„იმედი L-ი“ ერთ-ერთი პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 29 წლის ისტორიას ითვლის. 2024 წელი არაერთი ცვლილებით დაიწყო, მათ შორის გაფართოება არაჯანმრთელობის დაზღვევის სახეობებში, ახალი სერვისები, პროდუქტები და გეგმები, რომელთა შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორი, ნოდარ გელოვანი მოგვიყვება.
2024 წელს „იმედი L-ისთვის“ ახალი ეტაპი დაიწყო და ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის, „საქართველოს კაპიტალის“ წევრები გახდით. რა იცვლება ამით კომპანიისთვის?
„იმედი L“ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანია იყო. თავად ეს ჯფუფი ჯანდაცვის სექტორში ოპერირებდა და მოიცავდა სამ მიმართულებას: ფარმაციას, კლინიკების ქსელსა და დაზღვევას, შესაბამისად, „იმედი L-იც“ მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევაზე იყო კონცენტრირებული. გამოყოფის გადაწყვეტილების შემდეგ „იმედი L-ი“ საქართველოს კაპიტალის ქვეშ მყოფ სადაზღვევო ჯგუფში გაერთიანდა, რაც ნიშნავს, რომ „იმედი L“ დაზღვევის ყველა სახეობაში იქნება წარმოდგენილი არასიცოცხლის დაზღვევის თითქმის ყველა სახეობით, იქნება ეს ქონების დაზღვევა, ავტოდაზღვევა თუ სხვა.
ახალი გუნდის შესახებაც ვისაუბროთ – როგორ დაკომპლექტდა, როგორია მისი ხედვა, გეგმები და სამომავლო სტრატეგია კომპანიის განვითარებისთვის?
განახლებული სტრატეგიისა და გაფართოების შესაბამისად ჩვენი გუნდიც გაიზარდა და განახლდა.
გავძლიერდით არაჯანმრთელობისა და საცალო დაზღვევის მიმართულებით, რათა სწრაფად შევძლოთ ახალი პროდუქტების განვითარება და ბაზარზე პოზიციონირება. გუნდის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის რაც შეიძლება მეტი ახალი პროდუქტის შეთავაზება იქნება.
„იმედი L-ის“ პოლისების ნახევარზე მეტი კორპორაციულ დაზღვევაზე მოდის, რაც კომპანიისთვის ამ მიმართულების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. წლებია, მრავალ კომპანიასთან პარტნიორობთ – რა განაპირობებს თქვენ მიმართ მათ ნდობას?
დიდი ხანია, კორპორაციული სეგმენტის მხარდაჭერაზე ვზრუნავთ. გვყავს არაერთი ერთგული პარტნიორი სხვადასხვა სექტორიდან, რომლებიც ათ წელზე მეტია, ჩვენთან თანამშრომლობენ დღეისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის პორტფელში 1,000-ზე მეტი კორპორაციული მომხმარებელი გვყავს.
„იმედი L-ს“ გამოარჩევს მიდგომა, რომელიც ყველა კლიენტისთვის ინდივიდუალურ, მასზე მორგებულ შეთავაზებას გულისხმობს. მომხმარებლებმა იციან, როგორ ვემსახურებით, რას ვუნაზღაურებთ და სწორედ ამიტომ გვენდობიან.
გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეც, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის კორპორაციულ დაზღვევას გულისხმობს.
კონკრეტულად, რა სიახლეზე საუბრობთ? რა პოტენციალს ხედავთ მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში?
„იმედი L-ი“ ბაზარზე პირველი იყო, რომელმაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნა სამედიცინო დაზღვევა, რომელიც სრულფასოვნად იცავს დასაქმებულებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკისგან. ამ პროდუქტის საშუალებით, კომპანიები თავის თანამშრომლებს ჯანმრთელობის სრულფასოვან დაფარვას სთავაზობენ, რაც მათ კიდევ უფრო მიმზიდველ დამსაქმებლად აქცევს და, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი სექტორის განვითარებასაც დაეხმარება.
პროდუქტი ნებისმიერ ინდუსტრიაში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაა განკუთვნილი. დღეს უკვე გაზრდილია სტარტაპებისა და მცირე ზომის კომპანიების რაოდენობა, რომლებშიც სამიდან ათამდე თანამშრომელია დასაქმებული. ახალი პროდუქტი სწორედ მათ საჭიროებებზეა მორგებული და ამავდროულად, კორპორაციული დაზღვევის იდენტურ დაფარვებს მოიცავს.
არანაკლებ ყურადღებას უთმობთ საცალო დაზღვევას და წელს მის განვითარებას, სერვისების გამრავალფეროვნებას გეგმავთ. ამას უკავშირდება ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი ინდივიდუალური პაკეტები „უნო“ და „უნო+“ – რას გვეტყვით მათ შესახებ? სხვა რა სიახლეებია მოსალოდნელი „იმედი L-ისგან“ ამ მიმართულებით?
„უნო“ და „უნო+” „იმედი L-ის“ საცალო დაზღვევის ახალი პროდუქტებია, რომლებიც ყველა მომხმარებელს პერსონალურად შეუძლია მოირგოს, მისთვის მნიშვნელოვანი სერვისები დაიმატოს, მიიღოს ბენეფიტები და ასე ააწყოს პაკეტი. დამატებითი სერვისი შეიძლება იყოს, მაგალითად, პირადი მენეჯერის მომსახურება. ფასიც სწორედ ამის მიხედვით, ინდივიდუალურად განისაზღვრება.
გარდა ამისა, ბაზარს უკვე შევმატეთ ვიზიტორების დაზღვევა, რომლის შეძენაც ტურისტებს შეუძლიათ და უკვე ყიდულობენ კიდეც. როდესაც ტურისტი ქვეყანაში შემოდის, უმეტესად, არ იცის, რომელ კლინიკაში მივიდეს და ვის მიმართოს, ეს დაზღვევა კი მათ ინტერესებს მაქსიმალურად ითვალისწინებს.
საცალო პროდუქტების განვითარების კუთხით იმედი L-ში კარგი გამოცდილებაა დაგროვილი და ამ მიმართულებით კვლავ ვიაქტიურებთ. საქართველოში საცალო დაზღვევას მხოლოდ რამდენიმე კომპანია სთავაზობს მომხმარებელს და ვფიქრობთ, კონკურენციის ზრდა მნიშვნელოვანია.
მოზიდული პრემიის მიხედვით „იმედი L” თვრამეტ კომპანიას შორის მესამე ადგილზეა. უშუალოდ სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით წილი თითქმის ნახევარია, მაგრამ სხვა სახეობებში – არც ისე დიდი. გეგმავთ თუ არა ახალი სივრცეების ათვისებას? სად ხედავთ ზრდის პოტენციალს?
„იმედი L-ი“ არა მარტო მოზიდული პრემიის, არამედ ანაზღაურებული ზარალის მიხედვითაც მოწინავეა, კომპანიამ 2023 წელს მომხმარებელს 63 მილიონ ლარზე მეტი აუნაზღაურა. რაც შეეხება გეგმებს, პირველ რიგში, მომხმარებელს ქონებისა და ავტოდაზღვევის პროდუქტებს შევთავაზებთ, შემდგომ კი სხვა პროდუქტებსაც დავამატებთ.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული ავტომობილებიდან მხოლოდ 10%-მდეა დაზღვეული საქართველოში და ეს სექტორი ასათვისებელია. იმედი L წარმოდგენილი იქნება პასუხისმგებლობის დაზღვევითაც. ბაზარი ეტაპობრივად იზრდება და ჩვენც საინტერესო, მრავალფეროვან შეთავაზებებს ვუმზადებთ როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებს.
თანამედროვე ცხოვრებაში ტექნოლოგიები და ციფრული სერვისები უდიდეს როლს თამაშობს. რა ნაბიჯებს დგამს „იმედი L-ი“ გაციფრულებისა და მომხმარებლისთვის სერვისების გამარტივების კუთხით?
„იმედი L-ის“ მომხმარებელს დღეისათვის თითქმის ყველა სერვისის მიღება დისტანციურად შეუძლია. კომპანიის პროცესები და ოპერაციების ჯაჭვი თითქმის მთლიანად ციფრულია, იქნება ეს პარტნიორებთან, მომხმარებელთან ურთიერთობა თუ მონაცემების დამუშავება. მალე ამ მიმართულებით სიახლეც გვექნება და უფრო მეტი კომფორტისთვის განახლებულ აპლიკაციას წარვადგენთ.
დაზღვევის სექტორი ქვეყანაში სწრაფად იზრდება, მაგრამ განვითარებას თან ახლავს გამოწვევებიც – ბაზრის ნახევარი მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის, დანარჩენი სახეობები კი დიდწილად აუთვისებელია. რა ტენდენციები და გამოწვევებია დღეს ბაზარზე? რა იმპულსებია საჭირო პოტენციალის რეალიზებისთვის?
პირველ რიგში, ნაკლებადაა გააზრებული, თუ რა სარგებელს აძლევს დაზღვევა მომხმარებელს. ჯანმრთელობის დაზღვევა საქარათველოში ყველაზე მეტადაა ათვისებული და მას საქართველოს მასშტაბით უკვე 700,000-ზე მეტი ადამიანი იყენებს, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. რაც შეეხება გამოწვევას, მომხმარებელს ჯერჯერობით ვერ ვთავაზობთ საყოველთაო დაზღვევის შემავსებელ სადაზღვევო პაკეტს, რათა მათ ისეთი დაფარვების შეძენა შეძლონ, რომლებიც საყოველთაო დაზღვევით არ იფარება. ვფიქრობთ, რომ თუ საყოველთაო დაზღვევასთან ერთად ადამიანებს დამატებითი დაზღვევის შესაძლებლობაც ექნებათ, ბაზარი კიდევ უფრო განვითარდება და ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიღებაც გამარტივდება.
ჩვენი მიზანია, რომ დაზღვევის სარგებლის შესახებ ინფორმაცია თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ. ეს მათი მხრიდან მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის, რადგან დღეს ბევრმა არც კი იცის, რა შესაძლებლობებს სთვაზობს მათ ესა თუ ის დაზღვევა.
იმ ქვეყნებში, სადაც დაზღვევის სავალდებულო სახეობები მოქმედებს, დაზღვევის პოპულარობა ბევრად მაღალია. დაზღვევის სავალდებულო სახეობის შემოღებაზე ჩვენთანაც მიდის მუშაობა და პროცესს პოზიტიურად ვუყურებთ, რადგან ძალიან დიდ შესაძლებლობას აჩენს სექტორისთვის. შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ სავალდებულო დაზღვევა დამატებით ფინანსურ ვალდებულებას აჩენს, მაგრამ რეალურად დაზღვევისგან მიღებული ფინანსური სარგებელი ბევრად მეტია, ვიდრე ის მინიმალური გადასახადი, რომელიც სავალდებულო პროდუქტს მოჰყვება. ეს დადასტურებულია საერთაშორისო პრაქტიკით – იქ სადაც დაზღვევის გარკვეული სახეობები სავალდებულოა, დაზღვევის სხვა პროდუქტების მოხმარებაც მაღალია.
ბოლოს კი გვითხარით, რა კონკრეტული მიზნები აქვს „იმედი L-ის“ განახლებულ გუნდს მიმდინარე ფისკალური წლისთვის და შედარებით შორეული მომავლისთვის?
ამ წლის გეგმა საცალო დაზღვევის ბაზარზე აქტიურად შესვლა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით პროდუქტების განვითარებაა. კიდევ უფრო გავამარტივეთ პროცესები და მომხმარებელს უფრო ოპერატიულად ვემსახურებით. ვაპირებთ ტექნოლოგიებში ინვესტიციების ზრდას, რათა კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ ადამიანებს და მათ კომფორტული სერვისები შევთავაზოთ.
ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებელს თითოეულ ეტაპზე მინიმალური დრო დასჭირდეს, იქნება ეს ზარალის დარეგულირება, ანაზღაურების მიღება თუ პოლისის გაცემა. უნდა ვთქვათ ისიც, რომ „იმედი L-ი“ ძალიან ბევრ ახალ არხში იქნება წარმოდგენილი, ვთანამშრომლობთ ონლაინბანკებთან, ტურისტულ კომპანიებთან. ვეცდებით, ხელმისაწვდომი ვიყოთ ყველა იმ არხში, სადაც ჩვენი არსებული და პოტენციური მომხმარებელია.