AI მომდევნო ათწლეულში სამუშაოების 40%-ზე მოახდენს გავლენას - გაეროს ანგარიში

AI მომდევნო ათწლეულში სამუშაოების 40%-ზე მოახდენს გავლენას - გაეროს ანგარიში

ხელოვნურმა ინტელექტმა, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, შესაძლოა გავლენა მსოფლიო მასშტაბით სამუშაოების 40%-ზე მოახდინოს. არსებობს ალბათობა, რომ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში AI-ის ჩართვა პროდუქტიულობის საერთო მაჩვენებელს გააუმჯობესებს, თუმცა შანსია, რომ ეს ადამიანებისთვის სამუშაოს დაკარგვის მიზეზადაც იქცეს, ნათქვამია გაეროს ვაჭრობისა და განვითარების დეპარტამენტის (UNCTAD) ახალ ანგარიშში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დეპარტამენტის შეფასებით, AI სამუშაოებზე გავლენას ოთხი ძირითადი გზით იქონიებს: ადამიანური სამუშაოს ჩანაცვლებით ან მათი შევსებით, ავტომატიზაციის გაძლიერებითა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, როგორიცაა, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის კვლევა ან განვითარება. ანგარიშის თანახმად, კომპანიების ნაწილი, რომლებიც AI-ის განვითარებაზე მუშაობენ, „ხშირად კაპიტალს სამუშაო ძალაზე მაღლა აყენებენ“, რაც განვითარებად ქვეყნებში იაფი მუშახელის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების საფრთხეს აჩენს.

UNCTAD-ის მონაცემებით, 2033 წლისთვის ხელოვნური ინტელექტის საბაზრო ღირებულება $4.8 ტრილიონს მიაღწევს. ამის მიუხედავად, AI-გიგანტები კვლავ მჭიდროდ კონცენტრირებულნი იქნებიან. არსებული მდგომარეობით, სულ რაღაც 100 კომპანია, რომლებიც აშშ-სა და ჩინეთშია დაფუძნებული, AI-ზე მსოფლიო კვლევისა და განვითარების ხარჯების თითქმის ნახევარს ითავსებს.

ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორიცაა Apple-ი, NVIDIA და Microsoft-ი, $3 ტრილიონის საბაზრო კაპიტალიზაცია აქვთ, რაც დაახლოებით, მთლიანად აფრიკის კონტინენტის ეკონომიკის ეკვივალენტია.

გაეროს ანგარიშმა, სხვადასხვა მიმართულებით, ქვეყნების კონკურენტუნარიანობაც გამოიკვლია. მაგალითისთვის, აშშ-ს აქვს უპირატესობა ციფრულ ტექნოლოგიებში, როგორიცაა AI, ინტერნეტი, ბლოკჩეინი და 3D-ბეჭდვა. ჩინეთი, თავის მხრივ, 5G-ფიჭური ქსელების, დრონებისა და მზის ფოტოელექტრული სისტემების (PVs) განვითარების მიმართულებითაა ლიდერი. ამავე სფეროებში კონკურენტუნარიანები არიან იაპონია და სამხრეთი კორეაც, დამატებით ნანოტექნოლოგიებთან და რობოტიკის განვითარებასთან ერთად.