევთავაზოთ მათზე მორგებული და კომფორტული პირობები როგორც საოპერაციო, ისე საკრედიტო კუთხით.  მათ შორის, საკრედიტო რესურსი საბრუნავი საშუალებებისთვის. ჩვენ ასევე აქტიურად ვიყენებთ დოკუმენტურ ოპერაციებს, რაც  ჩვენი კლიენტების მომწოდებლების სასარგებლოდ აკრედიტივების გახსნას გულისხმობს. ეს პროცესებს მნიშვნელოვნად ამარტივებს. აკრედიტივით პროდუქციის შეძენის შემთხვევაში დაზღვეულია როგორც მომწოდებელი, ასევე შემძენი, რადგანაც თანხის გადახდა ხდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ. ჩვენ მომხმარებელს  ასევე ვთავაზობთ  ე.წ. Stand by Letter of Credit-ს (SBLC) რაც გულისხმობს იმას, რომ მომწოდებლის სასარგებლოდ იხსნება ლიმიტზე ჯამური აკრედიტივი გარკვეული ვადით, რომლის ფარგლებშიც ჩვენს კლიენტებს სხვადასხვა ინვოისით საქონლის იმპორტირება თანხის წინასწარ გადახდის გარეშე შეუძლიათ.

ამას გარდა,  შეღავათიანი სახელმწიფო პროექტების ხელშეწყობით, დავაფინანსეთ არაერთი ბიზნესი, მათ შორის, ახალი პურის საცხობი საწარმოები როგორც დედაქალაქში, ასევე სხვა დიდ ქალაქებში. უნდა აღნიშნოს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული იაფი რესურსი ბევრი კომპანიისთვის აღმოჩნდა ბიძგი, შეექმნათ ახალი საწარმოები და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილები. მისასალმებელია, რომ მსგავსი ტიპის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად გრძელდება. ჩვენ კი მომავალშიც გამოვხატავთ მზაობას, აქტიურად დავუჭიროთ მხარი იმ ტიპის პროექტებს, რომლებიც მიმართული იქნება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებაზე, გაზრდის ჩვენი ქვეყნის ექსპორტის პოტენციალს და ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.