ახლო აღმოსავლეთის უმდიდრესი ადამიანები

ახლო აღმოსავლეთის უმდიდრესი ადამიანები

Forbes-ის მილიარდერთა 2014 წლის რეიტინგში ახლო აღმოსავლეთის რეგიონს 78 წარმომადგენელი ჰყავს, მათი ჯამური კაპიტალი $209 მილიარდს შეადგენს, აქედან მხოლოდ 6 ქალია, ხოლო 1/3 ერთმანეთთან ნათესაური კავშირით არის დაკავშირებული. ამ რეგიონში სიმდიდრე ყველაზე ხშირად რჩება ოჯახში და მემკვიდრეობით გადაეცემა.

თურქეთს ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს ახლო აღმოსავლეთის მილიარდერთა რეიტინგში – 24, ისრაელი მეორეზეა – 18. სწორედ ამ ორი ქვეყნიდან არის რეგიონის ის 6 მილიარდერი ქალიც (1 ისრაელიდან და 5 თურქეთიდან).

რეგიონში პირველ ადგილზეა პრინცი ალვალეედ ბინ ტალალ ალსაუდი, საუდის არაბეთიდან. 30 მარტის მონაცემებით, მის ანგარიშზე $20,1 მილიარდია და Forbes-ის გლობალურ რეიტინგში 33-ე ადგილზე იმყოფება. ის მსოფლიოს ერთერთ მასშტაბურ და მოხერხებულ ინვესტორად ითვლება. პრინც ალვალეედის შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ისეთი კომპანიები, როგორიცაა  News Corp, Citigroup, Four Seasons Hotels & Resorts და სხვა.

მეორეზე ასევე საუდის არაბეთის წარმომადგენელია – მოჰამედ ალ ალმუდი ($15.4), რომელიც ნავთობის გადამუშავების ბიზნესით არის დაკავებული მაროკოსა და შვედეთში, ასევე აწვდის Starbucks-ს ყავის მარცვლებს და Lipton-ს ჩაის ფოთლებს.

ხუთეულში არიან ძმები ეიალ და იდან ოფერები ისრაელიდან, ეიალი მესამეზეა $7.1-ით, იდანი მეხუთეზე – $5.7. მეოთხეზე ეგვიპტელი ნასეფ სავირისია – $6.7.

Forbes-მა ამ რეიტინგში არ შეიყვანა არაბთა გაერთიანებული საემიროების, საუდის არაბეთის და რეგიონის სხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების წარმომადგენლები და დიქტატორები, რომელთა სიმდიდრეც თავიდან ბოლომდე მათი ძალაუფლებით არის განპირობებული. მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საემიროების ხალიფა,  ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი და საუდის არაბეთის მეფე, აბდულა ბინ აბდულ აზიზ ალ სეიდი მილიარდერთა სიის ნაცვლად მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთა რეიტინგში არიან შეყვანილი. აღსანიშნავია ისიც, რომ სიაში ჯერჯერობით არცერთი წარმომადგენელი არ ჰყავთ ბაჰრეინს, ირანს, ერაყს, იორდანიას, ყატარს, სირიას და იემენს.

(ფოტოები: Forbes.com)