ახალი კანონი მედიის წინააღმდეგ: სად მთავრდება რეალობა და იწყება (ქართული) ოცნება?

ახალი კანონი მედიის წინააღმდეგ: სად მთავრდება რეალობა და იწყება (ქართული) ოცნება?

საქართველოს პარლამენტში, რომელსაც ოპოზიცია ხუთი თვეა ბოიკოტს უცხადებს, მიმდინარე წელის თებერვალში მმართველმა პარტიამ მედიის რეგულირების გამკაცრებაზე ორიენტირებული კანონპროექტი დააინიციირა. ცვლილებები მოიცავს მაუწყებლობის სტანდარტების განსაზღვრას, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილების გაფართოებას და უცხოური დაფინანსების მკაცრ შეზღუდვას. კანონპროექტი ვრცელდება როგორც სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებზე, ასევე მათ ონლაინ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებზე. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ინიციატივა ე.წ. “ბრიტანული მოდელის” შესაბამისად მომზადდა და მიზნად ისახავს მედიის ობიექტურობისა და ეთიკური სტანდარტების გაუმჯობესებას. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის უფლებადამცველები ამ ნაბიჯს სიტყვისა და პრესის თავისუფლებაზე ზეწოლის გაგრძელებად და დამოუკიდებელი მედიის დასუსტების მცდელობად მიიჩნევენ. 

ახალი კანონპროექტი მხოლოდ ერთია იმ საკანონმდებლო ცვლილებების სერიიდან, რომლებმაც ბოლო თვეებში კრიტიკა გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. მანამდე პარლამენტმა უკვე გაამკაცრა შეკრებისა და მანიფესტაციების წესი, ხოლო ამერიკულ FARA-ზე მითითებით, დაარეგისტრირა ე.წ. უცხოელი აგენტების კანონპროექტი, რომელიც მესამე სექტორსა და დამოუკიდებელ მედიაზე ზემოქმედებს. 100-ზე მეტმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს კანონები მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული მედიის ფუნქციონირების შეზღუდვას. Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე რეიჩელ დენბერი კი აცხადებს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში ქმნის ადამიანის უფლებების კრიზისს და ასრულებს ყველა იმ ნაბიჯს, რაც ავტორიტარიზმის განმტკიცებისთვის არის საჭირო.

კანონის განხილვა უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ ფონზე მიმდინარეობს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორის დიდმა ნაწილმა არ ცნო. დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს არაერთი დარღვევა, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის ზეწოლა და მედიაგაშუქების მიკერძოებულობა. ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, პარლამენტის მუშაობას ერთპარტიული მმართველობის სახე მიენიჭა და მას დემოკრატიული ლეგიტიმაციის მნიშვნელოვანი დეფიციტი დაეტყო.

არჩევნებიდან ერთ თვეში, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები 2028 წლამდე არ უნდა გაეხსნა, ქვეყანაში უპრეცედენტო საპროტესტო მუხტი აგორდა. 100 დღეზე მეტია, რაც თბილისში და რეგიონებში უწყვეტი დემონსტრაციები მიმდინარეობს. სწორედ ამ პერიოდში ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობამ საგრძნობლად მოიმატა. მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში ამომცნობი ნომრების გარეშე მოქმედმა ძალოვნებმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს 100-ზე მეტ ჟურნალისტს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანება, გაუნადგურეს და გასტაცეს ტექნიკა. ამ ფონზე, კრიტიკული მედიის გაკონტროლების მცდელობები განიხილება როგორც მმართველი ძალის ძალაუფლების კონსოლიდაციის მცდელობა.

იხილეთ ასევე: პროტესტი საქართველოში: განახლებადი ამბები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენელი, გიორგი დავითური ამბობს, რომ “მედიასთან მიმართებით მთავრობის პოლიტიკას თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ მიზანი თვითრეგულირების ჩანაცვლება ან გაძლიერება არაა. ამაზე წარსულში იყო შეთავაზებები, მაგრამ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. რეალურად, ცვლილებები მიმართულია იმისკენ, რომ გააფართოოს კონტროლი იმ მედიებზე, რომლებიც პარტიულ კონტროლს არ ექვემდებარება”.

საქართველოს ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში უკვე არსებობს ეფექტურად მოქმედი თვითრეგულირების სისტემა. ცვლილებების წარმოდგენის დრო და კონტექსტი კი ცხადს ხდის, რომ შემოთავაზებული ცვლილებების მიზანი მედიის შეზღუდვაა.

ახალი კანონპროექტის შინაარსი: ბრიტანული თუ რუსული მოდელი? 

მედიის რეგულაციის პაკეტი ადგენს მაუწყებლობის შინაარსობრივი სტანდარტების და ამასთან, უცხოური დაფინანსების აკრძალვას, აგრეთვე, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გენდერული მრავალფეროვნების ასახვის ვალდებულების გაუქმებას მოიცავს. 

პირველი კანონპროექტი განსაზღვრავს ეთიკურ პრინციპებს, როგორიცაა ფაქტების სიზუსტე, მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების დაცვა და არასრულწლოვანთა ინტერესების გათვალისწინება. თუმცა დარღვევებზე რეაგირების უფლება თვითრეგულირების მექანიზმების ნაცვლად სახელმწიფო მარეგულირებელ კომისიას — ComCom-ს მიენიჭება. სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეეძლება, საჩივარი შეიტანოს კომუნიკაციების კომისიაში, რომელიც მაუწყებელს გააფრთხილებს, დააჯარიმებს, ლიცენზიას შეუჩერებს ან გაუუქმებს. არასამთავრობოების შეფასებით, ეს რისკს უქმნის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

მეორე კანონპროექტი ზღუდავს მაუწყებლების შესაძლებლობას, მიიღონ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსება უცხოური წყაროებიდან — განსაზღვრებით, ასეთებად მიიჩნევა უცხო ქვეყნების სახელმწიფო უწყებები, უცხოელი მოქალაქეები და საერთაშორისო ორგანიზაციები. გამონაკლისად განიხილება მხოლოდ კომერციული რეკლამა და პროდუქტის განთავსება. ეს ცვლილება, როგორც მედიის ექსპერტები ამბობენ, სამიზნეში იღებს ფინანსური სირთულეების წინაშე მყოფ ადგილობრივ მაუწყებლებს, რომლის ფინანსური რესურსები საერთაშორისო დახმარებაზეა დამოკიდებული.

მესამე ცვლილება ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას, პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნება. მოქმედი რედაქციიდან ამოღებულია სიტყვა “გენდერული”, რაც ნიშნავს, რომ მაუწყებელი ვალდებული აღარ იქნება ეთერში ასახოს გენდერული მრავალფეროვნება.

მთავრობა ამ ცვლილებებს ახსნა-განმარტებაში უკავშირებს ე.წ. “ბრიტანულ მოდელს”. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ბრიტანეთის მაუწყებელ BBC-ზე და მარეგულირებელ Ofcom-ზე. კრიტიკოსების აზრით, ხელისუფლება ამით ცდილობს რეფორმებს დასავლური იერსახე შესძინოს იმ პირობებში, როცა კანონპროექტები დიდწილად რუსულ მიდგომებს შეესაბამება. 

ბრიტანეთში მედიის თვითრეგულირებას უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ორგანიზაცია IPSO, ხოლო Ofcom ფუნქციონირებს პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლად. BBC-ის სარედაქციო პოლიტიკა კანონითაა დაცული პოლიტიკური ჩარევისგან. საქართველოში კი ახალი კანონით მარეგულირებლის ფუნქცია ენიჭება სახელმწიფო ორგანო ComCom-ს, რომელიც წლების განმავლობაში არაერთი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებად სახელდებოდა.

“უნდა ველოდოთ, რომ კანონი სელექციურად აღსრულდება და არ გავრცელდება სამთავრობო მედიაზე, კრიტიკული მედიისთვის კი მას მძიმე შედეგები შეიძლება ჰქონდეს”, – ამბობს გიორგი დავითური. 

ინსტიტუციური რისკები: ვინ არეგულირებს მარეგულირებელს?

მსგავსად კომუნიკაციების კომისიისა, კითხვები არსებობს სასამართლოს დამოუკიდებლობაზეც – ინსტიტუტზე, რომელიც საბოლოოდ განიხილავს მედიასთან დაკავშირებულ დავებს. ბოლო წლებში სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში, ვენეციის კომისიამ ცალსახად მიუთითა, რომ საქართველოს მიერ წარმოდგენილი რეფორმები ვერ პასუხობს სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობის გამოწვევას. სწორედ ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა გავლენიან მოსამართლეებს — სასამართლოს პოლიტიზებასა და კორუფციასთან დაკავშირებული ეჭვების გამო.

“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ “კლანის” სათავეში მყოფ მოსამართლეებზე სანქციების დაწესებამ ცხადი გახადა, თუ რაოდენ ღრმად არის ჩაფლული კორუფციაში გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი, რომელიც მთელ სასამართლო სისტემას აკონტროლებს. […] ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი კლანური სასამართლო სისტემა ასევე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკოსებისა და კრიტიკული მედიის დევნაში”, – წერია TI-ის ანგარიშში დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში 2020-2024 წლებში.

კიდევ ერთი რისკია კანონის ფორმულირებაში გამოყენებული ბუნდოვანი დებულებები, რომელთა ფარგლები განუსაზღვრელია, რაც საფრთხეს უქმნის მედიების სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პრესის თავისუფლებას, აჩენს თვითცენზურისა და ცენზურის საფრთხეს.

ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიის თანახმად, წარმოდგენილი წესები ერთადერთ მიზანს ემსახურება არ მისცეს ჟურნალისტებს საჯარო სივრცეებში, საჯარო პირებისთვის, საჯარო ინტერესით ნაკარნახები კითხვების დასმის შესაძლებლობა, რათა მათ ვერ შეძლონ კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის, სოციალური პრობლემების და სხვა საკითხების გაშუქება და დისკომფორტი არ შეუქმნან ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს. 

ცილისწამებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ნაწილი ცალკე შემაშფოთებელია. როგორც GDI მიუთითებს, ბოლო წლებში ცილისწამების მოტივით მედიის და უფლებადამცველების წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავები (SLAPP) და მომჩივნის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები უკვე საგრძნობლად მომრავლდა.

დაბოლოს, კანონპროექტით გათვალისწინებული უცხოური დაფინანსების აკრძალვა მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს კრიტიკული მედიის ფინანსურ დამოუკიდებლობას. სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) შეფასებით, ეს რეგულაცია არ ემსახურება არანაირ ლეგიტიმურ საჯარო მიზანს და ფაქტობრივად ზღუდავს საზოგადოების უფლებას – მიიღოს ალტერნატიული ინფორმაცია. 

ამ შეფასებას ეთანხმება საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც და შიშობს, რომ ფინანსური რესურსების შეზღუდვა პირდაპირ აისახება კრიტიკული მედიის სიცოცხლისუნარიანობაზე, რაც ანგრევს საინფორმაციო ბალანსს და ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს რუსული და ანტიდასავლური პროპაგანდისთვის: “დამოუკიდებელი სატელევიზიო არხების დასუსტებით ან მედიასივრციდან საერთოდ გაქრობით, უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის არხები, რომელთა პროგრამებიდან მაყურებელი, ძირითადად, დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ რიტორიკას იღებს” – წერს ორგანიზაცია


პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ ცვლილებებს უკვე მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი ოპოზიციისგან თავისუფალ პარლამენტში. მართალია, მედიის გარკვეული რეგულაცია დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი მექანიზმია, მაგრამ ისმის კითხვა — ვინ არეგულირებს რეგულატორს? როგორ განვასხვაოთ რეალური სტანდარტიზაცია პოლიტიკური გავლენისგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინსტიტუტების დამოუკიდებლობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას? ამ კითხვებზე პასუხი არა მხოლოდ მედიის, არამედ საქართველოს ევროპული მომავლისთვის იქნება გადამწყვეტი.

იხილეთ ასევე: რა კითხვებს აჩენს დაანონსებული “მედიის კანონი”