ახალი MacBook Pro - ჯანეტ ქერდიყოშვილისა და გიორგი კუბლაშვილის ამბავი

ახალი MacBook Pro - ჯანეტ ქერდიყოშვილისა და გიორგი კუბლაშვილის ამბავი

დღევანდელ დინამიკურ სამყაროში, ადამიანის წარმოდგენა ინტერნეტის, ლეპტოპის, სმარტფონისა და სხვა მოწყობილობის გარეშე – თითქმის შეუძლებელია. კომპიუტერებს ვხედავთ ყველგან, როგორც სკოლასა და უნივერსიტეტში, ასევე ოფისებში, სახლებსა და საერთო სამუშაო სივრცეებში. თავისთავად ცხადია, რომ ეს პანდემიამდეც ასე იყო, მაგრამ ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სერვისების გავრცელებაში საკუთარი წვლილი გლობალურმა კარჩაკეტილობამ და ციფრული ტრანსფორმაციის ტემპის აჩქარებამაც შეიტანა.

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Apple-ი, რომელიც ლიდერია ბევრი მიმართულებით, კომპიუტერების წარმოების ერთ-ერთი ნოვატორიცაა.

MacBook-ის ყველაზე საინტერესო თვისება, სწორედ მის ინდივიდუალიზმშია. MacBook-ის ხაზის ლეპტოპები სხვებისგან სრულად გამორჩეულია და ასე არის მათი მფლობელების შემთხვევაშიც, რომლებსაც კომპიუტერი მისი ფუნქციონალის უსაზღვრო პერსონალიზების საშუალებას აძლევს. სწორედ ამ და სხვა თემებზე, მათ შორის მათ საქმიანობასა და Apple-ის სხვადასხვა პროდუქტებზე დაგველაპარაკებიან ინფლუენსერი ჯანეტ ქერდიყოშვილი და ტექნოლოგიური მარკეტერი გიორგი კუბლაშვილი.

ფოკუსში: ჯანეტ ქერდიყოშვილი, 30 წლის, თბილისიდან – აინტერესებს ბლოგერობა, მოდა და ინფლუენსერობა

რას ნიშნავს, იყო ინფლუენსერი?

ინფლუენსერობა გამომწერების მიმართ სიყვარულსა და პასუხისმგებლობას მოითხოვს, ამასთანავე ეს ძალიან შრომატევადი საქმიანობაცაა. ინფლუენსერი არის ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანები უსმენენ, რომლის მოსაზრებებს იზიარებენ და რჩევებს ენდობიან. ინფლუენსერის მთავარი მიზანიც, სწორედ ამ ნდობის შენარჩუნება უნდა იყოს.

სიმართლე გითხრათ, ინფლუენსერობაზე არასდროს მიფიქრია – ადრე ეს პროფესია არც არსებობდა, ხოლო ჩემს შემთხვევაში, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ყველაფერი 2012 წელს დაიწყო, როცა Instagram-ში პირველი კოლაჟი გამოვაქვეყნე, რომელსაც დადებითი გამოხმაურება მოყვა და მეც, საკუთარი აზრებისა და ცხოვრების მომენტების გაზიარებისკენ მიბიძგა.

საკუთარ თავს ლაიფსტაილ-ინფლუენსერად ვთვლი, რადგან პროფესიული საქმიანობის გარდა, გამომწერებს ჩემს პირად შეხედულებებს ვაცნობ, გამოცდილებას ვუზიარებ და ამა თუ იმ საკითხზე რჩევებს ვაძლევ. ვფიქრობ, რომ რაც უფრო მრავალპროფილური კონტენტი გაქვს, მით უფრო საინტერესო პროდუქტს ქმნი შენი გამომწერებისთვის.

როგორია თქვენი ყოველდღიური რუტინა და რამდენად გიმარტივებთ მას Apple-ის პროდუქტები?

ინფლუენსერობა – ციფრული პროფესიაა, რომლისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მუდამ ხაზზე იყო. ამ მხრივ, MacBook Pro ჩემი განუყრელი მეგობარია, რომელიც საშუალებას მაძლევს, ჩემი გამომწერებისთვის კონტენტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილად, სწრაფად და მარტივად შევქმნა. ჩემს გამომწერებს მრავალმხრივ გრაფიკულ კონტენტს ვთავაზობ, მათ შორის სურათებს, მოკლემეტრაჟიან ვიდეოებსა და ბლოგებს. კონტენტის ხარისხი და მისი დამუშავების სისწრაფე ინფლუენსერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად, საკუთარ გამომწერებს ინფორმაცია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიაწოდოს. აი, ამ მხრივ, MacBook Pro – უკონკურენტოა.

ისე კი, კონტენტის შექმნის პროცესის გამარტივების გარდა, MacBook Pro და Apple-ის პროდუქტების მთელი ეკოსისტემა, ამ კონტენტის შენახვასა და გაზიარებაში მეხმარება. ვლოგს რომ ჩავწერ და დავამუშავებ ან ბლოგს რომ დავწერ, კონტენტს iCloud-ში ვინახავ, რაც საშუალებას მაძლევს მასთან წვდომა Apple-ის სხვა მოწყობილობებიდანაც მქონდეს.

ინფლუენსერობა დინამიკური პროფესიაა, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს – საკუთარი კონტენტის გარდა, როგორც წესი, ჟურნალებთან და სატელევიზიო გადაცემებთან ვთანამშრომლობ, მოდის ჩვენებებზე გამოვდივარ და სხვადასხვა ღონისძიებებზე დავდივარ. პანდემიის შედეგად, ამ აქტივობების დიდმა ნაწილმა ციფრულ სივრცეში გადაინაცვლა და მოსალოდნელია, რომ ნაწილი, ასეც დარჩება. ამ ცვლილებებთან ადაპტაციაში ჩემი MacBook Pro დამეხმარა – ლეპტოპში ჩაშენებული მაღალი გარჩევადობის კამერითა და სუფთა და მძლავრი მიკროფონით ჩაწერილი ინტერვიუები და განხორციელებული ჩართვები მუდამ მაღალი ხარისხის გამოდიოდა.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები, რომელიც MacBook Pro-ს სხვა ლეპტოპებისგან გამოარჩევს – მისი სიმძლავრე და კომპაქტურობაა. ამასთანავე, აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი MacBook Pro-ს სიმსუბუქესა და გამძლეობას, რომელიც განსაკუთრებით ხშირის მოგზაურობებისას მეხმარება. თანაც, MacBook-ის ხაზის ლეპტოპები კარგ აქსესუარადაც გამოდგება, რადგან ისინი ნებისმიერი ტიპის სამოსს უხდება.

Apple-ს პირველად 2008 წელს დავუმეგობრდი, როცა iPhone 3G შევიძინე. იმ დროისთვის, ეს სმარტფონი იმდენად კომფორტული აღმოჩნდა, რომ სხვა კომპანიის მიერ წარმოებული სმარტფონი მას შემდეგ აღარ მიყიდია. ისე კი, iPhone-ის სიყვარულით, მოგვიანებით, უნივერსიტეტისთვის Apple-ის კიდევ ერთი პროდუქტი, MacBook Air-ი ვიყიდე. წლების შემდეგ, მილანის მოდისა და დიზაინის ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, სადაც რთულ გრაფიკულ პროგრამებთან მიწევდა მუშაობა, MacBook Pro-ს მომხმარებელი გავხდი.

ჩემთვის, Apple-ის პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი – მათი ოპერაციული სისტემაა, რომელიც საშუალებას მაძლევს, სხვადასხვა მოწყობილობები ერთმანეთთან კაბელების გარეშე დავაკავშირო, თანაც ავტომატურად და ყოველგვარი თავის ტკივილის გარეშე. სწორედ ეს ურთიერთდაკავშირებაა ის, რაც Apple-ის განსხვავებულ მოწყობილობებს საკუთარი ფუნქციის პირნათლად შესრულებაში ეხმარება.

ფოკუსში: გიორგი კუბლაშვილი, 24 წლის, თბილისიდან – აინტერესებს ბიზნესი, ფსიქოლოგია და ტექნოლოგიები

კომპიუტერებითა და ტექნოლოგიებით როდის დაინტერესდით?

ისეთ დროს დავიბადე, კომპიუტერი და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური სამყარო ყოველ დღე უფრო და უფრო საინტერესო რომ ხდებოდა და ცხადია, ჩემი თაობის ბავშვების ერთ-ერთ მთავარ გასართობად იქცა. თუმცა, ტექნოლოგიების გარდა ადამიანის გონებაც მაინტერესებდა, მის გონებრივ ჯურღმულებში გარკვევა მინდოდა, რამაც ფსიქოლოგიასთან მიმიყვანა. თუმცა, მოგვიანებით უნივერსიტეტში მოვხვდი, სადაც ეკონომიკისა და ბიზნესის საწყისებს გავეცანი და მივხვდი, რომ საკუთარ თავს ამ სამი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მიმართულებით ვხედავდი და ცხოვრებისეულ მიზნად, მათი გაერთიანება გადავწყვიტე.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დასახულ მიზანს მივაღწიე: დღეს, ტექნიკის საერთაშორისო რიტეილ-კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ვარ – საკუთარი თავი ბიზნესის, ფსიქოლოგიისა და ტექნოლოგიის გადაკვეთაში ვიპოვე.

ჩემი პირველი კომპიუტერული მოწყობილობა – სათამაშო კონსოლი, Sony PlayStation-ი იყო. შემდგომ ტლანქი სტაციონარული კომპიუტერი შევიძინე – აი, ის, გვერდით აუცილებლად კაქტუსი რომ უნდა დაგედგა. მოგვიანებით კი, Apple-ის ლეგენდარული MacBook Air-ი აღმოვაჩინე. იმ დროს, ჩემთვის, ლეპტოპი ახალი ხილი ნამდვილად არ ყოფილა, პირიქით, ლეპტოპებში კარგადაც ვერკვეოდი, მაგრამ Apple-მა მაინც გამაოცა – MacBook-ისა და მასში ჩაშენებული სრულიად განსხვავებული ოპერაციული სისტემის გამოცდილებამ ლეპტოპის ჩემებური დეფინიცია თავდაყირა დააყენა.

მას მერე, კომპიუტერი აღარ შემიცვლია. დღეს, ყველაფერს, რაც მჭირდება, Apple-ის რევოლუციური M1 Pro ტიპის პროცესორის მქონე 16-ინჩიანი MacBook Pro-თი ვაკეთებ, თანაც ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს.

ილონ მასკი ამბობს, რომ ყოველ ჩვენგანი – კიბორგია. თუმცა, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებების პერსონაჟი კიბორგებისგან განსხვავებით, კომპიუტერებს დამხმარე მოწყობილობებად ვიყენებთ, რომლებსაც ხელით ვატარებთ ან ჩვენს წინ, მაგიდაზე ვდებთ. თუმცა, გარკვეული განსხვავებები ამ მიმართულებითაც არსებობს – ღრმად მწამს, რომ Apple-ის პროდუქტების მქონე კიბორგები, ყველაზე განვითარებულნი და მოქნილნი არიან.

რა აქცევს ახალ MacBook Pro-ს საუკეთესო ლეპტოპად?

პირველი, რასაც ადამიანი Apple-ის პროდუქტებთან ურთიერთობისას გრძნობს – ამ მოწყობილობების ხარისხია. MacBook-ის ხაზის ლეპტოპები სხვა მოწყობილობებისგან იმდენად განსხვავდება, რომ მათი გამორჩევა აბსოლუტურ სიბნელეშიც შეიძლება, მხოლოდ შეხებით.

უშუალოდ მოწყობილობის ხარისხთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია MacBook Pro-ს ეკრანის გამოსახულებაც. საქმე ისაა, რომ ვიზუალურ მასალებთან მუშაობა სამსახურში ყოველდღიურად მიწევს და MacBook Pro-ს Liquid Retina ტექნოლოგიის მქონე დისპლეი არამხოლოდ მიმარტივებს ამ საქმეს, არამედ მას არნახულ სიამოვნებადაც აქცევს.

თუმცა, MacBook Pro-ს ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი – მისი სიმძლავრეა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Apple-ის ახალი M1 Pro პროცესორი – სასწაულმოქმედია. MacBook Pro იმდენად მძლავრი და სწრაფია, რომ ეს მის მფლობელზეც აისახება: დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი გაფუჭდება, პროგრამა არ დაიქრაშება და ყველა დავალებას რამდენიმე წუთში შეასრულებ – ეს ყველაფერი, თავდაჯერებულობით გავსებს.

საინტერესოა, რომ Apple-ის სხვადასხვა ხაზის პროდუქტების უნაკლო შერწყმას უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფა განაპირობებს, რომელსაც Apple-ი თავად ქმნის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Apple-ის მთავარი ხიბლი მის ეკოსისტემაშია – თითოეული პროდუქტის სრული პოტენციალის გამოვლენა, მხოლოდ მისი სხვა მოწყობილობებთან შერწყმითაა შესაძლებელი.

Apple-ის პროდუქტების ორ ფუნქციას, HandOff-სა და Aidrop-ს გამოვარჩევდი. პირველი შესაძლებლობას მაძლევს ერთ მოწყობილობაში დაკოპირებული ტექსტი მეორე მოწყობილობაში მყისიერად გამოვიყენო, ხოლო მეორე – მოწყობილობებს შორის სხვადასხვა ტიპის ფაილების მიმოცვლას მიადვილებს.

Apple-ის ხიბლი მის სიმარტივესა და მინიმალურობაშია, რაც საგრძნობლად ამარტივებს მომხმარებელთა ცხოვრებას. ყველა პროგრამა, რომელიც თქვენთვის კომფორტის შესაქმნელად არის საჭირო – წინასწარაა ჩაწერილი. აბა, დღევანდელ დინამიკურ სამყაროში, ოპერაციული სისტემის დაყენებისა და აპლიკაციების ძებნის დრო ვის აქვს?

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *