„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ანუ ე.წ. „აგენტების კანონი“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო, გულისხმობს იმ არასამთავრობოების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ გამოცხადებას, რომლებიც დაფინანსების 20%-ს საზღვარგარეთიდან იღებენ. ამ კანონის მიღების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად აშშ-ში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ – „FARA“-ს არსებობა მოჰყავთ. ეს არგუმენტი მცდარია, რადგან „FARA” პოლიტიკურ ლობისტებს ეხება და არა ევროპულ ან სხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ამასთან ერთად, მიუხედავად სახელწოდებისა, პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული კანონის მთავარი მიზანი არ არის ფინანსების მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. გამჭვირვალობის მიღწევა ისეც შეიძლება, რომ კონკრეტული ორგანიზაციები უცხოური ძალების გავლენის აგენტებად არ გამოცხადდნენ. სინამდვილეში, საქართველოს მთავრობას პოლიტიკური მიზანი აქვს: კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობოებისა და მედიის დისკრედიტაცია და, შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში, მათი გაქრობა.
რატომ გამოიწვევს არასამთავრობოების გაქრობას მათი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ გამოცხადება? იმიტომ, რომ ბევრ ორგანიზაციას არ მოუნდება შეურაცხმყოფელი იარლიყის მიკრობა და უცხოური ძალების გავლენის აგენტად დარეგისტრირება. ისინი კი, ვინც დარეგისტრირდებიან, მორალურად დისკრედიტირდებიან და დასუსტდებიან, რაც, საბოლოო ჯამში, მათ ორგანიზაციულ სტრუქტურასაც მოარღვევს.
იმის გარდა, რომ „აგენტების კანონი“ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას, კონტროლს და „ქართული ოცნების“ ძალაუფლების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას ემსახურება, ის ცვლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს. ამ კანონით საქართველო ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანა რამდენიმე თვის წინ კანდიდატის სტატუსი მიიღო.
საქმე ისაა, რომ 2020 წელს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (European Court of Justice), რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის საკითხებში უზენაეს სასამართლოს წარმოადგენს, გააუქმა უნგრეთის მიერ მიღებული მსგავსი კანონი. სასამართლომ მიიჩნია, რომ უნგრული კანონი ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირში კაპიტალის თავისუფალი მიმოქცევის, პირადი ცხოვრების უფლების, მონაცემების დაცვისა და გაერთიანებების შექმნის თავისუფლების პრინციპებს.
ევროკავშირში გაწევრიანება გულისხმობს საერთო ევროპული კანონმდებლობის მიღებას და ადგილობრივი კანონების ევროპულ კანონებთან შესაბამისობაში მოყვანას. ვინაიდან „აგენტების კანონი“ ეწინააღმდეგება ევროპულ კანონმდებლობას, საქართველო ვერ წაიწევს წინ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, თუკი პარლამენტი მაისში მას საბოლოო მოსმენით მიიღებს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ კანონის მიღების შემდეგ 2023 წლის დეკემბერში მოპოვებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენთვის ფარატინა ქაღალდად დარჩება. უფრო მეტიც, საქართველო „აგენტების კანონით“, დე ფაქტოდ, ისე დაშორდება ევროკავშირს, როგორც არასდროს. ამის საპირისპიროდ, ჩვენი ქვეყანა პოლიტიკურად უფრო მეტად დაუახლოვდება რუსეთს, რომელმაც მსგავსი კანონი 2012 წელს მიიღო და ბოლო წლებში, საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად, თანდათანობით გაამკაცრა.
იმის უფრო მკაფიოდ დასანახად, თუ რატომ ემსახურება ეს კანონპროექტი რუსეთის ინტერესებს, საჭიროა მიმდინარე მოვლენების არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო კონტექსტში აღქმა. ამგვარი კანონი უკვე მიიღეს ან მისი მომავალში მიღება არის დაგეგმილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პოტენციურად დემოკრატიზაციის ან ევროპეიზაციის გზაზე მდგარ სხვა ქვეყნებშიც. ყველა ასეთ სახელმწიფოში რუსეთის პირდაპირი ინტერესები და გავლენები იკვეთება. ქვემოთ სწორედ ამგვარი „საინტერესო დამთხვევების“ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან და ვაჩვენებ, თუ როგორ ეხმარება „აგენტების კანონი“ რუსეთის ინტერესებს სხვადასხვა გეოპოლიტიკურ კონტექსტში.
დავიწყოთ ყირგიზეთით, რომელმაც „აგენტების კანონი“ ამა წლის 2 აპრილს მიიღო. ისე როგორც საქართველოს, ყირგიზეთის მთავრობაც კანონის მიღებას „გამჭვირვალობის“ საბაბით ამართლებს. აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთი ერთ-ერთი ის ქვეყანა იყო, რომელსაც 2000-იანი წლების პროდასავლურმა, ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ ტალღამ გადაუარა. ეს იყო 2005 წლის „ტიტების რევოლუცია“, რომელსაც 2010 და 2020 წლებში, კიდევ ორი რევოლუცია მოჰყვა. ბოლო გადატრიალების შედეგად, პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა ქვეყანაში ღიად ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში კრემლი შეშფოთებული იყო თავის მოკავშირე ცენტრალურ აზიურ სახელმწიფოში არსებული მუდმივი პოლიტიკური არეულობებით. ამ რევოლუციებს ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა, რომ რუსეთისთვის არასახარბიელო შედეგი მოეტანა. აქედან გამომდინარე, ჯაფაროვის სტაბილური ავტორიტარიზმი რუსეთისთვის შედარებით საიმედო დასაყრდენია. აპრილში მიღებული „აგენტების კანონი“ ყირგიზეთში ავტორიტარიზმს განამტკიცებს, დასავლეთის გავლენას შეამცირებს, რის შედეგადაც რუსეთის პოზიციები რეგიონში გაძლიერდება.
ჩვენთვის ყირგიზეთზე კიდევ უფრო მეტად საინტერესო შემთხვევა ბოსნია-ჰერცეგოვინაა. ამ ბალკანურმა ქვეყანამ, რომელმაც 1990-იან წლებში სასტიკი ეთნიკური კონფლიქტი გამოიარა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიიღო. თუმცა მალევე გეოპოლიტიკური სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ შეიცვალა.
ბოსნია-ჰერცეგოვინა ორი პოლიტიკური ერთეულისგან: ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაციისგან და სერბული რესპუბლიკისგან (Republika Srpska) შედგება. სერბული რესპუბლიკის პრეზიდენტი მილორად დოდიკი ცნობილი პრორუსი ლიდერია, რომელიც ამ პოლიტიკური ერთეულის ბოსნია-ჰერცეგოვინისგან გამოყოფას და მეზობელ სერბეთთან მიერთებას ემხრობა. 2022 წელს დოდიკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა; გასულ წელს კი სანქციები გავრცელდა მისი ოჯახის წევრებზეც. დოდიკი სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მიერაც.
შეიძლება ვიღაცისთვის გამაოგნებელი დამთხვევაა, მაგრამ აშკარად საეჭვო ფაქტია ის, რომ სერბული რესპუბლიკის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ამა წლის მარტში, საქართველოს მსგავსი, უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. დოდიკმა კანონპროექტი პირველად 2022 წელს წამოაყენა, თუმცა მისი მიღების პერსპექტივა წელს ყველაზე რეალურად გამოიყურება.
ისე როგორც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, „აგენტების კანონის“ მიღების ერთ-ერთ არგუმენტად სერბულ რესპუბლიკაშიც ამერიკული „FARA“-ს არსებობა მოჰყავთ; ისე როგორც საქართველოში, ამ კანონის მიღების შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინა ევროკავშირში მიღების პერსპექტივას გამოემშვიდობება და საგარეო პოლიტიკურ კურსს შეიცვლის. აქედან გამომდინარე, შეუირაღებელი თვალითაც შეიძლება იმის დანახვა, რომ „აგენტების კანონით“ რუსეთის გავლენის აგენტები ბოსნია-ჰერცეგოვინის ევროინტეგრაციის საბოტაჟს ეწევიან.
ბოლოს, აღსანიშნავია ისიც, რომ „აგენტების კანონი“ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც იმავე გეოპოლიტიკურ ფუნქციას ასრულებს, რასაც სხვა ქვეყნებში. ზემოთ უკვე ვახსენე ის, რომ 2017 წელს მსგავსი კანონი მიიღო უნგრეთმა. წელს, 2 აპრილს, მმართველი კოალიციის მიერ მსგავსი კანონპროექტი დარეგისტრირდა სლოვაკეთის პარლამენტში. კანონის მიღების მთავარ არგუმენტად სლოვაკეთშიც, ისე როგორც საქართველოში და სხვაგან, „ფინანსური გამჭვირვალობა“ სახელდება.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო თავისი პრორუსული პოზიციებით არის ცნობილი. მან პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეუწყვიტა. ფიცო უკრაინის ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეა. ის, ასევე, სიტყვასიტყვით იმეორებს რუსულ პროპაგანდას უკრაინასთან მიმართებით – მაგალითად, მან იანვარში განაცხადა, რომ უკრაინა „ტოტალურად აშშ-ის კონტროლის ქვეშაა“.
სლოვაკეთში, ისე როგორც საქართველოში და სხვა ქვეყნებში, „აგენტების კანონის“ მიღება ემსახურება ამ ქვეყანაში რუსეთის გავლენებისა და პრორუსული პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას, ნატოსა და ევროკავშირში განხეთქილების შეტანას და დასავლეთის დასუსტებას.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ყირგიზეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, საქართველოსა და სლოვაკეთში მიმდინარე მოვლენები ერთი და იმავე იმპერიალისტური გეოპოლიტიკური ინტერესის სხვადასხვა გამოვლინებაა. ამ ყველაფერში რუსეთის აშკარა ინტერესის დანახვას ფანტაზიის გავარჯიშება არ სჭირდება. ამდენი დამთხვევისა და საერთაშორისო მაგალითის არსებობის ფონზე, ყველასთვის აშკარა, თუ რა დგას სასწორზე. შესაბამისად, დიაგნოზის სწორად დასმის შემდეგ უკვე მკურნალობის სწორი მეთოდების შერჩევაზე გადასვლაა საჭირო.