Air India-ს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ Boeing-ის აქციების ფასი 8%-ით დაეცა

Air India-ს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ Boeing-ის აქციების ფასი 8%-ით დაეცა

Air India-ს კუთვნილი Boeing 787-ის ჩამოვარდნის შემდეგ, Boeing-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა. აღნიშნული შემთხვევა თვითმფრინავების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის ნდობის აღდგენის პროცესს შეაფერხებს, რომელიც 2018 და 2019 წლებში მომხდარი ორი დიდი ავიაკატასტროფის შემდეგ დაიწყო.

საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის დაწყებამდე, Boeing-ის ერთი აქციის ფასი 196.85 დოლარამდე დაეცა, რაც ერთდღიან ჭრილში 8%-ით შემცირებული მაჩვენებელია. როგორც აღვნიშნეთ, აქციების გაუფასურება Air India-ს AI171 რეისის, Boeing 787-8 Dreamliner-ის ავიაკატასტროფას მოჰყვა. თვითმფრინავი დასავლეთ ინდოეთში, აჰმადაბადის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავში 242 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ, ასევე შესაძლო მიზეზებზე დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.

FlightRadar24-ის ცნობით, ავიაკატასტროფა თვითმფრინავმა Boeing 787-8, რეგისტრაციის ნომრით VT-ANB, განიცადა, რომელიც Air India-ს 2014 წელს მიეწოდა. Boeing-ს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Air India-მ, რომელიც Tata Group-მა ინდოეთის მთავრობის მიერ 2022 წელს გამოცხადებული პრივატიზაციის ფარგლებში შეიძინა, თავისი ფლოტის მნიშვნელოვნად გასაზრდელად ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მსხვილი კონტრაქტი გააფორმა. 2023 წელს Air India-მ 470 ახალი თვითმფრინავის შეძენის გეგმებზე განაცხადა, რაც ავიაინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარიგებაა. შეკვეთა Boeing-ის ერთკორპუსიანი და ფართოკორპუსიანი 290 თვითმფრინავის შეძენას მოიცავს. მათ შორის შედის 20 ახალი Boeing 787 Dreamliner-ი, ფართოკორპუსიანი თვითმფრინავი, რომლის წარმოებაც პრობლემების გამო შეფერხდა.