ახალი AI-მილიარდერები Forbes-ის 2026 წლის რეიტინგში

ახალი AI-მილიარდერები Forbes-ის 2026 წლის რეიტინგში
ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2026 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის რიგით მე-40 ყოველწლიურ სიაში რეკორდული რაოდენობის მილიარდერები მოხვდნენ, რომელთა კოლექტიური სიმდიდრე ასევე ყველა დროის მაქსიმუმამდე – $20.1 ტრილიონამდეა გაზრდილი. Forbes-ის განახლებული რეიტინგით, რომელიც 2026 წლის პირველი მარტის ჩათვლით მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა, მილიარდერთა საშუალო სიმდიდრე ამჟამად $5.8 მილიარდს აღწევს. საერთო ჯამში, გასულ წელთან შედარებით, სიაში შემავალ მილიარდერთა 80% იმაზე მდიდარია, ვიდრე გასულ წელს იყო.

გამოცემის წლევანდელ რეიტინგში 3,428 მილიარდერია – 400-ით მეტი გასულ წელს დაფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით. ამავდროულად, სიის წევრები ახლა უფრო მდიდრებიც არიან, ვიდრე ოდესმე. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების კოლექტიური ქონება გასულ წელთან შედარებით თითქმის $4 ტრილიონითაა გაზრდილი და, როგორც აღვნიშნეთ, $20.1 ტრილიონს აღწევს.

ხელოვნური ინტელექტის ბუმმა მილიარდერების სიაზეც მოახდინა გავლენა. 2026 წლის მილიარდერების რეიტინგში, ერთბაშად 45 ახალი AI-მილიარდერი გამოჩნდა, რომელთა ქონების ზრდაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს პირდაპირ უკავშირდება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში AI-ინდუსტრიაში განხორციელებულმა მასშტაბურმა ინვესტიციებმა კომპანიების შეფასება უპრეცედენტოდ გაზარდა. მაგალითად, ილონ მასკის SpaceX-მა მისივე კომპანია xAI დაახლოებით 250 მილიარდ დოლარად შეფასებული ღირებულებით შეიძინა, ხოლო AI-კომპანია Anthropic-მა ინვესტიციები მოიზიდა 380 მილიარდ დოლარად შეფასების პირობებში. კიდევ უფრო დიდი შეფასება მიიღო OpenAI-მ, რომლის თანადამფუძნებელმა სემ ოლტმენმა თებერვალში 110 მილიარდი დოლარის კაპიტალის მოზიდვის გეგმაზე განაცხადა, რაც კომპანიას დაახლოებით 840 მილიარდ დოლარად აფასებს.

AI-ინდუსტრიის სწრაფმა ზრდამ მნიშვნელოვნად გაზარდა მისი დამფუძნებლების, ტოპ-მენეჯერებისა და ინვესტორების ქონებაც. Forbes-ის მონაცემებით, მსოფლიოში ახლა უკვე მინიმუმ 86 AI-მილიარდერია, რომელთა ჯამური ქონება დაახლოებით 2.9 ტრილიონ დოლარს აღწევს. ამ ჯგუფიდან 45 ადამიანი სწორედ ბოლო ერთ წელიწადში გახდა მილიარდერი.

ახალი AI-მილიარდერებიდან ყველაზე მდიდარი ედვინ ჩენია, კომპანია Surge AI-ის დამფუძნებელი. მისი ქონება დაახლოებით 18 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. Surge AI-ის წარმატებას ნაწილობრივ ისიც განაპირობებს, რომ ჩენმა ტრადიციული ვენჩურული კაპიტალისგან დიდწილად თავი შეიკავა და კომპანიის 75%-ზე მეტი წილი თავად შეინარჩუნა. მისი თქმით, კომპანიის პროდუქტის გარეშე ხელოვნური ზოგადი ინტელექტის (AGI) შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, რაც Surge AI-ს ამ ინდუსტრიაში მნიშვნელოვან ფიგურად აქცევს.

„ვფიქრობ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იმდენად მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის ყველა მოდელისთვის, რომ ჩვენს გარეშე, AGI-ის [ხელოვნური ზოგადი ინტელექტი] შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. და მე მინდა, რომ ეს მოხდეს“, – განუცხადა ჩენმა Forbes-ს სექტემბერში.

ახალი AI-მილიარდერები სიაში მეორე ადგილზე ჩინური Z.ai-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ლიუ დებინგია, რომლის ქონება დაახლოებით 9.1 მილიარდ დოლარს აღწევს. კომპანია ღია AI-მოდელებს ქმნის, რომლებიც კონკურენციას უწევენ ისეთ მოთამაშეებს, როგორიცაა OpenAI. დებინგი მილიარდერი მას შემდეგ გახდა, რაც Z.ai იანვარში ჰონგ-კონგის ბირჟაზე წარმატებით დაილისტა.

მესამე ყველაზე მდიდარი ახალი AI-მილიარდერია დენიელ ნადლერი, კომპანია OpenEvidence-ის დამფუძნებელი, რომლის ქონება 7.6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მისი კომპანია ექიმებისთვის AI-საძიებო ინსტრუმენტს ავითარებს.

ახალ AI-მილიარდერებს შორის ბევრი წარმატებას აპლიკაციის დონეზე განვითარებული პროდუქტებით აღწევს. მაგალითად, AI-კოდირების ასისტენტების და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების ბუმმა სიაში ათამდე ახალი მილიარდერი დაამატა. მათ შორის არიან ისეთი კომპანიების დამფუძნებლები, როგორებიცაა Cursor-ი, Lovable-ი, Sierra, Harness-ი და Cognition-ი.

AI-ბუმით სარგებლობენ უკვე გამილიარდერებულებიც. Forbes-ის რეიტინგში 468 ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერია, რომელთა საერთო ქონება რეკორდულ 4.8 ტრილიონ დოლარს აღწევს. ეს წინა წელთან შედარებით $1.1 ტრილიონით მეტია.

ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება ილონ მასკს, რომლის ქონება, SpaceX-ისა და xAI-ის მაღალი შეფასების ფონზე, თითქმის 500 მილიარდ დოლარით გაიზარდა. ასევე გაიზარდა ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის ქონება, მათი კომპანია Google-ი Gemini-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელით AI-რბოლაში აქტიურად არის ჩაბმული და ერთ-ერთ ლიდერადაც მიიჩნევა.

AI-ბუმით ისარგებლა ჯენსენ ჰუანგმაც, კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რომლის ქონება 55 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა, რისი მიზეზიც AI-ჩიპებზე მოთხოვნის ზრდაა. ამ მიმართულებით კი ბაზარზე Nvidia ლიდერობს. 

წარმოგიდგენთ გამორჩეულ AI-მილიარდერებს, რომლებიც Forbes-ის რეიტინგში პირველად მოხვდნენ: 

ხელოვნური ინტელექტის მოდელების შემქმნელები

ლიუ დებინგი ($9.1 მილიარდი) და ტანგ ჯიე ($1.9 მილიარდი) | Z.ai
იან ჯუნჯიე ($7.2 მილიარდი) | MiniMax
პიოტრ დაბკოვსკი ($1.8 მილიარდი) და მატი სტანიშევსკი ($1.8 მილიარდი) | ElevenLabs
ტიმოთი ლაკრუა, გიიომ ლემპლი, არტურ მენში (თითოეული $1.8 მილიარდი) | Mistral

მონაცემთა ეტიკეტირების სპეციალისტები

ედვინ ჩენი ($18 მილიარდი) | Surge AI
ლუსი გუო ($1.4 მილიარდი) | Scale AI
ბრენდან ფუდი, ადარშ ჰირემათი, სურია მიდჰა (თითოეული $2.2 მილიარდი) | Mercor

პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციები და ვაიბ-კოდირების სპეციალისტები

არვიდ ლუნემარკი, სუალეჰ ასიფი, ამან სანგერი, მაიკლ ტრუელი (თითოეული $1.3 მილიარდი) | Cursor
არავინდ სრინივასი, დენის იარატსი, ჯონი ჰო და ენდი კონვინსკი (თითოეული $2.1 მილიარდი) | Perplexity
ჯიოტი ბანსალი (თითოეული $2.3 მილიარდი) | Harness
ფაბიან ჰედინი, ანტონ ოსიკა (თითოეული $1.6 მილიარდი) | Lovable
ბრეტ ტეილორი, კლეი ბავორი (თითოეული $2.5 მილიარდი) | Sierra
სტივენ ჰაო (თითოეული $1.3 მილიარდი) | Cognition

თვითმფრინავები, ექიმები და ავტომობილები

დენიელ ნადლერი ($7.6 მილიარდი) | OpenEvidence
პიტერ ლუდვიგი, კასარ იუნისი ($1.5 მილიარდი) | Applied Intuition
Trae Stephens ($1 მილიარდი) | Anduril
ტორსტენ რეილი, გუნდბერტ შერფი, ნიკლას კოლერი (თითოეული $2 მილიარდი) | Helsing

ინფრასტრუქტურის შემქმნელები

მაიკლ ჰსინგი ($1.8 მილიარდი) | Monolithic Power Systems
პანტას სუტარჯა ($1.4 მილიარდი) | ნახევარგამტარები
რობინ ხუდა ($2.1 მილიარდი) | მონაცემთა ცენტრები
ჯიტენდრა მოჰანი, სანჯაი გაჯენდრა (თითოეული $1 მილიარდი) | Astera Labs