ახალი მილიარდერები | Forbes-ის 2026 წლის რეიტინგში 390 ახალწვეულია

ახალი მილიარდერები | Forbes-ის 2026 წლის რეიტინგში 390 ახალწვეულია

ფოტო: illustration by Neil Jamieson for Forbes

Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2026 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის რიგით მე-40 ყოველწლიურ სიაში რეკორდული რაოდენობის, 3,428 მილიარდერია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 400-ით მეტია. მათი მთლიანი სიმდიდრე ასევე ყველა დროის მაქსიმუმამდე – $20.1 ტრილიონამდეა გაზრდილი. მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით თითქმის $4 ტრილიონითაა გაზრდილი.

Forbes-ის განახლებული რეიტინგით, რომელიც 2026 წლის პირველი მარტის ჩათვლით მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა, მილიარდერთა საშუალო სიმდიდრე ამჟამად $5.8 მილიარდს აღწევს. საერთო ჯამში, გასულ წელთან შედარებით, სიაში შემავალ მილიარდერთა 80% იმაზე მდიდარია, ვიდრე გასულ წელს იყო.

აღსანიშნავია, რომ პლანეტას ბოლო ერთი წლის განმავლობაში 390 ახალი მილიარდერი შეემატა. 2021 წლის შემდეგ, როდესაც 493 ადამიანმა მიიღო მილიარდერის სტატუსი, ეს მეორე საუკეთესო მაჩვენებელია.

ახალ მილიარდერთა შორის ვხვდებით ორ ლეგენდარულ მუსიკოსს, ერთ ცნობილ რეჟისორს, ჩოგბურთის ვარსკვლავსა და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის უმცროს ძმას. ახალი მილიარდერები 40 ქვეყანასა და ტერიტორიას წარმოადგენენ და მათი საერთო ქონება დაახლოებით 755 მილიარდ დოლარს შეადგენს. სიმდიდრის საშუალო მაჩვენებელი $1.9 მილიარდს აღწევს.

ახალი მილიარდერების რაოდენობით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია 106 ადამიანით, მათ შორისაა რეიტინგის ორი ყველაზე მდიდარი ახალწვეული: ედვინ ჩენი (დაახლოებით $18 მილიარდი), ხელოვნური ინტელექტის კომპანია Surge AI-ის დამფუძნებელი, და პიტერ მალუკი ($16.1 მილიარდი), ფინანსური საკონსულტაციო კომპანია Creative Planning-ის პრეზიდენტი, CEO და მთავარი მფლობელი.

მეორე ადგილზე 55 ახალი მილიარდერით ჩინეთია (სამი ჰონგ-კონგიდან). მათ შორის ლიდერობენ AI-კომპანიების დამფუძნებლები ლიუ დებინი ($9.1 მილიარდი) კომპანია Zhipu-დან და იან ჯუნძიე ($7.2 მილიარდი) MiniMax Group-დან. მესამე ადგილზეა გერმანია 42 ახალწვეულით, ხოლო მეოთხეზე – ინდოეთი 30-ით.

ყველაზე ცნობილ ახალწვეულებს შორისაა მომღერალი და კომპოზიტორი ბიონსე, რომელმაც მუსიკის გაყიდვებითა და ტურნეებით დაახლოებით $1 მილიარდი დააგროვა. შედეგად, ის Forbes-ის რეიტინგში თავის უკვე მილიარდერ მეუღლესთან, Jay-Z-სთან ერთად (რომლის ქონება $2.8 მილიარდად არის შეფასებული) არის წარმოდგენილი.

წელს პირველად გახდა მილიარდერი ჰიპ-ჰოპის ლეგენდა Dr. Dre, რომლის ქონებაც დაახლოებით $1 მილიარდს შეადგენს. რეიტინგის ახალწვეულთა შორისაა ჩოგბურთის ვარსკვლავი როჯერ ფედერერიც, რომლის ქონება $1.1 მილიარდად არის შეფასებული, რაც მის სპორტულ წარმატებასა და შვეიცარიულ ფეხსაცმლის ბრენდ On Running-ში წილს უკავშირდება.

ჩამონათვალში ვხვდებით ჯეიმს კამერონს, „ტიტანიკის“, „ავატარისა“ და „ტერმინატორის“ ავტორს. მისი ქონება 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. კანადელმა რეჟისორმა კარიერის განმავლობაში სამი „ოსკარი“ და ოთხი „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა და ყველა დროის მეორე ყველაზე შემოსავლიანი რეჟისორია (სტივენ სპილბერგის შემდეგ, რომლის ქონება $7.1 მილიარდად არის შეფასებული).

წელს ყველაზე მეტი ახალი მილიარდერი წარმოების სექტორმა შექმნა – 91 ადამიანი, რომლებიც აწარმოებენ პროდუქტებს ნახევარგამტარებიდან და ავტონაწილებიდან დაწყებული, საღებავებითა და ველოსიპედებით დამთავრებული. ამ სექტორში ყველაზე მდიდარი ახალწვეული ჩინელი ვანგ სინია ($5.6 მილიარდი), კომპანია Dtech Technology-ის დამფუძნებელი, ხოლო მეორე ადგილზეა ტაივანელი ლინ ცუნგ-ჩი ($5.1 მილიარდი), კომპანია King Slide Works-ის დამფუძნებელი.

მეორე ადგილზე ტექნოლოგიური სექტორია, რომელმაც 70 მილიარდერი წარმოშვა. მათი დიდი ნაწილი ხელოვნური ინტელექტის ბუმის წყალობით გამდიდრდა, მათ შორის არიან Perplexity-ის თანადამფუძნებლები არავინ სრინივასი, ჯონი ჰო, ენდი კონვინსკი და დენის იარატსი (თითოეული $2.1 მილიარდი) და Cursor-ის თანადამფუძნებლები სუალეჰ ასიფი, არვიდ ლუნემარკი, ამან სანგერი და მაიკლ ტრუელი (თითოეული $1.3 მილიარდი).

შემდეგ მოდის ფინანსებისა და ინვესტიციების სექტორი 51 ახალი მილიარდერით, მათ შორისაა ფინანსური მრჩეველი ომანი კარსონი ($1 მილიარდი) და გრეგ აბელი ($1 მილიარდი), რომელმაც იანვარში Berkshire Hathaway-ის CEO-ს პოზიცია უორენ ბაფეტისგან გადაიბარა. აბელი თავის 95 წლის მენტორთან შედარებით $148 მილიარდით ღარიბია, თუმცა ის 63 წლისაა და, დიდი შანსია, რომ Forbes-ის სიაში კიდევ მრავალი წელი დარჩეს და პოზიციები გაიუმჯობესოს.