AI-პლატფორმა მომხმარებელთან საურთიერთოდ

AI-პლატფორმა მომხმარებელთან საურთიერთოდ

მონაცემები ბევრ კომპანიას აქვს, მაგრამ ზრდისთვის მათი გამოყენება ცოტას თუ შეუძლია. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება „ოპტიო” — ხელოვნური ინტელექტით გამართული პლატფორმა, რომელიც მომხმარებლის ქცევის ანალიზზე დაფუძნებულ შეთავაზებებს ქმნის. სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური პროდუქტის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი მირზიკაშვილი გვესაუბრა. 

 

ავტორი: იზა გვარამაძე

 

რამ დაგანახათ ბაზარზე „ოპტიოს” საჭიროება?

ამ ეტაპზე „ოპტიო” ძირითადად ფინანსურ სექტორზეა ფოკუსირებული, მათ შორის ბანკებზე, სადაზღვევო კომპანიებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. ამ კომპანიებს საკუთარ კლიენტებთან დაკავშირებით ძალიან დიდი და საინტერესო ინფორმაცია აქვთ, თუმცა ჩვენ დავინახეთ, რომ მისი ეფექტიანად გამოყენება უჭირთ. რეალურად კი, სწორედ ამ მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით შეუძლიათ, საკუთარ კლიენტებს მათზე მორგებული შეთავაზებები მიაწოდონ და თითოეულ მომხმარებელს აგრძნობინონ, რომ კონკრეტული შეთავაზება სპეციალურად მისთვის არის შექმნილი. 

„ოპტიო” ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფინანსური სექტორის ორგანიზაციებს, და არა მხოლოდ მათ, ინოვაციურ ტექნოლოგიას სთავაზობს. ეს ტექნოლოგია მომხმარებელთა მონაცემების დამუშავებისა და ანალიზისთვის ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მოდულს იყენებს და პარტნიორ კომპანიებს კლიენტებისთვის დროული, პერსონიფიცირებული შეთავაზებების შექმნაში ეხმარება. 

შექმნიდან დღემდე პროდუქტი არაერთხელ განვაახლეთ იმ მიზნით, რომ ბაზრის მოთხოვნებისთვის მაქსიმალურად გვეპასუხა. გარკვეულ ეტაპზე მივხვდით, რომ პლატფორმამ მიიღო სწორედ ის სახე, რომელიც ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამებოდა. ამჟამად კი ახალ ეტაპზე გადავდივართ, რაც სწრაფ ზრდას გულისხმობს. 

მოდი, სამომავლო გეგმებს მოგვიანებით მივუბრუნდეთ, ახლა კი უშუალოდ პროდუქტისა და მისი ფუნქციონალების უპირატესობებზე ვისაუბროთ.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „ოპტიო”, როგორც მაღალტექნოლოგიური პლატფორმა, საკმაოდ უნიკალური პროდუქტია. ის მომხმარებელთან ურთიერთობის მართვისა (CRM) და მარკეტინგის ავტომატიზაციის ფუნქციებს აერთიანებს. „ოპტიო” კომპანიებს აძლევს საშუალებას, მომხმარებლებზე ინფორმაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოუწესრიგებელი და მიმობნეულია, გააერთიანოს, მოაწესრიგოს, და სამომავლოდ ბიზნესისთვის მარტივად გამოსაყენებელი გახადოს. ეს ორგანიზაციების მარკეტინგისა და ბიზნესმიმართულების თანამშრომლებს საქმეს ძალიან უმარტივებს და, დიდი ძალისხმევის გარეშე, კლიენტების ქცევის მიხედვით დაჯგუფებაში ეხმარება. 

ამის შემდეგ კი, როდესაც ჩვენი პარტნიორი კომპანია კლიენტების საინტერესო სეგმენტს მიაგნებს, მათ დროული და ავტომატიზებული შეთავაზებების გაკეთებაში ეხმარება იმ არხებში, რომლებითაც კონკრეტულ მომხმარებელთან კომუნიკაცია ყველაზე ეფექტიანია. მონაცემებსა და კლიენტის ქცევაზე დაფუძნებულ შეთავაზებებს თუ აკეთებ, უკვე კონკურენტებზე ერთი ნაბიჯით წინ ხარ. მრავალი კვლევით დასტურდება, რომ მომხმარებელი ყოველთვის გრძნობს, ორგანიზაცია ელაპარაკება მას როგორც ერთ-ერთს, თუ როგორც – კონკრეტულ ადამიანს. ეს კი კლიენტთა ლოიალობას ზრდის, რაც კომპანიის გაყიდვების ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 

შესაბამისად, ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ თუ მსოფლიოში დიდი ორგანიზაციები CRM-ის პლატფორმას და მარკეტინგის ავტომატიზაციის სისტემებს ცალ-ცალკე ნერგავენ, ჩვენ ეს ყველაფერი ერთ სივრცეში გავაერთიანეთ, AI-მოდულების ინტეგრირებით გავხადეთ ავტომატიზებული და ჩვენს კლიენტებამდე ამ სახით მიგვაქვს. ეს, ერთი მხრივ, მათ ფინანსური რესურსის დაზოგვაში ეხმარება, მეორე მხრივ კი, პროცესებს უჩქარებს და ორგანიზაციის ეფექტიანობას ზრდის. 

აქვე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა: „ოპტიო” გაცილებით უფრო სწრაფად შეიძლება დაინერგოს და გაეშვას, ვიდრე მისი უცხოური კონკურენტები. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის. 

AI-მოდულები ახსენეთ და უფრო კონკრეტულად, როგორ იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს პლატფორმაში? 

ჩვენ AI-ის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი კომპეტენცია და გამოცდილება გვაქვს და საქართველოში ალბათ ერთ-ერთმა პირველებმა დავიწყეთ საკუთარ პროდუქტში მისი ინტეგრაცია. შესაბამისად, დღეს ჩვენს პლატფორმაში ხელოვნურ ინტელექტს ძალიან ბევრი მიმართულებით ვიყენებთ და მუდამ ისეთი AI-კომპონენტების ინტეგრირებას ვცდილობთ, რომლებიც ჩვენს კლიენტ ორგანიზაციებს პროდუქტის მოხმარებას საგრძნობლად გაუმარტივებს. მაგალითად, გასულ წელს ახალი ფუნქციონალი, „Ask AI” დავამატეთ. თუ აქამდე ჩვენი კლიენტები მონაცემებში საჭირო ინფორმაციას სტანდარტული ფილტრების გამოყენებით ეძებდნენ, ახლა ამას „Ask AI”-ს სთხოვ და ის უკვე მზა სეგმენტს გაწვდის. ამ ყველაფერს კი ძალიან მარტივად აკეთებ, უბრალოდ უნდა დაწერო, რასაც ფიქრობ, რა ტიპის მომხმარებელსაც ეძებ და დანარჩენს თვითონ სისტემა აგვარებს. 

ასევე საინტერესოა AI-ის გამოყენება კლიენტის ქცევის პროგნოზების მიმართულებით. თუმცა გვახსოვდეს, რომ ეს ვარაუდია და 100%-იან სიზუსტეს არ უნდა ველოდოთ. მსგავსი AI-მოდელები იმის განსაზღვრაში გეხმარება, თუ ვის, როდის და რა პროდუქტი უნდა შესთავაზო.

ამ ყველაფერთან ერთად ხელოვნურ ინტელექტს სისტემის ოპერირებისას ბევრ რამეში ვიყენებთ ფონურ რეჟიმში, რაც პლატფორმის წარმადობის ზრდისკენ არის მიმართული. 

როგორ უმარტივებს „ოპტიო” ორგანიზაციებს კამპანიების სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში დაგეგმვას? 

დავიწყებ იმით, რომ მარკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვის პროცესში სწორი არხის შერჩევა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. მაგალითად, მომხმარებლების ნაწილი SMS-შეტყობინებებზე რეაგირებს, ნაწილი – ელექტრონულ ფოსტაზე ან დიგიტალ-ბანერზე. ჩვენი პლატფორმა ისეა მოწყობილი, რომ ის კონკრეტული კლიენტისთვის შეთავაზების კონკრეტული არხით მიწოდების საშუალებას იძლევა, რაც წარმატების შანსებს საგრძნობლად ზრდის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ორგანიზაციებისთვის არის ის, რომ ისინი ხშირად ვერ ხედავენ, რა მოხდა ამა თუ იმ არხში კლიენტთან კომუნიკაციის შემდეგ. კომპანიებს უჭირთ გაიგონ, თუ რამდენი მომხმარებელი დაკონვერტირდა მათ შეთავაზებაზე. ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, „ოპტიო” ავტომატურად ზომავს, ვინ რომელ ბანერსა თუ ბმულს დააკლიკა, ვინ გადავიდა შეთავაზებაზე და იმასაც კი, თუ ვინ იყიდა პროდუქტი.

როგორც ხედავთ, მარკეტინგის ავტომატიზაციის პროცესში, მონაცემების მოწესრიგებიდან დაწყებული, წარმატებულ გაყიდვამდე, „ოპტიო” მთელი პროცესის ერთ ფანჯარაში ორკესტრირების საშუალებას იძლევა. ამის შედეგი კი არის კლიენტის კმაყოფილების ინდექსის და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა, რაც, რიგ შემთხვევაში, სამმაგდება ან ოთხმაგდება კიდეც. 

რაც შეეხება CRM-ის მიმართულებას, როცა მომხმარებლებთან კომუნიკაცია გაქვს, ისინი ამაზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა თითოეულ კლიენტზე დაკვირვება. სწორედ ამ მიზნით შევქმენით კლიენტების 360-გრადუსიანი პროფილის ფუნქციონალი, სადაც ერთი მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია ძალიან დეტალურად და მიზანმიმართულად არის თავმოყრილი. 

ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხოთ – როგორ უზრუნველყოფს „ოპტიო” მომხმარებელთა მონაცემების დაცვას? 

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს კომპანიაში ინფორმაციული უსაფრთხოება ძალიან მკაცრად არის დაცული. „ოპტიოს” აქვს ISO 27001 სერტიფიკატი, რომელიც ავტორიტეტული გერმანული მასერტიფიცირებელი ორგანიზაციისგან Tüv Süd Management Service GmbH-სგან მიენიჭა. ეს სპეციალურად ინფორმაციული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული სერტიფიცირებაა. 

ბოლოს, სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ. 

საუბრის დასაწყისშიც ვთქვი, რომ ამ ეტაპზე ძირითადად ფინანსურ სფეროსთან ვმუშაობთ. ცოტა ხნის წინ სადაზღვევო სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ შემოგვიერთდა. მზად ვართ, როგორც ამ, ასევე სხვა სექტორების კომპანიებთან ვითანამშრომლოთ და დავეხმაროთ საკუთარი მომხმარებლების შეცნობაში. 

რაც შეეხება უშუალოდ პროდუქტს, ძალიან მალე წარვადგენთ „ოპტიოს”გაუმჯობესებულ ვერსიას – „ოპტიო” 6.0-ს. აღსანიშნავია, რომ 5.0 ვერსია ერთი წლის წინ გამოვიდა, თუმცა ახალ ვერსიაში ბევრ მნიშვნელოვან განახლებას ნახავთ. მიმდინარე წლისთვის მიზნად ვისახავთ, არსებული ფუნქციონალის მაქსიმალურად დახვეწასა და ჩვენი კლიენტებისგან მიღებული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაზე ვკონცენტრირდეთ, რათა კომპანიებს პროდუქტის გამოყენება კიდევ უფრო გაუმარტივდეთ. 

დაბოლოს, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ დასახული მიზნების მისაღწევად, სამომავლოდ „ოპტიოს” გუნდის კიდევ უფრო გაზრდასაც ვგეგმავთ. 

ეს ხომ არ მოითხოვს ახალი სამუშაო სივრცის შექმნას? 

ჩვენ „D ბლოკის” წევრები ვართ და იქიდან ვმუშაობთ. მას გახსნისთანავე შემოვუერთდით. ეს სამუშაო სივრცე იდეების ხორცშესხმაში ძალიან გვეხმარება. პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ არის კომფორტული გარემო, აქვს მოსახერხებელი ადგილმდებარეობა და ჰყავს გუნდი, რომელიც ჩვენზე ძალიან ზრუნავს. დარწმუნებული ვარ, „ოპტიოს” სამუშაო სივრცედ „D ბლოკის” არჩევა სწორი გადაწყვეტილება იყო. როგორც აღვნიშნე, გაფართოებას ვგეგმავთ და ამაში „D ბლოკი” ხელს მაქსიმალურად გვიწყობს. ის გვთავაზობს სივრცეს, რომელიც, ერთი მხრივ, კონცენტრაციის შენარჩუნებაში გვეხმარება, მეორე მხრივ კი, გვაძლევს საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობების, შეხვედრებისა და აზრების გაცლის შესაძლებლობას.