მოსაზრება თავდაპირველად გამოქვეყნდა
Forbes Georgia-ს 2024 წლის აგვისტოს ნომერში.
ოპოზიციური პარტიები განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად განიხილავდნენ გაერთიანების საკითხს. სამი ახალი კოალიცია უკვე გამოიკვეთა.
8 ივლისს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დააარსეს პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“. მასში შედიან როგორც ამ ორი პარტიის წევრები, ასევე, აქამდე დამოუკიდებელი პოლიტიკური და საჯარო ფიგურები: თამარ კორძაია (დამოუკიდებელი დეპუტატი), გია ჯაფარიძე (პოლიტოლოგი), ლაშა ბაქრაძე (ისტორიკოსი), არმაზ ახვლედიანი (დამოუკიდებელი დეპუტატი) და სხვები.
10 ივლისს „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას „ახალთან“ გაერთიანდნენ. მოგვიანებით კი „ლელო“ ალიანსში შევიდა პარტიებთან: „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედანი“. ორივე შემთხვევაში გაერთიანება არა იმდენად იდეოლოგიური, არამედ ტაქტიკური მოსაზრებით მოხდა: ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში მათი ამომრჩევლის ხმები არ დაიკარგოს.
ამ გაერთიანებების ფონზე, რამდენად აქვს ოპოზიციას შანსი, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები მოიგოს?
პირველ რიგში, იმის აღნიშვნით დავიწყებ, რომ არც ერთი ზემოჩამოთვლილი ალიანსი არ წარმოადგენს გაერთიანებას მეტ-ნაკლებად თანაბარწონიან პარტიებს შორის. ისე გამოდის, რომ ოპოზიციური პარტიები თავისზე მომცრო პარტიებს შეუერთდნენ ისე, რომ საკუთარი დომინაცია შეინარჩუნეს. მაგალითად, ცალსახაა, რომ პოლიტიკურ პლატფორმაში „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დომინირებს „ნაციონალური მოძრაობა“; „ახალი“ თავისი პოლიტიკური წონით აშკარად აღემატება პარტნიორებს – „დროასა“ და „გირჩს“; „ლელო“ კი პოლიტიკურად ბევრად ძლიერია, ვიდრე ანა დოლიძის პარტია და ახლად შექმნილი, პოლიტიკური გამოცდილების არმქონე „თავისუფლების მოედანი“ (მასში, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო სექტორში მომუშავე ადამიანები არიან გაერთიანებულნი).
ზემოთქმულის გათვალისწინებით, დიდი შანსია, რომ ამ გაერთიანებების ფარგლებში, დიდმა პარტნიორებმა პატარები დაჩრდილონ. პოლიტიკა ფინანსები არ არის და აქ ალიანსში მყოფი პარტიების ხმები ყოველთვის მექანიკურად არ ჯამდება. მაგალითად, თუ „ახალს“ ამომრჩევლების 10% უჭერს მხარს და „გირჩ – მეტ თავისუფლებას“ – 3 %, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ გაერთიანებას აუცილებლად ელექტორატის 13% მოიწონებს. ამის ნაცვლად, შეიძლება ისე მოხდა, რომ კოალიციის დომინანტმა პარტიებმა მომცრო პარტნიორების ამომრჩევლები განიზიდონ.
ამიტომ, იდეალურ შემთხვევაში, უფრო მოგებიანი იქნებოდა, რომ ისეთი პარტიები წარმდგარიყვნენ ერთიანი სიით, რომლებსაც მეტ-ნაკლებად თანაბარი ელექტორალური წონა აქვთ. მაგალითად, ასეთი გაერთიანება შეიძლებოდა ყოფილიყო ალიანსი „ლელოს“, „გირჩს – მეტ თავისუფლებასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის. 2020 წლის არჩევნებზე ამ პოლიტიკური სუბიექტების წინამორბედმა ვერსიებმა დაახლოებით ერთნაირი რაოდენობის ხმა აიღეს. ასეთი, დაახლოებით ერთი ზომის პარტიების გაერთიანებას შესაძლოა ნაკლებად მოჰყოლოდა ამომრჩევლების განზიდვა. ასევე, შეიძლება ასეთ გაერთიანებას მეტი შანსი ჰქონდა იმისა, რომ ე.წ. „შუაშისტების“ ხმები მოეზიდა.
თუმცა ახლა ამაზე საუბარს ალბათ აზრი აღარ აქვს და უფრო მეტად ის უნდა განვიხილოთ, თუ ამ გაერთიანებების ფარგლებში, რამდენად არსებობს ალბათობა, რომ ოპოზიციამ არჩევნებზე წარმატებას მიაღწიოს. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მინიმუმ, შემდეგი სამი ფაქტორი უნდა მივიღოთ მხედველობაში:
- მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ წარმოჩნდება ელექტორატის თვალში გაერთიანებები ოპოზიციურ პარტიებს შორის. ამომრჩეველს აინტერესებს, თუ რამდენად გაძლიერდნენ მათი რჩეული პარტიები და მოხდა თუ არა ახალი ადამიანური და ფინანსური რესურსების მობილიზება. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, ახლა პარტიებმა უნდა აჩვენონ, რომ ისინი განახლებული ძალებით აპირებენ ბრძოლას.აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ოქტომბრის არჩევნებამდე დარჩენილი დროის განმავლობაში, ოპოზიციურმა პარტიებმა მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავი, როგორც კოალიციების შიგნით მომუშავე სუბიექტებმა. სხვა პარტიებთან ფორმალური გაერთიანება ამგვარი განახლების პროცესის მხოლოდ დასაწყისია. ახლა მთავარია, რომ პარტიებმა ამ გაერთიანებებზე კაპიტალიზება მოახდინონ და ახლად შემქნილი ალიანსებისგან პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ. სხვა შემთხვევაში, გაერთიანება დარჩება გაერთიანებად და აქედან პოლიტიკურ სარგებელს ვერცერთი მონაწილე პარტია ვერ მიიღებს.
- ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომდევნო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი გაიზარდოს. თუმცა 2020 წლის შედეგებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ 5%-იანი ბარიერის პირობებში, ელექტორატის ის რაოდენობა, რაც მმართველ პარტიას და მის სატელიტს, „პატრიოტთა ალიანსს“ აძლევდა ხმას, საკმარისია არჩევნების მოსაგებად. ერთი სიტყვით, იმისთვის, რომ ოპოზიციამ არჩევნები მოიგოს, საჭიროა, რომ მან ან მეტი „შუაშისტი“ ამომრჩეველი მიიზიდოს, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ ან „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი მოაკლდეს.
აქ შემოდის გახარიას პარტიისა და „ლელოს“ გარშემო შექმნილი გაერთიანების მნიშვნელობა. „საქართველოსთვის“ არის პარტია, რომელიც ყველაზე ახლოს დგას „ქართული ოცნების“ ტიპური ამომრჩევლის პოლიტიკურ პრეფერენციებთან. შესაბამისად, მეტი შანსია, რომ მან მმართველ პარტიაზე იმედგაცრუებული ამომრჩეველი მიიმხროს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ამომრჩევლის მოზრდილ ნაწილს წარსულში რამდენჯერმე რადიკალურად შეუცვლია საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციები. მაგალითად, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილმა ხმების 96.4 % აიღო, რის შემდეგაც მისი მომხრეების რიცხვი დრამატულად შემცირდა. თუმცა ახლა ასეთი რადიკალური ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია. შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლისთვის ამომრჩეველთა პრეფერენციები მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულია.
მაქსიმუმ, ყველაზე დრამატული ცვლილება, რაც შეიძლება მოხდეს, ის არის, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა ამომრჩეველმა, მასობრივად, ხმა მისცეს არა გახარიას, არამედ „ლელოს“ და მის გარშემო შექმნილ კოალიციას. ვინაიდან ეს ვარიანტიც შედარებით ნაკლებად სავარაუდოა, „ლელო“ და მისი პარტნიორები უფრო მეტად „შუაშისტების“ იმედზე რჩებიან.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არჩევნებამდე დარჩენილი დროის განმავლობაში, გახარიას პარტიამ და „ლელომ“ და მისმა ახალმა პარტნიორებმა „შუაშისტებისა“ და „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩევლების თვალში საკუთარი მიმზიდველობა მაქსიმალურად უნდა გაზარდონ. ამ თვალსაზრისით, გახარია სწორად იქცევა, როდესაც არავისთან ერთიანდება. ასევე, სწორი პოზიცია უკავია „ლელოსაც“, რომელმაც „შუაშისტურ“ მესამე ძალებთან ალიანსი არჩია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „ახალთან“ გაერთიანებას.
- ბოლოს, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ ვისთან შევა ალიანსში გახარია, იმ შემთხვევაში, თუ მისი პარტია 5%-იან ბარიერს გადალახავს. ვინაიდან გახარიას ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩეველია, ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ კატეგორიულად მიუღებელია, არსებობს შანსი, რომ არჩევნების შემდეგ ეს პარტია ან „ქართულ ოცნებასთან“ შევიდეს კოალიციაში ან ამ უკანასკნელის ე.წ. „უმცირესობის მთავრობას“ დაუჭიროს მხარი. შესაბამისად, წარმატების შემთხვევაში, „საქართველოსთვის“ შეიძლება აღმოჩნდეს იმ ამპლუაში, რასაც „მეფის შემქმნელ“ („kingmaker”) პარტიას უწოდებენ.
როგორც ვხედავთ, მიმდინარე გაერთიანებების ფონზე, ოპოზიციური პარტიების ელექტორალური შანსები ჯერაც სათუოა. უფრო მეტიც, წარმატების შემთხვევაშიც კი შეიძლება ყველაფერი კონკრეტული პიროვნების – გახარიას პოლიტიკურმა პრეფერენციებმა გადაწყვიტოს. ამის მიუხედავად, ოპოზიციისთვის უკვე არჩეული, მეტ-ნაკლებად სწორი სტრატეგიის ბოლომდე მიყოლამ სასურველი შედეგი მაინც შეიძლება გამოიღოს.