Airbus-მა Qatar Airway-თან 50 ახალ, A321neo სამგზავრო თვითმფრინავზე $6-მილიარდიანი კონტრაქტი გააუქმა. Airbus-ის ქმედება, კომპანიებს შორის A350-ების საღებავის გამო დაწყებულ იურიდიულ ბრძოლას კიდევ უფრო გაამწვავებს. ავიახაზების მესვეურებმა Airbus-ის გადაწყვეტილების თაობაზე იმედგაცრუება და სინანული გამოთქვეს.
დეკემბერში Qatar Airway-მა სარჩელი Airbus A350-ის თვითმფრინავებში რიგი პრობლემების აღმოჩენის შემდგომ შეიტანა. ავიაკომპანიის განცხადებით, ბოლოს მიწოდებულ თვითმფრინავებზე საღებავი იქერცლებოდა და გამოჩნდა ე.წ. სპილენძის ბადე, რომელიც ელვისგან თვითმფრინავების დაცვისთვის გამოიყენება. ავიახაზები საღებავის პრობლემას უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკად მიიჩნევს და კომპენსაციის სახით, დაზიანებულ თვითმფრინავებისთვის, $600 მილიონს ითხოვს.
Qatar Airway-მა გასულ კვირას სოციალურ მედიაში ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელიც A350-ის ვიზუალურ დეფექტებს ასახავს და ხაზს უსვამს ავიახაზების ლეგიტიმურ შეშფოთებას. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA), დამოუკიდებელი შეფასების შემდგომ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები ვერ აღმოაჩინა. Airbus-ი მიიჩნევს, რომ ავიახაზებს არანაირი გონივრული საფუძველი არ გააჩნია A350 თვითმფრინავებზე აფრენის აკრძალვა დააწესოს, და ეს უფრო მეტად კომპანიის ფინანსური ინტერესებია, რაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, საჰაერო მგზავრობებზე მოთხოვნის შემცირებითაა გამოწვეული.
Reuters-ის გამოძიებამ 2020 წელს კატარის მიერ 960 დეფექტის დადგენამდე, სულ მცირე ხუთი კომპანია გამოავლინა, რომლებიც A350-ის საღებავით უკმაყოფილებას გამოთქვამდა. Airbus-ის განცხადებით, კომპანია მომავალი A350-ებისთვის ელვის საწინააღმდეგო ბადის დიზაინის შეცვლას გეგმავდა, თუმცა არსებულსაც ელვის წინააღმდეგ დასაცავ ადეკვატურ სარეზერვო საშუალებად მიიჩნევდა. ავიახაზების თქმით, კატარი, უსაფრთხოებაზე ბერკეტების მოძიებით, გლობალურ პროტოკოლს უთხრის ძირს.