ივენთების მენეჯმენტის მიმართულებით მომუშავე კომპანია Redbow, რომელიც აქამდე Rembow-ს სახელით იყო ცნობილი, ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. დაფუძნებიდან დღემდე მან არაერთი განსხვავებული და დასამახსოვრებელი პროექტი განახორციელა და ღონისძიებების ორგანიზების ინდუსტრიაში სტანდარტების დანერგვაში საკუთარი წვლილი შეიტანა. კომპანია საქმიანობას განახლებული ბრენდით, იდეებითა და გაფართოების სტრატეგიით განაგრძობს, რის შესახებაც Forbes Georgia-სთან Redbow-ს დამფუძნებელმა, ლევან მდინარაძემ ისაუბრა.
ავტორი: იზა გვარამაძე
პირველ რიგში, გვითხარით, რატომ გადაწყვიტეთ რებრენდინგი?
კომპანიის რებრენდინგი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც მისი მიზნებისა და ხედვის განახლების საჭიროებით არის გამოწვეული. მენეჯმენტის გუნდის აქტიური ჩართულობით შევქმენით ახალი ბრენდის სტრატეგიული პლატფორმა, რომელიც ბრენდის მისიის, ხედვისა და ღირებულებების მკაფიოდ განსაზღვრას მოიცავს. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბრენდის ახალი ხასიათის ჩამოყალიბებას, რამაც, თავის მხრივ, სახელისა და ვიზუალური იდენტობის სრულად განახლება გამოიწვია. ეს ცვლილებები ჩვენი ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
როგორ ეხმიანება ახალი სახელი – Redbow – ბრენდის იდენტობასა და ღირებულებებს?
ახალი სახელის – Redbow – შერჩევა ბრენდის იდენტობის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს მოიცავს იმ უნიკალურ მახასიათებლებს, რომლებიც ბრენდის ხასიათს, ვიზუალურ სახესა და მომხმარებელთა მიერ მის აღქმას განსაზღვრავს. ამასთან, ახალი სახელი, Redbow, არის ადვილად დასამახსოვრებელი, გამორჩეული და ქმნის სწორ ემოციურ კავშირს ჩვენს ძირითად საქმიანობასთან. ბრენდის სახელი და მისი ახალი ვიზუალური იდენტობა ასახავს ჩვენი საქმიანობის ხასიათს და ბრენდის არქეტიპულ მნიშვნელობას. წითელი ფერის და ბაფთის კომბინაცია შინაარსობრივად და სიმბოლიკით ენერგიას, ძალას და ტრანსფორმაციულ თვისებებს უკავშირდება. ახალი ბრენდინგი დაგვეხმარება ბაზარზე მეტად გამორჩეული, უნიკალური პოზიციონირებისთვის.
რას მოიცავს კომპანიის ახალი სტრატეგია და რას შეცვლის იგი Redbow–ს ყოველდღიურ ოპერაციებში?
კომპანიის მთავარი სიახლე საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა. ჩვენ ამ იდეას უკვე წელიწადზე მეტია, ვამუშავებთ. ჩავატარეთ ბაზრის სიღრმისეული კვლევა, გავაანალიზეთ შესაძლებლობები და რისკები და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მივიღეთ ახალ ბაზარზე გასვლის გადაწყვეტილება. Redbow-მ პირველი წარმომადგენლობა გახსნა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, – ქალაქში, რომელიც ცნობილია როგორც ბიზნესისა და ინოვაციების საერთაშორისო ცენტრი. დუბაი წარმოადგენს თანამედროვე მეგაპოლისს, სადაც უამრავი საქმიანი შესაძლებლობაა თავმოყრილი. გაფართოვდა გუნდი, გაიზარდა შეთავაზებების სპექტრი და კომპანიამ ახალი, თანამედროვე ოფისი გახსნა, რაც პირდაპირ და სიმბოლურად ასახავს განვითარების ახალ ეტაპზე მის გადასვლას. ეს ცვლილებები მხოლოდ ფიზიკური სივრცის განახლებას არ ნიშნავს – ეს არის განახლებული ხედვის, მოტივაციისა და ამბიციური მიზნების დასაწყისი.
როგორ გაფართოვდა კომპანიის გუნდი და სერვისების სპექტრი დაარსების დღიდან?
კომპანიაში სრულად გადაიხედა კორპორაციული სტრუქტურა, საქმიანობიდან გამომდინარე, დაგვემატა სხვადასხვა მიმართულება და შესაბამისი გუნდები კრეატივისა და ბრენდის განვითარების კუთხით.
როგორ აფასებთ თქვენს გავლენას ივენთების მენეჯმენტის ქართულ ბაზარზე? რა გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ხედავთ დღეს ამ სფეროში?
Redbow (აქამდე Rembow)- ივენთების მენეჯმენტის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში, 2012 წლიდან აქტიურად ქმნის და ავითარებს ღონისძიებების ორგანიზების ინდუსტრიას. წლების განმავლობაში კომპანიამ მნიშვნელოვანი გზა განვლო, განახორციელა ბევრი საინტერესო და განსხვავებული პროექტი და თავისი გამოცდილებით ბაზრის სტანდარტების ამაღლებას შეუწყო ხელი.
ვფიქრობთ, ღონისძიებების ჩატარების პოტენციალი ქართულ ბაზარზე კვლავ დიდია, როგორც ადგილობრივი კორპორაციების, ასევე საერთაშორისო ინტერესიდან გამომდინარე. თუმცა მნიშვნელოვანია ისეთი გამოწვევების გადალახვა, როგორიცაა ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა, ასევე სარეკლამო წარმოების შეზღუდვები კრაფტისა და ვადების თვალსაზრისით. ამასთან, მნიშვნელოვანია კომპანიების მხრიდან კორპორაციული შეკრებების აუცილებლობის გააზრება.
მოდი, კვლავ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას დავუბრუნდეთ. რატომ შეარჩიეთ დუბაი საზღვრებს გარეთ გაფართოების პირველ ადგილად?
დუბაის ბაზარზე გასვლა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით გადაწყდა. მათ შორისაა სტრატეგიული ადგილმდებარეობა და საქართველოსთან სიახლოვე. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ბაზრის მასშტაბები და ჩვენ მიერ დუბაის ბაზარზე მოქმედ კორპორაციებთან თანამშრომლობის მანამდე მიღებული გამოცდილება.
რა სეგმენტის მომხმარებლებზე აკეთებთ ფოკუსს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში?
ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ძირითადი სამიზნე აუდიტორია, ისევე როგორც საქართველოს ბაზარზე, საშუალო და დიდი ზომის კორპორაციებია.
ბოლოს, იგეგმება თუ არა სხვა ქვეყნებში შესვლა? უკვე ხომ არ განიხილავთ კონკრეტულ ლოკაციებს?
კომპანიას ზრდისა და განვითარების საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. ამ ეტაპზე კონკრეტული ლოკაციების დასახელებისგან თავს შევიკავებთ, რადგან ჯერ კიდევ განხილვისა და დამუშავების პროცესში ვართ. S