ევგენი ჩიჩვარკინი რუსული მობილური ტელეფონების უმსხვილესი საცალო ქსელის, Euroset-ის დამფუძნებელია, რის შედეგადაც იგი რუსეთის 35-წლამდელ უმდიდრეს ადამიანად იქცა, დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარის ქონებით. მიუხედავად მისი სიმდიდრისა და წარმოშობისა, ჩიჩვარკინს ვერ ნახავთ პუტინის ახლობელი სანქცირებული მილიარდერების სიაში, რადგან მან ქვეყანა, უფრო ზუსტად კი რეჟიმი, არა 2022 წლის 24 თებერვალამდე, ან თუნდაც 2014 წლის თებერვალ-მარტამდე, არამედ 2008 წელს დატოვა. ინდუსტრიის ლიდერი იძულებული გახდა, თავისი კომპანია სულ რაღაც 400 მილიონ დოლარად გაეყიდა და მანქანის უკანა სავარძელში პირქვე დაწოლილს სასწრაფოდ დაეტოვებინა მშობლიური რუსეთი. ლონდონში თავის მაღლა ასაწევად დიდი დრო არ დასჭირვებია. 2012 წელს მან დააარსა Hedonism Wines-ი, „მსოფლიოს საუკეთესო ღვინის მაღაზია“, მოგვიანებით კი 2018 წელს გახსნა მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანი Hide-ი. დღეს ჩიჩვარკინი ბრიტანეთის პრინცებთან პოლოს თამაშობს, არის პუტინის გამოკვეთილი კრიტიკოსი, რუსეთში ძებნილი კაცი, „უცხოელი აგენტი“ და, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინელების აქტიური ფინანსური მხარდამჭერი, რომლებსაც სატვირთო მანქანებით სამედიცინო და დამცავ აღჭურვილობას უგზავნის. პოლონეთისკენ მიმავალ პირველ ჰუმანიტარულ სატვირთოს კი თავად მართავდა.
„რუსეთიც და უკრაინაც ძალიან ახლოს არიან ჩემთან. თუ მენტალური სიახლოვით გავზომავთ, მაშინ შემდეგი თანამიმდევრობა იქნება: უკრაინა, რუსეთი და საქართველო“, – ამბობს ჩიჩვარკინი Forbes Georgia-სთან საუბრისას.
იგი ეწინააღმდეგება კოლექტიურ პასუხისმგებლობას, ამბობს, რომ თითოეულმა ადამიანმა მხოლოდ საკუთარ საქციელზე უნდა აგოს პასუხი და დასძენს, რომ რუსეთის გარდა სხვა ქვეყანა რომ დასხმოდა უკრაინას თავს, ის ისევე აქტიურად ჩაერთვებოდა ჰუმანიტარულ დახმარებაში, როგორც ახლა.
ვლადიმირ პუტინი, რუსეთ-უკრაინის ომი, დასავლეთის ჩართულობა, მესამე მსოფლიო ომი და კახა ბენდუქიძე, ამ და სხვა თემებზე ევგენი ჩიჩვარკინმა Forbes Georgia-სთან ისაუბრა.
ძალიან ბევრი, და თქვენც მათ შორის, აცხადებთ, რომ არ მოელოდით პუტინისგან უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას. როგორ მოხდა ისე, რომ ამდენი ადამიანი, მათ შორის, ევგენი ჩიჩვარკინი, რომელიც, როგორც წესი, ყველაფერს თავის სახელს არქმევს და რომელმაც ღიად განაცხადა, რომ სწორედ რუსეთმა დაიწყო 2008 წელს ომი საქართველოს წინააღმდეგ, ასე შეცდა პუტინთან დაკავშირებით?
შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის ლოგიკაში გარკვევა ძალიან რთულია. დიახ, ყველანი შევცდით, რადგან ვერ ვსაზღვრავდით მისი აგრესიის ზღვარსა და დასახულ მიზნებს. მან კი, როგორც დაზვერვის ჭეშმარიტმა თანამშრომელმა, ყველა გააბითურა. როგორც აღმოჩნდა, მისი მიზანი მხოლოდ მიწების დაპყრობა იყო, თუნდაც მასზე მცხოვრები უკანასკნელი ადამიანების სიცოცხლის ფასად.
ცოტა ხნის წინ თურქმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ნატო-ს ზოგიერთ ქვეყანას უკრაინაში ომის გაგრძელება სურს. დასავლეთის ეკონომიკური სანქციების მიმართ თქვენი პოზიციის გათვალისწინებით, როდესაც თქვენ ცალსახად ემხრობით ცის ჩაკეტვას, ოლიგარქების იახტების დაყადაღების ნაცვლად, როგორ ახსნით დასავლეთის ამჟამინდელ პოზიციას, რატომ არ ჩქარობენ ისინი ომის შეჩერებას?
დასავლეთი არ ჩქარობს ამ ომის დასრულებას, რადგან მათთან ბიუროკრატიის დონე ძალიან მაღალია. ნაწილს პუტინის ეშინია, ნაწილი რუსულ ნავთობსა და გაზზეა დამოკიდებული. ბევრი სხვადასხვა ფაქტორია. ყველა ქვეყანას თავისი მიზეზი აქვს.
გერმანელი ბიზნესმენისა და მწერლის, ალფრედ კოხის სიტყვებს მოვიყვან, რომელიც რუსეთის ხელისუფლებაზეც მუშაობდა. მან თქვა, რომ პუტინი ბაყაყია, რომელიც დიდხანს უნდა ხარშო. „მდუღარეში ბაყაყის“ არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუკი ბაყაყს ადუღებულ წყალში მოათავსებ, ის ამოხტება, ხოლო თუკი ცივ წყალში, რომელიც ნელ-ნელა თბება, მაშინ ის საფრთხეს ვერ აღიქვამს და ნელ-ნელა დაიღუპება. ვფიქრობ, ეს ყველაზე სწორი სტრატეგიაა. დასავლეთმა უკრაინას საკმარისი ოდენობის იარაღი უნდა მიაწოდოს, რომ მან დაპყრობილი ტერიტორიების უკან დაბრუნება შეძლოს. თუმცა ვფიქრობ, რომ ბევრ დასავლელ პოლიტიკოსს ეშინია, რომ თუკი უკრაინა ძალიან კარგად შეიარაღდება, მაშინ ის ყირიმისთვისაც დაიწყებს ბრძოლას. სწორედ ამის ეშინია ყველას, რადგან პუტინისა და ბევრი რუსის ტვინში ყირიმი საკრალურია და ეს ნამდვილად გამოიწვევს ომის ესკალაციას ძალიან დიდი დროით.
ჯერ კიდევ 2014 ან 2015 წლებში, მახსოვს, ახსენეთ, თუ როგორ შეუკვეთა ერთმა სანქცირებულმა ბიზნესმენმა ღვინო Hedonism-ში, ანუ აშკარა იყო, რომ იგი თავისუფლად გადაადგილდებოდა დიდ ბრიტანეთში და ჩვეულ ცხოვრებას განაგრძობდა. შემდგომაც ასე იქნება, თუ რუსეთის ბიზნესსაზოგადოებისთვის არსებული სანქციების თავიდან აცილება გართულდება?
ჩვენთან შესაძლოა, რომელიმე ოლიგარქის გუვერნანტი შემოვიდეს და საკუთარი Revolut-ით იყიდოს Romanée-Conti და ჩვენ არასდროს გვეცოდინება, ამ შენაძენის საბოლოო მომხმარებელი ვინ იქნება. შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ, ვინ დალევს მას. თუმცა სანქციებისთვის გვერდის ავლა დღეს უფრო რთულია.
რასაც ახლა ვხედავთ, არის ის, რომ ევროპაში ახალი რკინის ფარდა ეშვება, რუსეთში ავტოკრატიული მმართველობა ტოტალიტარიზმში იზრდება და განსხვავებული ხედვის მქონე რუსების უმცირესობა ტოვებს სამშობლოს. ხომ არ ფიქრობთ, რომ დასავლეთი შეცდომას უშვებს და ორიოდე ათეული წლის შემდეგ ბევრად უფრო სახიფათო ქვეყანას მივიღებთ?
თუკი დასავლეთი რუსული გაზისა და ნავთობისთვის თანხის გადახდას გააგრძელებს, მაშინ რუსეთი უფრო დიდ მონსტრად გადაიზრდება. ხოლო, თუკი შეწყვეტს გადახდას და ემბარგოს დაუწესებს, მაშინ ვერ გადაიზრდება, რადგან რუსეთი ჩრდილოეთის ქვეყანაა და მხოლოდ თვითგამოკვების ამოცანით იქნება დაკავებული.
ფიქრობთ, რომ მესამე მსოფლიო ომი დაწყებულია?
ვფიქრობ, რომ, სამწუხაროდ, მესამე მსოფლიო დაიწყო. ის ფაქტი, რომ 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები რამშტაინის სამხედრო ბაზაზე იკრიბებიან, უკვე მიანიშნებს, რომ თითოეული მათგანი, ამა თუ იმ სახით, ამ ომში მონაწილეობს. ძალიან ბევრი გადაუჭრელი ტერიტორიული საკითხია, როგორიცაა აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი, დნესტრისპირეთი, თავისთავად, დონბასი და ყირიმი, და მე ასევე არ დავივიწყებდი ორად გაყოფილ კორეას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პუტინის რეჟიმის დაცემამ შესაძლოა, ამ კონფლიქტების აქტივიზაცია გამოიწვიოს.
მიმდინარე მოვლენებმა დააჩქარა თქვენი სამშობლოში დაბრუნება, თუ პირიქით?
ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენები ჩემს სამშობლოში დაბრუნებას აჩქარებენ, რადგან დრო აჩქარდა. თუკი აქამდე პუტინის რეჟიმი ძალიან მშვიდად იარსებებდა კიდევ ორი ათეული წელი და თანდათან ჩაეფლობოდა ავტორიტარიზმში, დღეს თამასა აწეულია, თავად პუტინს დაპირებული ტუზი ნამდვილად არა აქვს, ხოლო დასავლეთს ბანქოს რამდენიმე დასტა აქვს, ჯერაც დაუბეჭდავი.
რამდენადაც ვიცი, დაკრძალვებს პირადი მიზეზით არ ესწრებით, თუმცა გქონდათ ერთი შემთხვევა, როდესაც ამ ჩვევისთვის გადახვევა გადაწყვიტეთ და ეს იყო კახა ბენდუქიძის დაკრძალვაზე დასწრება. რატომ?
მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან ის არა მხოლოდ გამოჩენილი ქართველი, არამედ გამოჩენილი მსოფლიო პოლიტიკოსია, დიახ, მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსი. მისი მსგავსნი ნამდვილად ცოტანი არიან, შეგვიძლია დავასახელოთ შეიხი მოჰამედი, ლი კუან იუ, ტეტჩერი, რეიგანი და მსგავსნი. სამწუხაროდ, ის და მისი მიღწევები საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში სათანადოდ ვერ იქნა დაფასებული.
საკმაოდ კარგად იცნობთ ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას. უცხო თვალით რომ შეაფასოთ, როგორ წარმოაჩენს საქართველო ამჟამად საკუთარ თავს?
იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილი კრემლის პროექტია და მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფება, საქართველოს შეეძლო, უკრაინისთვის უფრო აქტიური მხარდაჭერა აღმოეჩინა, როგორც ეს სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა. ძალიან ბევრს ახსოვს საქართველოს მისწრაფება თავისუფლების, ლიბერალიზმის, ლიბერტარიანიზმისადმიც კი, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ იყო. ძალიან ბევრს ახსოვს ეს დრო, ბევრმა იმ დროს კეთილდღეობა და იმ დროის განმავლობაში მენტალიტეტი გაიუმჯობესა. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში დადგება დრო, როდესაც ადამიანები, რომელთა ფორმირებაც ბენდუქიძისა და სააკაშვილის მმართველობის დროს მოხდა, პოლიტიკური სიმწიფის ასაკში შევლენ.
ბიძინა ივანიშვილს თუ იცნობთ?
მე მას 90-იანების ბოლოს, დაუსწრებლად ვიცნობდი, როგორც საკმაოდ ხისტ ბანკირს.
რამდენი ქართული ღვინოა წარმოდგენილი Hedonism-ში?
ორიოდე ათეული გვქონდა და მეტიც იქნებოდა, რომ არა ქართველ მეღვინეთა დისციპლინური და ლოგისტიკური პრობლემა. ჩემს მეხსიერებაში დღემდე შემორჩენილია „მარანი 2007“, შავი ეტიკეტით და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ღვინოა, რომელიც ოდესმე გამისინჯავს, იმავეს ვიტყვი „შატო მერეზე“. თუმცა საქართველოდან ღვინის მოწოდება მარტივი არ აღმოჩნდა, სუსტი დისციპლინისა და ლოგისტიკის გამო.