AI-ბუმის წყალობით, მასაიოში სონმა იაპონიის უმდიდრესი ადამიანის ტიტული დაიბრუნა

AI-ბუმის წყალობით, მასაიოში სონმა იაპონიის უმდიდრესი ადამიანის ტიტული დაიბრუნა

SoftBank Group-ის დამფუძნებელმა მასაიოში სონმა, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, იაპონიის უმდიდრესი ადამიანის ტიტული დაიბრუნა. ეს ტოკიოს ბირჟაზე მიმდინარე წელს კონგლომერატის აქციების ფასის 60%-ზე მეტით ზრდის დამსახურებაა, რაც ხელოვნური ინტელექტის პერსპექტივების მიმართ ინვესტორების ოპტიმიზმით არის გამოწვეული.

Forbes-ის შეფასებით, 68 წლის მაგნატი, რომელიც SoftBank-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორიცაა, 50.5 მილიარდ დოლარს ფლობს. ამ სიმდიდრის უმთავრეს წყაროს კი, კომპანიაში სონის წილი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი აღემატება მის წინა პიკურ მონაცემს, რომელმაც 2021 წელს 45.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ახლა მასაიოში სონი უფრო მდიდარია, ვიდრე Uniqlo-ს მშობელი კომპანიის, Fast Retailing-ის დამფუძნებელი ტადაში იანაი, რომლის ქონებაც, Real-Time Billionaires List-ის მიხედვით, 46.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

სონმა იანაის უმდიდრესი იაპონელის ტიტული 2022 წელს დაუთმო, როდესაც SoftBank-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა. ამის მიზეზი მისი Vision Funds-ის საინვესტიციო ერთეულების მიერ რეკორდული ზარალის დაფიქსირება გახდა. ახლა კი ვითარება რადიკალურად შეცვალა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ კომპანიებში კონგლომერატის ინვესტიციებმა – განსაკუთრებით ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-ში. ეს ბევრისთვის კომპანიის ზრდის წინაპირობად აღიქმება.

ინვესტორების SoftBank-ით დაინტერესების ზრდა იმითაც არის განპირობებული, რომ, როგორც მოგეხსენებათ, OpenAI კერძო საკუთრებაშია, რაც მათ ხელს უშლის შეიძინონ კომპანიის წილი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბუმის სიმბოლოდ იქცა.

SoftBank-მა და OpenAI-მ სტრატეგიული პარტნიორობა $500-მილიარდიანი Stargate-ის AI-ინფრასტრუქტურის პროექტისა და საინვესტიციო ხელშეკრულებების გზით დაამყარეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ SoftBank-ია OpenAI-ის მიერ ახლახან დახურული $40-მილიარდიანი დაფინანსების რაუნდის წამყვანი ინვესტორი, რომელიც ChatGPT-ის შემქმნელს 300 მილიარდ დოლარად აფასებს. ის ამერიკულ კომპანიაში 30 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, ხოლო დარჩენილი 10 მილიარდი დოლარის თანაინვესტორებზე სინდიცირებას.