აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 4.6% შეადგინა – რა გაძვირდა?

აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 4.6% შეადგინა – რა გაძვირდა?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6% შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

◾ ტრანსპორტი: +1.3%, რაც თვის ინფლაციაზე 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა.

აღსანიშნავია, რომ ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.7%). ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.4%);

◾ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: +0.1%, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა.

აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.3%), რძე, ყველი და კვერცხი (3.1%), თევზეული
(1.7%), ყავა, ჩაი და კაკაო (0.8%), პური და პურპროდუქტები (0.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.2%). ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-10.6%), ზეთი და ცხიმი (-0.6%);

◾ ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: +0.7%, რაც თვის იდექსზე 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებზე (1.5%);

◾ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: -2.0%, რაც თვის ინფლაციაზე -0.09 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-2.1%), ისე ფეხსაცმლის (-1.9%) ქვეჯგუფებზე.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ამ შემთხვევაში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

◾ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: +10.0%, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.35 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (15.3%), ზეთი და ცხიმი (14.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (13.1%), რძე, ყველი და კვერცხი (11.8%), თევზეული (10.8%), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.2%), პური და პურპროდუქტები (9.4%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.2%);

◾ ჯანმრთელობის დაცვა: +9.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.78 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.8%), საავადმყოფოების მომსახურების (9.2%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (7.9%) ქვეჯგუფებზე;

◾ ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: +4.7 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (5.5%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4.0%);

◾ ტრანსპორტი: -2.4%, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.31 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.9%). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (0.5%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.3%).