ახალი ბაზრების ათვისება

ახალი ბაზრების ათვისება
ბოლო 25 წლის განმავლობაში „კორპორაცია ქართული ღვინო“ ადგილობრივ ბაზარსა და მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანას სხვადასხვა სახეობის ღვინით უზრუნველყოფს. ამ პერიოდში მეღვინეობამ მრავალი ჯილდო მიიღო, თავისი საქმიანობა გააფართოვა და ინდუსტრიის მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა. კორპორაციის დამფუძნებელი დიმიტრი ნოზაძე კომპანიის ისტორიის, საქმიანობისა და გეგმების შესახებ გვესაუბრა.

„კორპორაცია ქართული ღვინო“ 1999 წელს დაარსდა. რამ გადაგაწყვეტინათ ღვინის ბიზნესში ჩართვა და რატომ შეარჩიეთ ადგილმდებარეობად წინანდალი?

ქართველების უმრავლესობის მსგავსად, ღვინოსა და ვაზს ჩემთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ეს არის ჩვენი კულტურისა და მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ქართულ მეღვინეობაში ჩართვის იდეა 1998 წელს გაჩნდა და ამ მიმართულებით მუშაობაც დავიწყე.

კახეთი ღვინის წარმოებითა და მეღვინეობის კულტურით განთქმულია. 500-ზე მეტი ქართული ენდემური ჯიშის უმეტესობა სწორედ კახეთში მოდის და საქართველოში არსებული 55 ათასი ჰექტარი ვენახების 77%მდეც კახეთშია. ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება, ვაზის გასაშენებლად შესაბამისი კლიმატი, ნიადაგი და მიკროზონები რეგიონს მეღვინეობისთვის ძალიან მიმზიდველს ხდის.

რაც შეეხება წინანდალს, ეს არის უნიკალური ადგილი კახეთის მიკროზონების ეპიცენტრში. ის საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა მევენახეობისთვის უმნიშვნელოვანეს ადგილად. ჩემთვის ერთ­-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ადგილობრივი მოსახლეობაცაა, რომელსაც, გარდა ვაზის სიყვარულისა, სხვა ბევრი დადებითი თვისებაც გამოარჩევს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წინანდალში, ვენახის პირას მიწის ნაკვეთი 1999 წელს შევიძინე და ქარხნის მშენებლობა ნულიდან დავიწყე. ასე დაიბადა „კორპორაცია ქართული ღვინო“, რომელმაც არსებობის 25-წლიან ისტორიაში მრავალი სირთულე და დაბრკოლება გამოიარა, თუმცა სწორედ ამან გაგვაძლიერა და მოგვცა დამატებითი მოტივაცია მუდმივი განვითარებისა და წინსვლისთვის.

როგორია საწარმოო მოცულობა და რა ტიპის ღვინოს აწარმოებთ?

რქაწითლის, ქისის, ხიხვისა და საფერავის ვენახები ქარხნის მიმდებარედ გავაშენეთ. წლებია, ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მევენახეებთანაც, რომლებიც ყურძნით დღესაც გვამარაგებენ. ყურძნის სიმწიფის კონტროლისა და რთვლის დაწყებამდე, შესაბამისი კლასიფიკაციის მიზნით, ჩვენი მეღვინე-­ტექნოლოგები პროცესს საგულდაგულოდ მეთვალყურეობენ, რაც სტაბილურად უმაღლესი ხარისხის ყურძნის მოწოდების წინაპირობაა.

დღეს საწარმოს 8,000-10,000 ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე, მოწინავე ევროპული დანადგარებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი ღვინის პორტფელი მოიცავს როგორც ევროპულ, ისე ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოს. ასორტიმენტში ძირითადად კახური ჯიშები ჭარბობს.

გვაქვს 150 ტონის მოცულობის ქვევრები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან, მათი უმეტესობა 200 წელს ითვლის. ჩვენი ტექნოლოგები ამ ქვევრების კლასიფიკაციას გეოგრაფიული წარმოშობის, ასაკის, თიხის კატეგორიისა და სხვა პარამეტრების მიხედვით ახორციელებენ, რათა კონკრეტული ღვინო შესაბამის ქვევრში ფერმენტირდეს.

ადგილწარმოშობის ღვინის, მუკუზანის, წინანდლის, ასევე საფერავის დავარგებისთვის ვიყენებთ ფრანგულ მუხის კასრებს, რომლებიც ორგანოლეპტიკური კვლევების საფუძველზე შეირჩა. მეღვინეობის ტერიტორიაზე განთავსებულია ენოთეკა, სადაც 30,000 მდე ღვინის უნიკალური საკოლექციო ნიმუში ინახება.

ამბობთ, რომ თქვენი კომპანიის მთავარი აქტივი მისი თანამშრომლებია. შეგიძლიათ, მეტი გვითხრათ მათ შესახებ?

ნამდვილად ასეა. ჩვენი თანამშრომლები ჩვენი კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია, ამიტომაც მუდმივად ვზრუნავთ მათ პროფესიულ განვითარებაზე. სწორედ ახლახან დაბრუნდა გერმანიიდან ჩვენი ერთ­-ერთი მეღვინე-­ტექნოლოგი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში ევროპული ღვინის ტექნოლოგიურ და საწარმოო პროცესს ეცნობოდა და კვალიფიკაციაც აიმაღლა.

დღეს კომპანიაში დასაქმებულია 100-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია და კომპანიის დაარსების დღიდან გუნდის განუყოფელი წევრები არიან. ზრდის მიუხედავად, მაინც ერთ დიდ ოჯახად ვრჩებით.

რა მიღწევები აქვს კომპანიას არსებობის 25 წლის განმავლობაში?

„კორპორაცია ქართული ღვინო“ იყო ერთ­-ერთი პირველი, რომელმაც ჩვენს დარგში ორი სერტიფიკატი მიიღო: ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტისთვის და ISO 22000:2005 საკვები პროდუქტების უვნებლობისთვის.

აქტიურად ვმონაწილეობთ ღვინის საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებში, სადაც 200-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო მივიღეთ. აღსანიშნავია Decanter-ის, IWSC-ისა და Mundus Vini-ის აღიარება. ჯერ წლის დასაწყისია და უკვე 10 ჯილდო მივიღეთ, გასული წელი კი ღვინის კონკურსებში უმაღლესი სინჯის ჯილდოების მოპოვების კუთხით განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ჩვენი მუკუზანი, რომელმაც IWSC-ის ოქროს მედალი და ტროფი მოი­პოვა, ქვევრის რქაწითელი კი აზიის ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე, Hong Kong International Wine & Spirit Competition-ზე ოქროს და ტროფის მედლებით დაჯილდოვდა. ოქროს ჯილდოების მოპოვება უკვე ტრადიციად იქცა, თუმცა გვინდა, რომ ეს ტრადიცია გავრცელდეს ტროფის კატეგორიაზეც, რომელსაც მხოლოდ გამორჩეულ, უმაღლესი ხარისხის ღვინოს ანიჭებენ.

ქართული ღვინის ექსპორტის 65% რუსეთზე მოდის. აღიქვამთ თუ არა ამას პრობლემად? როგორია ექსპორტის წილი თქვენს გაყიდვებში და ძირითადად რომელ ქვეყნებს მოიცავს?

რუსეთზე დამოკიდებულება უდავოდ გამოწვევაა. წარსული გამოცდილება გვკარნახობს, რომ შეფერხებების თავიდან ასაცილებლად ჩვენი ბაზრების დივერსიფიკაცია აუცილებელია. მეტი ძალისხმევაა საჭირო საქართველოსა და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, რასაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზრების გახსნა შეუძლია.

ჩვენი გაყიდვების 90%-ს ექსპორტი შეადგენს. პროდუქცია 20-ზე მეტ ქვეყანაში გაგვაქვს, მათ შორისაა: კანადა, შეერთებული შტატები, ჩინეთი, ისრაელი, ფინეთი, ნორვეგია, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი და რუსეთი. მიუხედავად იმისა, რომ ფოკუსი ძირითადად ექსპორტზეა, წინსვლა გვაქვს ადგილობრივ ბაზარზეც და ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია ღვინის მრავალ მაღაზიასა და ჰორეკა-­სექტორის ობიექტში.

იზრდება ექსპორტი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაშიც. რომელი ქვეყნებია ახლა განსაკუთრებით საინტერესო ქართველი მეღვინეებისთვის?

კოვიდის შემდგომ გლობალური ღვინის ინდუსტრია გაფართოებას განაგრძობს. ქართული ღვინის საინტერესო კულტურა და ტრადიციები ჩვენს პროდუქტს სხვადასხვა ქვეყანაში ღირსეული ადგილის დამკვიდრების პოტენციალს აძლევს. აშშ, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთი კორეა და იაპონია კარგ შესაძლებლობებს გვთავაზობს. განსაკუთრებით საინტერესოა ქვევრის მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც UNESCO-ს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობადაა აღიარებული. ამ მეთოდის მემკვიდრეობის სტატუსმა პოსტსაბჭოთა, ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზრებზეც გაზარდა მოთხოვნა.

რა ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები გაუჩინა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა ქართველ მეღვინეებს?

ქართველი მეღვინეები გამოწვევებს შეჩვეულები ვართ. რუსეთ­-უკრაინის ომმა პრობლემები მთელ ინდუსტრიას შეუქმნა. კერძოდ, გაძვირდა ლოგისტიკა და გაიზარდა ხარჯები, თუმცა ჩვენმა კომპანიამ სწორი სტრატეგიისა და ტაქტიკების მეშვეობით შედეგების გაუმჯობესებაც კი შეძლო, რაც ახალ სტრატეგიულ ბაზრებზე შესვლასა და გაყიდვების ზრდაში აისახა. ახალი ბაზრების ათვისება ჩვენთვის კვლავ ერთ­-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ მიზნად რჩება.

რა ძირითადი პრობლემებია დღეს ინდუსტრიაში? რა ცვლილებებია საჭირო განვითარების დასაჩქარებლად და ხარისხის გასაუმჯობესებლად?

ქართულ მეღვინეობას მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნის დაბალი ცნობადობა და პოზიციონირება. ქართული ღვინო უნდა ასოციირდებოდეს უმაღლეს ხარისხთან და არა დაბალ ფასებთან. ის არ უნდა აღიქმებოდეს როგორც „ინდუსტრიული“ ღვინო, არამედ უნდა იყოს ნიშური პროდუქტი, რომელიც უნიკალური ტექნო­ლოგიითა და ვაზის უნიკალური ჯიშებისგან მზადდება. ამისთვის კი საჭიროა მწარმოებლების, სამთავრობო უწყებებისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონსოლიდირებული მუშობა.

ძალიან მნიშვნელოვანია საფასო პოლიტიკა და ხარისხის მკაცრი კონტროლი. დაუშვებელია, ქართული ღვინის ფასი 1.5-2 აშშ დოლარის ფარგლებში იყოს. სწორედ დაბალი ფასებია იმის მიზეზი, რომ ექსპორტის 65% რუსეთზე მოდის. სამწუხაროდ, ეს საკითხი მნიშვნელოვნად აისახება ქართული ღვინის იმიჯსა და ხარისხზეც. საფასო პოლიტიკა და ხარისხის მკაცრი კონტროლი ახალ ბაზრებზე წვდომის აუცილებელი წინაპირობაა.

ახალ ბაზრებზე შეღწევა და ფასების კორექტირება მარტივი არაა, დროს მოითხოვს. ბუნებრივია, იქნება გამოწვევები მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით, რადგან ეს შესაძლოა ფინანსურად ნაკლებად მიმზიდველი იყოს კომპანიებისთვის, რომლებიც დაბალფასიანი პროდუქციის გაყიდვაზეა ორიენტირებული. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ეს მიდგომა ქართულ ღვინოს საშუალებას მისცემს, ღირსეული პოზიცია დაიკავოს მსოფლიო ბაზარზე და კონკურენცია გაუწიოს ნებისმიერი ქვეყნის მაღალხარისხიან ღვინოს.

მთავრობა კვლავ მილიონებს ხარჯავს რთვლის სუბსიდირებაზე – რა ზიანი მოაქვს ამ პრაქტიკას და როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა?

სუბსიდირება უცხოეთში მიღებული პრაქტიკაა. 2008 წელს რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს შემდეგ სუბსიდიები მნიშვნელოვნად დაეხმარა მევენახეებსა და ღვინის კომპანიებს უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებაში. თუმცა ეს დარგისთვის უფრო პრობლემის დროებითი გადაწყვეტაა და არა განვითარებისთვის ხელის შეწყობა. სუბსიდირებისთვის სისტემატური ხასიათის მიცემას ბევრი უარყოფითი შედეგი აქვს, მაგალითად, ის, რომ ფიქსირებული სუბსიდირებული ფასი და ყურძნის ჩაუბარებლობის რისკის არარსებობა ყურძნის ხარისხზე ნაკლებად ორიენტირებულობას და რაც შეიძლება მეტი რაოდენობის, თუნდაც უხარისხო მოსავლის მიღების სტიმულირებას იწვევს, რასაც, საბოლოოდ, ღვინის ხარისხის გაუარესებამდე მივყავართ.

სუბსიდიების ნაცვლად, ინდუსტრიის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიებას შეიძლება მივმართოთ. ეს მოიცავს ქართული ღვინის შესახებ საერთაშორისო ცნობიერების ამაღლებას, ღვინის ხარისხის რეგულაციების გამკაცრებას, მევენახეების დახმარებას ვენახის მოვლის გაუმჯობესებაში, სპეციალიზებული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვასა და დარგში მომუშავეთა კვალიფიკაციის ამაღლებას.

ამ და სხვა ღონისძიებების ერთობლიობა ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში და დაზოგავს რესურსს, რომელიც ამჟამად ყურძნის სუბსიდირებაზე იხარჯება. მთავარი აქცენტი უნდა კეთდებოდეს ხარისხზე, რამეთუ ხარისხიან ღვინოზე მოთხოვნაც გაიზრდება და სარეალიზაციო ფასიც, ეს კი დადებითად აისახება გლეხის, მწარმოებლის და, ზოგადად, სახელმწიფოს შემოსავალზე.

როგორია „კორპორაცია ქართული ღვინის“ სამომავლო გეგმები?

ჩვენი ერთ­-ერთი უმთავრესი ამოცანა იყო, არის და იქნება ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება და ათვისება, რაზეც მუდმივად ვმუშაობთ და საკმაოდ კარგი შედეგებიც გვაქვს. გასული წლის ბოლოს აშშ­-­ში გრძელვადიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ ახალ პარტნიორთან და უკვე პირველი გადაზიდვაც განვახორციელეთ. სიახლეები გვაქვს კორეისა და ჩინეთის მიმართულებითაც.

ორი წლის წინ პროდუქციის ასორტიმენტი ბრენდის და ჭაჭის წარმოებით გავამრავალფეროვნეთ და შეთავაზებების კიდევ უფრო გაფართოებასაც ვგეგმავთ, მათ შორის, ცქრიალა ღვინისა და პეტნატების წარმოებას. დღის წესრიგშია უნიკალური ქართული ჯიშებისგან პრემიალური ღვინოების დამზადებაც.

წლის ბოლომდე მეღვინეობის მიმდებარედ გავხსნით ტურისტულ კომპლექსს, რომელშიც განთავსებული იქნება სასტუმრო, რესტორანი, ქვევრებისა და კასრების საძველო, საკონფერენციო, სადეგუსტაციო სივრცეები და ღვინის ენოთეკა. სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ კომპანიის უნიკალური არქივი, გაეცნონ და მიიღონ მონაწილეობა წარმოების პროცესში, გასინჯონ ტრადიციული ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძები და დატკბნენ კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველის ულამაზესი ხედებით.

ასე რომ მუდმივად ვმუშაობთ, ვვითარდებით და ჩვენი წვლილი შეგვაქვს დარგის განვითარებაში. დღევანდელი გადასახედიდან თუ გადავავლებთ თვალს 25 წლის წინ დაწყებულ ამ საინტერესო მოგზაურობას, ვიტყვი რომ ბედნიერი ვარ გაკეთებული არჩევანით, უფრო მეტიც, მე ერთგვარ გამართლებას დავარქმევდი იმას რომ, ჩემს ქვეყანაში ვემსახურები საქმეს რომელიც 8000 წლის წინ ჩვენმა დიდმა წინაპარმა წამოიწყო და მეც უსათუოდ, ღირსეულად გადავცემ ჩემს მომავალ თაობას. დღეს მე ამაყი ვარ რომ ჩემს გუნდთან ერთად ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს ისეთ ეროვნულ საქმეში როგორიც ქართული მეღვინეობაა.