დევიდ ბასზუცკის Roblox-ს თავისი ვირტუალური გამოცდილება რეალურ სამყაროშიც გადააქვს – ის პოპულარულ თამაშებზე დაფუძნებული სათამაშოებისა და ტანსაცმლის ხაზს უშვებს. 9–12 წლის დეველოპერები ამ გაყიდვებიდანაც იღებენ წილს.
9–12 წლის მილიონობით ბავშვისათვის დევიდ ბასზუცკი მისი ავატარის, „Builderman”-ის, სახითაა უფრო ცნობილი. მან მიჩვევადი კომბინაცია, Roblox-ი, შექმნა – ვიდეოთამაში და სოციალური მედიის საიტი, რომელიც ბავშვების მოზიდვის თვალსაზრისით, YouTube-სა და TikTok-ს უწევს მეტოქეობას.
პანდემიური რუტინისგან თავშესაქცევად შინ გამოკეტილი ბავშვები Roblox-ს აქტიურად ეწაფებიან, ჰოდა, ბასზუცკის კომპანიაც ყვავის. 2020-ის სექტემბერს დასრულებულ ცხრა თვეში, ამ სან-მატეოში (კალიფორნია) დაფუძნებული სტარტაპის მომხმარებელთა რიცხვი 81%-ით – 31.1 მილიონამდე – გაიზარდა. Roblox-ის აპლიკაციაში გატარებულმა საათებმაც მკვეთრი, 123%-იანი ზრდა აჩვენა და 22.2 მილიარდს გაუტოლდა.
ყველაზე დიდი გამარჯვებული კი 58 წლის ბასზუცკია, რომლის ქონება იანვრის დაფინანსების რაუნდის შემდეგ, სადაც Roblox-ი $29.5 მილიარდად იქნა შეფასებული, $2.8 მილიარდს შეადგენს.
რით არის Roblox-ი გამორჩეული? ის ბავშვებს ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს, რომლებითაც მათ თავიანთი თამაშების შექმნა – და გაყიდვა – შეუძლიათ, ამ გზით კი Roblox-ის აუდიტორია ლოყებღაჟღაჟა კაპიტალისტების არმიად იქცევა. ამასთან, Roblox-ი ვირტუალურ ვალუტას, Robux-ს, ყიდის (100 Robux-ის ფასი ერთი დოლარია), რომლის დახარჯვა მოთამაშეებს თამაშებსა და ისეთ ციფრულ „განძზე“ შეუძლიათ, როგორიცაა, მაგალითად, ავატარები და თამაშისთვის განკუთვნილი სხვადასხვა საგანი. შემქმნელები იმ Robux-ის წილს გამოიმუშავებენ, რომელიც მათ თამაშის სამყაროებში იხარჯება; ტარიფი 35 ცენტისთვის 100 Robux-ს შეადგენს. 2020-ის სექტემბერს დასრულებულ ცხრა თვეში, Roblox-ის 1 მილიონმა შემქმნელმა ჯამურად $210 მილიონი გააკეთა. წამყვანი შემქმნელებისთვის ეს რეალური ფულია: ათასზე მეტმა $10,000 ან მეტი გამოიმუშავა, ხოლო თითქმის 250-მა $100,000 და მეტი ჩაიჯიბა. იმავე ცხრა თვეში, საკუთრივ Roblox-მა $600 მილიონის შემოსავალი მიიღო – $100 მილიონით მეტი, ვიდრე მთელ 2019-ში.