ორშაბათს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Adobe-სა და დიზაინერულ პლატფორმა Figma-ს შორის $20-მილიარდიანი გარიგება ჩაიშალა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოების წინააღმდეგობაა. შეთანხმების განხორციელების შემთხვევაში ეს ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარიგება იქნებოდა.
როგორც ჩანს, მარეგულირებლების მთავარი კითხვა გარიგების შედეგად ინდუსტრიაში არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას ეხებოდა. გარიგების ჩაშლის შედეგად Adobe-ი Figma-ს $1 მილიარდს გადაუხდის.
ცნობისათვის, Figma-ს კოლაბორაციულ პლატფორმას დიზაინისა და ბრეინსტორმინგისთვის ისეთი კომპანიები იყენებდნენ, როგორიცაა: Uber-ი, Coinbase-ი და Zoom-ი. გასულ წელს კომპანიამ თანამშრომლების რაოდენობა 800-დან 1,300-მდე გაზარდა. წელს კი Figma-ს შემოსავალი 40%-ით, $600 მილიონამდე გაიზარდა.
დიდი ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრების მარეგულირებელმა ორგანომ გასულ თვეს განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ შეთანხმება პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში ინოვაციების აღმოცენებას შეუშლიდა ხელს. მარეგულირებლებმა Adobe-ს შეთანხმებისთვის მწვანე შუქის მისაცემად გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება ურჩიეს. თუმცა Adobe-მა დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლის რეკომენდაციების შესრულებაზე უარი განაცხადა.