მიმდინარე წლის აგვისტოში ბანკების მიერ გაცემული სესხების საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 11.6% შეადგინა. ივლისში აღნიშნული განაკვეთი 12.7% იყო. ბოლო ერთ წელიწადში სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 2.1% პუნქტით არის შემცირებული.
ცალკე აღებულ ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 15.5%-ია. მათ შორის, იურიდიულ პირებზე ლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 10.9%-ია, ხოლო ფიზიკურ პირებზე 20.1%. ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1.8% პუნქტით შემცირდა.
უცხოურ ვალუტაში (რეალურად დოლარში) გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 7.3%-ია. მათ შორის, იურიდიულ პირებზე ლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 8.2%-ია, ხოლო ფიზიკურ პირებზე 6.1%. ბოლო ერთ წელიწადში დოლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1.1% პუნქტით შემცირდა.
2018 წლის აგვისტოში, წინა თვესთან (ივლისთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 167 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 47 მლნ დოლარით გაიზარდა.
ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.4 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 594 მლნ დოლარით. პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად 24.4 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 55.5%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 57.1% იყო.
აგვისტოში ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხები 21 მლნ ლარით გაიზარდა. გრძელვადიანი სამომხმარებლო სესხები 38 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო მოკლევადიანი 17 მლნ ლარით შემცირდა.
აგვისტოში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 22 მლნ ლარით გაიზარდა და 404 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 1.7%-ია, რაც დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის პირველ სექტემბერს 2.2% იყო.