ახალი COVID-ტესტის გაკეთება სმარტფონით არის შესაძლებელი

ახალი COVID-ტესტის გაკეთება სმარტფონით არის შესაძლებელი

აშშ-ში მდებარე ქალაქ სანტა-ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტში (UCSB) მომუშავე მეცნიერებმა COVID-ტესტირების ახალი სისტემა, სახელწოდებით smaRT-LAMP-ი შექმნეს, რომელიც დიაგნოზის დასასმელად მობილურ აპლიკაციას იყენებს. ამის შესახებ ნაშრომი სამედიცინო გამოცემა JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, მათ მიერ შემუშავებული ნუკლეინის მჟავას ტესტირების ახალი მეთოდისა და Bacticount-ის სახელით ცნობილი მობილური აპლიკაციის დახმარებით კორონავირუსის, ასევე გრიპის ვირუსის დადგენა დაახლოებით ნახევარ საათშია შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ ნერწყვის ნიმუშია საჭირო. როგორც ცნობილია, ერთი სინჯის შემოწმება 7 აშშ დოლარი ეღირება. მოცემული დროისთვის ტესტირების ჩატარება მხოლოდ Samsung Galaxy S9-ით არის შესაძლებელი.

რაც შეეხება მეთოდს, ნერწყვის ნიმუში ტესტში უნდა მოვათავსოთ, რომელიც smaRT-LAMP-ის მოწყობილობის სპეციალური დაფის ზემოთაა განთავსებული, რის შემდეგაც რეაქტიული ხსნარის დამატებაა საჭირო. მომდევნო საფეხური მიღებული ნიმუშის მუყაოს ყუთში მოქცევაა, რომლის თავზეც LED-განათებაა დამაგრებული. სწორედ ამის შემდეგ უნდა გამოვიყენოთ სმარტფონი, რომლის კამერასაც ფერის რეაქციების მიხედვით კორონავირუსის დიაგნოსტიკა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ სისტემის ეფექტიანობა ჯერ მხოლოდ 50 ადამიანიდან აღებულ ნიმუშებზე ჩატარებული ტესტირებით შეფასდა. იმის დასადგენად, თუ რამდენად ზუსტია კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალი მეთოდი, დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო. თუმცა, სისტემის შემქმნელების განცხადებით, ის პასუხს ისეთივე სიზუსტით იძლევა, როგორითაც PCR-ტესტი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *