„ლიბერთი“ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს ემსახურება. 2025 წლის თებერვლიდან კომპანიის საცალო საბანკო მიმართულებას, ფინანსურ სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე დაგროვილი 18-წლიანი გამოცდილებით, ნინო ჩადუნელი ჩაუდგა სათავეში. ის გეგმავს, ბანკს უნივერსალიზაციის მიზნის მიღწევასა და სექტორის ლიდერებს შორის პოზიციის გამყარებაში დაეხმაროს.
ავტორი: იზა გვარამაძე
ნინო, საბანკო სფეროში მუშაობის 18–წლიანი გამოცდილება გაქვთ – საკრედიტო ექსპერტობიდან მაღალ მენეჯერულ პოზიციებამდე. რა იყო კარიერის „ლიბერთიში“ გაგრძელების მოტივაცია?
როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩემი კარიერა საბანკო სფეროში სხვადასხვა მიმართულების პოზიციებზე წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ამ პერიოდში ფინანსურ სექტორში ფართო და სიღრმისეული გამოცდილება დავაგროვე.
ჩემი პროფესიული გზა დამეხმარა, ჩამოვყალიბებულიყავი სტრატეგიული ხედვის მქონე მენეჯერად, რომელსაც შეუძლია, სიღრმისეული გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომების მეშვეობით, ორგანიზაციის წინსვლა უზრუნველყოს.
პროდუქტების, პროცესების და ბიზნესის მართვა, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შექმნა და სხვადასხვა მიმართულების გუნდების ეფექტიანი ხელმძღვანელობა – მრავალი წელია, ეს ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია.
„ლიბერთის“ გუნდთან შემოერთება პროფესიული განვითარების ის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც ახალი შესაძლებლობით და გამოწვევებით გამოირჩევა. ჩემი მიზანია, გამოცდილების, სტრატეგიული ხედვისა და ლიდერული უნარების გამოყენებით ბანკის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო. ჩემს გუნდთან ერთად ბანკის პოზიცია გავამყარო, ინოვაციური მიდგომები განვავითარო და მომხმარებელთა საჭიროებები უმაღლეს დონეზე დავაკმაყოფილო, რაც ორგანიზაციის გრძელვადიან წარმატებას განაპირობებს.
2017 წელს, მას შემდეგ, რაც ბანკის აქციონერები და მენეჯმენტის გუნდი შეიცვალა, „ლიბერთიმ“ უნივერსალიზაციის სტრატეგია აირჩია. რა დაგხვდათ ამ მიმართულებით უკვე გაკეთებული და როგორია თქვენი ხედვაკონკრეტულად საცალო საბანკო მიმართულების უნივერსალიზაციის კუთხით?
უნივერსალიზაცია პროდუქტებისა და სერვისების ყველა სამომხმარებლო სეგმენტისთვის ხელმისაწვდომობას გულისხმობს. „ლიბერთი“ უკვე რამდენიმე წელია, უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ყალიბდება. უშუალოდ საცალო საბანკო მიმართულების გაძლიერება კი 2022 წლიდან დაიწყო. საცალო საბანკო მიმართულებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, ბანკი უკვე მზად არის განვითარების ახალ საფეხურზე გადასასვლელად.
მომხმარებლების მოლოდინი დღეს განსაკუთრებით დინამიკურია: ადამიანები ფინანსური ინსტიტუტებისგან არა მხოლოდ ტრადიციულ საბანკო სერვისებს ელიან, არამედ ახალ, მათზე ინდივიდუალურად მორგებულ გამოცდილებას. აღნიშნული გადაწყვეტები კი მათ ღირებულებებსა თუ ცხოვრების სტილს უნდა შეესაბამებოდეს.
ჩვენი მიზანი ფართო აუდიტორიისთვის ინოვაციური სტრატეგიების შემუშავება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების მუდმივ რეჟიმში განვითარება და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებაა. შედეგად, „ლიბერთის“ საცალო საბანკო მიმართულების სტრატეგია ყველა ასაკისა და სეგმენტის მომხმარებლისთვის უნიკალური და კომფორტული საბანკო გამოცდილების შექმნაზე ფოკუსირდება. ბანკი ისწრაფვის, იყოს ფინანსური პარტნიორი ყველა თაობისთვის და მათ მორგებული პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს.
„ლიბერთიში“ ხშირად აღნიშნავენ, რომ ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს. თქვენი – როგორც საცალო საბანკო მიმართულების დირექტორის – გეგმები როგორია ციფრული არხების განვითარების კუთხით?
ჩვენ გვჯერა, რომ ციფრული ინოვაციების დანერგვა საშუალებას მოგვცემს, თანამედროვე მომხმარებლების მზარდი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და ფინანსურ ბაზარზე ლიდერის პოზიცია ღირსეულად შევინარჩუნოთ.
სწორედ ამიტომ, ციფრული ტრანსფორმაცია ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას, საბანკო ოპერაციების გამარტივებას და ეფექტიანობის ზრდას ისახავს მიზნად.
ამისათვის აქტიურად ვნერგავთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს – ეს მოიცავს მონაცემთა ანალიტიკის საფუძველზე მომხმარებლების საჭიროებების ღრმა ანალიზს და მათზე მორგებული შეთავაზებების შემუშავებას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას პერსონალიზებული მომსახურების შესაქმნელად. ასევე, რისკების მართვის, პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციისთვის.
მინდა აღვნიშნო, რომ „ლიბერთი“ გამოირჩევა მოქნილი და მრავალფუნქციური ინტერნეტ და მობაილ ბანკით, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად და სწრაფად განახორციელონ სხვადასხვა საოპერაციო თუ საკრედიტო ტრანზაქცია. ეს კი კომფორტს, დროის დაზოგვას და საბანკო მომსახურების ხელმისაწვდომობას ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს უზრუნველყოფს.
გუნდს თებერვალში შეუერთდით, თუმცა ალბათ უკვე მოახერხეთ მისი წევრების გაცნობა. როგორი იყო მოლოდინი და როგორია რამდენიმე თვეში მიღებული შთაბეჭდილებები?
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შთაბეჭდილებებმა მოლოდინს გადააჭარბა. „ლიბერთიში“ მოსვლის დღიდან კოლეგების მხრიდან მეგობრული, საქმიანი გარემოს უზრუნველყოფა, ასევე უაღრესად კეთილგანწყობილი დახვედრა გუნდის შიგნით არსებულ ჯანსაღ კორპორაციულ კულტურაზე მიუთითებს.
„ლიბერთის“ მთავარი აქტივი კომპანიის თანამშრომლები და მათი საქმისადმი დამოკიდებულებაა. ბანკში მუშაობის დაწყების დღიდანვე გავაცნობიერე, რომ თითოეული თანამშრომელი მომხმარებლის წინაშე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს და მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავად შრომობს. სწორედ მათი ერთგულება, კომპეტენცია და ინოვაციური მიდგომები ქმნის იმ ატმოსფეროს, სადაც, მჯერა, რომ ნებისმიერი გამოწვევა გადალახვადია და დასახული მიზანი – მიღწევადი.
აქ ყველას სჯერა, რომ საკუთარი შრომით პოზიტიური ცვლილებების მოტანა და მომხმარებლების ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია. ეს რწმენა მათ მოტივაციას აძლევს, მუდმივად განვითარდნენ, ახალი ცოდნა და უნარები აითვისონ და თავიანთ საქმიანობაში ინოვაციურები იყვნენ.
პროფესიონალი თანამშრომლებისა და სწორი სტრატეგიის კომბინაცია ბანკის მდგრადი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის და ფინანსურ ბაზარზე მის წარმატებას უზრუნველყოფს. ჩემი მიზანია, ამ გუნდთან ერთად „ლიბერთი“ ნებისმიერი მოთხოვნის მქონე მომხმარებლებისთვის სანდო და წარმატებულ პარტნიორად ვაქციო.
„ლიბერთიში“ მნიშვნელოვან პოზიციებზე თანდათან უფრო მეტ ქალს ვხვდებით, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ კომპანია გენდერული ბალანსის დაცვისკენ ნაბიჯებს დგამს. პარალელურად, ბანკი წლებია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით პროექტებს ახორციელებს. თქვენ, როგორც ლიდერ ქალს, მინდა გკითხოთ, რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით სხვა ქალების ხელშესაწყობად?
დიახ, ჩვენ გვჯერა, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება არა მხოლოდ სოციალური სამართლიანობის საკითხია, არამედ ორგანიზაციული წარმატების გასაღებიც.
როგორც ლიდერი ქალისთვის, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბანკი იყოს პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს სხვა ქალების პროფესიულ და პერსონალურ განვითარებას როგორც დასაქმებისა და განათლების მიმართულებით, ასევე სპეციალური პარტნიორობებით, საგანმანათლებლო პროექტებით თუ ქალების მიერ მართული ბიზნესების მხარდაჭერით.
სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ „ლიბერთი“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, სადაც დასაქმებულთა 75% ქალია, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე – 55%. ეს კი სხვა ქალებისთვის დიდი მოტივაციის მიმცემია. ქალების ეკონომიკური გაძლიერება ნიშნავს არა მხოლოდ არსებული ბარიერების დაშლას, არამედ სრულიად ახალი შესაძლებლობების გაჩენას – ფინანსური დამოუკიდებლობა, ჩვენი რწმენით, ინკლუზიური და წარმატებული საზოგადოების შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
მოდი, საცალო ბანკინგს დავუბრუნდეთ, რა ძირითად გამოწვევებს ხედავთ ამ მიმართულებით საქართველოში და როგორ აპირებთ მათზე პასუხს „ლიბერთის“ გუნდთან ერთად?
საქართველოს ბაზარზე საცალო საბანკო მიმართულების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კონკურენცია და მსხვილი ბანკების დომინირებაა. ამ ვითარებაში მესამე, ძლიერი და კონკურენტუნარიანი ბანკის ჩამოყალიბება ბაზრის ჯანსაღ დინამიკას უზრუნველყოფს, უფრო მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ინოვაციური პროდუქტების განვითარებას შეუწყობს ხელს და, რაც მთავარია, მომხმარებელს ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს.
„ლიბერთის“ საცალო საბანკო მიმართულების გრძელვადიანი სტრატეგიაა, გახდეს ფინანსური პარტნიორი ყველა თაობისა და სეგმენტის მომხმარებლისთვის, შექმნას მათზე მორგებული პროდუქტები და მომსახურება.
როგორც იცით, „ლიბერთის“ აქვს უნიკალური ინფრასტრუქტურა – ფილიალების ყველაზე მსხვილი და მრავალფეროვანი ქსელი საქართველოში, რაც უზრუნველყოფს საბანკო სერვისების ხელმისაწვდომობას ქვეყნის ყველა კუთხეში. ეს დიდი უპირატესობაა როგორც კონკურენტული გარემოს შესაქმნელად, ასევე ჩვენს მომხმარებელთან მუდმივი კონტაქტის შესანარჩუნებლად. ინოვაციების მნიშვნელოვნებაზე კი უკვე ვისაუბრეთ.
ამ საკითხს გარკვეულწილად შევეხეთ, თუმცა უფრო ზუსტად, როგორია თქვენი ხედვა ინკლუზიური ფინანსების მიმართულებით — განსაკუთრებით, ხანდაზმულებისა და რეგიონების მოსახლეობისთვის?
ჩვენი ხედვა ინკლუზიური ფინანსების მიმართულებით მკაფიოდ განსაზღვრული და პასუხისმგებლობით აღსავსეა. „ლიბერთი“ უზრუნველყოფს ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობას ყველა ადამიანისათვის, მათი შესაძლებლობებისა და საცხოვრებელი ადგილის განურჩევლად.
ამ მიმართულებით, ჩვენმა ბანკმა არაერთი ნაბიჯი გადადგა – გვაქვს ადაპტირებული ბანკომატები და ფილიალები, რომლებიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ასევე, ვემსახურებით საქართველოს უფროსი თაობის მოსახლეობას, რასაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და რაც გვეამაყება. ჩვენ გვაქვს სოციალური ლოიალობის უნიკალური პროგრამები, პროდუქტები და პროექტები, რომლებიც ამ სეგმენტებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ამ მიმართულების ირგვლივ ინიციატივებს მუდმივად ვავითარებთ – ჩვენ გვჯერა, რომ ინკლუზიური ფინანსური სერვისები არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, არამედ ეკონომიკური ზრდისა და ჯანსაღი საზოგადოების შექმნის საფუძველიც.
ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ, რომ ყველა სეგმენტის მომხმარებელს შევთავაზოთ წვდომა ფინანსურ სერვისებზე და მათთვის ფინანსური განათლება უზრუნველვყოთ. ჩვენ ვართ ხალხის ბანკი, რომელიც მზადაა, შექმნას თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის.
დაბოლოს, ზოგადი სტრატეგია ნათელია, თუმცა რა კონკრეტულ სიახლეებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში „ლიბერთის“ საცალო საბანკო მიმართულებისგან?
როგორც იცით, სულ ახლახან წარვადგინეთ ახალი მიმართულება „სტუდიო ლიბერთი“ – საბანკო მომსახურების სრულიად ახლებური გამოცდილება, უნიკალური სივრცე, რომელიც საქართველოში პირველად, ბიზნესისა და პირადი ფინანსური საჭიროებების თანაკვეთაზე შეიქმნა და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში, მარტივად და ბარიერების გარეშე მიიღოს თავის საჭიროებებზე მორგებული პრემიუმ-მომსახურება როგორც ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების სამართავად. ამ მიმართულებით უკვე ძალიან კარგი შედეგები გვაქვს და პრემიუმ-სეგმენტის მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებას განვაგრძობთ.
მნიშვნელოვანი და საინტერესოა ახალგაზრდების სეგმენტი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან მალე ჩვენს მომხმარებელს სიახლეებსაც შევთავაზებთ.
როგორც უკვე აღვნიშნე, ბანკის მიზანია, იყოს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი ყველა თაობისა და სეგმენტის მომხმარებლისთვის. „ლიბერთის“ დღეს უკვე 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი ენდობა, ეს ჩვენთვის საამაყოა და ამასთან, ყოველდღიური პასუხისმგებლობაც არის. ჩვენ ვუსმენთ და მუდმივად ვიკვლევთ ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებას, საჭიროებებს და ვცდილობთ, მათზე მორგებული პროდუქტები და მომსახურება შევთავაზოთ. ჩვენთვის მთავარი ადამიანებზე ზრუნვაა – ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც რეალურად აუმჯობესებს ცხოვრებას ადამიანებისთვის, მათი ოჯახებისა თუ ბიზნესებისთვის.