სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, აღნიშნულ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5.8%-ით გაიზარდა. 2023 წლის პირველი რვა თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 7%-ით განისაზღვრა.

აგვისტოში მაჩვენებლის ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა. კლების მიმართულებით კი გამოსარჩევია: უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და დასაწყობების და ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორები.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქონლის ექსპორტი 14.4%-ით გაიზარდა და 4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, იმპორტი კი 17.8%-ით გაიზარდა და 9.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16.8%-ით გაიზარდა და 14 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

საქსტატის ინფორმაციით, აგვისტოში საქართველოში 6,072 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 12.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 12.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 4.2%-იან ზრდას გულისხმობს.

აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯმა 1.14 მილიარდი ლარი შეადგინა, შემოსავალმა კი – 1.48 მილიარდი ლარი.
რაც შეეხება საბანკო სფეროს, აგვისტოში კომერციული ბანკების გამომუშავებამ 298.7 მილიონი ლარი შეადგინა, ეროვნული ბანკისამ – 11.3 მილიონი ლარი.