AI-ჩატბოტები რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ - ISD-ის კვლევა

AI-ჩატბოტები რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ - ISD-ის კვლევა

სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტის (ISD) კვლევის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტები, მათ მიერ გენერირებული ხუთი პასუხიდან სულ მცირე ერთში, წყაროდ რუსულ პროპაგანდისტულ ვებგვერდებს იმოწმებენ. აღნიშნული კვლევა ბრიტანეთის ანალიტიკურმა ცენტრმა ოქტომბრის ბოლოს გამოაქვეყნა.

ISD-მა გლობალურად ყველაზე ხშირად გამოყენებად AI-ჩატბოტებს – OpenAI-ის ChatGPT-ს, Google-ის Gemini-ს, xAI-ის Grok-ს და Deepseek-ის V3.2-ს – უკრაინის ომის შესახებ ხუთ ენაზე 300-ზე მეტი კითხვა დაუსვა. ჩატბოტებისთვის კითხვის დასასმელად სამი სტილი – მიუკერძოებელი (ნეიტრალური ტონი), მიკერძოებული (ერთი მხარისკენ გადახრილი ტონი) და მავნე კითხვის ფორმა (შეგნებულად მანიპულაციური) გამოიყენა.

ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, გენერირებული პასუხები რუსული წყაროებით უფრო ხშირად მავნე ან მიკერძოებული შეკითხვების დასმის დროს იყო დამოწმებული –  მაგალითად, უკრაინელი ლტოლვილების შესახებ, რომლებიც „ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ“ და „ქუჩებიდან ჯარში გაწვევის მიზნით მამაკაცების ძალით გატაცების“ ფაქტზე.

ISD-ის მკვლევრების დასკვნით, ანგარიშით მიღებული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემები პასუხების გენერირებისას ხშირად მომხმარებლების ენასა და შეხედულებებს იზიარებენ და მათ შესაბამის ტონსაც იყენებენ. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ მიკერძოებული და მავნე შეკითხვების შემთხვევაში, მომხმარებლისთვის მორგებული პასუხების დასამოწმებლად რუსული წყაროები იყო გამოყენებული.

კვლევის თანახმად, ომის შესახებ მიკერძოებულ ან მავნე შეკითხვებზე, ChatGPT სამზე მეტ რუსულ წყაროს იმოწმებდა. ხოლო ნეიტრალური კითხვების დასმისას, ISD-მა ყველაზე მეტი რუსული წყარო სოციალურ პლატფორმა X-ის საკუთრებაში არსებული Grok-იდან მიიღო. ჩინურმა ჩატბოტმა Deepseek-მა კი, ორ შეკითხვაზე პასუხისთვის, ჯამში ოთხი რუსული წყარო გამოიყენა.

ISD-ის თანახმად, რუსულ წყაროებს შორის ყველაზე დიდი სიხშირით ონლაინ საინფორმაციო ვებგვერდი VT Foreign Policy გვხვდებოდა. ცენტრის დაკვირვებით, აღნიშნული ვებგვერდი ხშირად აზიარებს კონტენტს რუსული პროპაგანდისტული ჯგუფებიდან, მათ შორის Storm-1516-დან, Foundation to Battle Injustice-დან, ასევე ისეთი რუსული მედიაპლატფორმებიდან, როგორებიცაა Sputnik-ი და Russia Today.

Grok-ის ჩატბოტი ასევე ყველაზე ხშირად პირდაპირ ციტირებდა Russia Today-ის ჟურნალისტებს, ან წყაროდ მათ მიერ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტებს იმოწმებდა, რაც მკვლევართა თქმით, „აშკარა პროპაგანდასა და პირად აზრს“ შორის არსებულ ზღვარს ფაქტობრივად უგულებელყოფს. ანგარიშის თანახმად, მიღებული შედეგები ასევე ეჭვქვეშ აყენებს Grok-ის შესაძლებლობას იდენტიფიცირება მოახდინოს და შეზღუდოს სანქცირებული სახელმწიფო მედიის ისეთი კონტენტი, რომელსაც ის მესამე მხარისგან (მაგ. ინფლუენსერებისგან) იღებს.

საინტერესოა, რომ მავნე კითხვებზე პასუხის გენერირების ნაცვლად, Google-ის Gemini-მ მკვლევრებს განუცხადა, რომ მას არ შეეძლო ისეთ თემებზე დახმარების გაწევა, რომლებიც შესაძლოა შეუსაბამო ან საფრთხის შემცველი იყოს. ISD-ის შეფასებით, Gemini ერთადერთი ჩატბოტია, რომელსაც „უკრაინის ომზე მიკერძოებულ და მავნე შეკითხვებთან დაკავშირებული რისკების“ ამოცნობა შეუძლია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სხვა ტიპის შეკითხებზე პასუხის გენერირებისას Gemini გამოყენებულ წყაროებს არ უთითებდა.

სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტის კვლევის შედეგებით, AI-ჩატბოტები რუსულ სახელმწიფო წყაროებს ყველაზე ხშირად უკრაინის სამხედრო გაწვევის შესახებ შეკითხვებისას იყენებდა. მათ შორის Grok-ის პასუხების 40%-ში და ChatGPT-ის პასუხების 28%-ზე მეტში სულ მცირე ერთი რუსული პროპაგანდისტული წყარო იყო მითითებული. ამასთან ერთად, ორივე ჩატბოტმა მათი პასუხების 28.5%-ში კრემლის წყაროები დაიმოწმა.